ფულის წვეთოვანი

ნებისმიერი სახელმწიფო სუბსიდიის კრიტიკული ანალიზი შესაძლებელია შემდეგ მოსაზრებაზე დაყრდნობით: მე მთავრობაზე ჭკვიანი ვარ, შესაბამისად, როცა მთავრობა ისეთ რამეში იხდის ფულს, რასაც ჩემით არ ვიზამდი, ეს „რამე” (თითქმის ყოველთვის) აშკარა სისულელეა.

ამერიკელი პოლიტიკური სატირიკოსის, პ.ჯ. ო’რურკის მიერ ჩამოყალიბებული ამ პრინციპით ნებისმიერი მთავრობის ქმედებების ანალიზი შეიძლება, მათ შორის, ჩვენისაც, რომელიც წელს სოფლის მეურნეობის სუბსიდირებას აპირებს. ცოტა ხნის წინ პრეზიდენტმა მთავრობას მოუწოდა „აგრარულ შტაბადაც” კი გადაქცეულიყო.
 
ხელისუფლების ეს შემართება მე რამდენიმე მიზეზის გამო არ მომწონს. პირველ რიგში, დავიწყოთ იქიდან, რომ ეროვნული სოფლის მეურნეობის მიმართ უკვე წლებია ტარდება პროტექციონისტული (არალიბერალური) საბაჟო პოლიტიკა: სურსათის იმპორტის დიდი ნაწილი იბეგრება მაქსიმალური საბაჟო განაკვეთით. გარდა ამისა, გლეხებისგან ყურძნის შესყიდვის მაღალ ფასს ნაწილობრივ სახელმწიფო აფინანსებს. სახელმწიფოვე ყოველ წელს უფასოდ ამარაგებს გლეხებს სათესლე მასალით. გლეხების საკუთრებაში არსებული სახნავ-სათესი თითქმის მთელი მიწა
 
გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან. ამ ჩამონათვალის გაგრძელება შეიძლება, მაგრამ, რაც ითქვა, ისიც საკმარისია იმის მისახვედრად, რომ სახელმწიფო დახმარება არ მუშაობს. საქართველოს სოფლის მეურნეობა კვლავაც რჩება ეკონომიკის არაეფექტიან, ჩამორჩენილ დარგად, რომელშიც დასაქმებული მოსახლეობის თითქმის 50% მთლიანი შიდა პროდუქტის მხოლოდ 10%-ს აწარმოებს.
 
დარწმუნებული ვარ, რომ მთავრობის აგრარულ შტაბად გადაქცევა და ამ შტაბის (თუნდაც წვეთოვანი) პროექტების დამატებითი 150 მილიონი ლარით დაფინანსება სიტუაციას კარდინალურად ვერ შეცვლის. ზოგიერთ შემთხვევაში – და ეს სწორედ ასეთი შემთხვევაა – მედიკამენტის დოზის მომატებას (სულ მცირე) აზრი არა აქვს. 
 
სხვას რომ თავი დავანებოთ, ეკონომიკა კომპიუტერული თამაში არ არის, სადაც, რამე თუ შეგეშლება, შეიძლება გამორთო და მანამდე შენახულ ვერსიას დაუბრუნდე (ჩვენს შემთხვევაში ეს იქნებოდა, ალბათ, 2007 წლის ეკონომიკური მდგომარეობა). რეალურ ცხოვრებაში ეკონომიკაში ნებისმიერი ჩარევა აისახება ამ და მომავალ თაობებზე. არასდროს არის გარანტია, რომ ეს თაობები იხეირებენ. პირიქით, როგორც მსოფლიო გამოცდილება გვაჩვენებს, უფრო მოსალოდნელია, რომ იზარალებენ. თუნდაც იმიტომ, რომ ჩარევისთვის საჭირო ფულს სახელმწიფო, როგორც წესი, ვალად იღებს, რომელიც სწორედ შემდგომმა თაობებმა უნდა დააბრუნონ საკუთარი გადასახადებით. 
 
პ.ჯ. ო’რურკს რომ დავუბრუნდეთ: სახელმწიფო სუბსიდირება (პირდაპირი თუ არაპირდაპირი, ყურძნის შესყიდვა თუ წვეთოვანი სარწყავი სისტემების დაყენება) სოფლის მოსახლეობაში სამეწარმეო ჟინს კლავს. სახელმწიფო დახმარება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების ძიების მოტივაციას სპობს. ამიტომაცაა, რომ საქართველოში ჯერ კიდევ აქტუალურია შუა საუკუნეებიდან შემორჩენილი ტერმინი „ქართველი გლეხი” და არა 21-ე საუკუნისადმი უფრო შესაფერისი „ქართველი ფერმერი”.
 
რონალდ რეიგანმა ერთხელ თქვა, რომ ინგლისურ ენაში ყველაზე სახიფათო 9 სიტყვაა: I’m from the government and I’m here to help. ჩემი აზრით, ეს სიტყვები ქართულადაც ძალიან სახიფათოდ ჟღერს: თუ ვინმე მოვიდა თქვენთან და გეუბნებათ „მე მთავრობიდან ვარ და მინდა დაგეხმარო”, ამაზე ყველაზე კარგი პასუხია „თავი დამანებე!”

კომენტარები