ფუკუშიმა 1-ზე წყალში რადიოაქტიური ნივთიერებების ოდენობა დასაშვებზე 10 ათასჯერ მაღალია

#fbimage#http://www.tabula.ge/media/image/news_images/fuku.png##fbimage#
ფუკუშიმას ატომურ ელექტროსადგურზე წყალში რადიოაქტიური ნაწილაკების შემცველობა ნორმას 10 ათასჯერ აღემატება, იუწყება იაპონიური საინფორმაციო სააგენტო კიოდო. გუშინ ცნობილი გახდა, რომ რადიოაქტიური ნივთიერებებით დაბინძურებული წყალი ელექტროსადგურში მომუშავე სამ მუშას რეზინის ფეხსაცმელებში შეუვიდათ. ორი მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

იაპონიის ხელისუფლებამ კი ფუკუშიმა-1-დან 30 კილომეტრის რადიუსში მცხოვრებ მოსახლეობას ადგილის დაუყოვნებლივ დატოვებისკენ მოუწოდა. როგორც იაპონიის მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა განმარტა ეს მოწოდება რადიაციის დონის მომატებას კი არ უკავშირდება, არამედ იმას, რომ შესაძლოა, პრობლემები იყოს მოსახლეობის ამ ნაწილისთვის საკვებისა და პირველადი მოხმარების საგნების მიწოდების მხრივ.

იაპონიაში 11 მარტს მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის მსხვერპლთა რიცხვი, ბოლო მონაცემებით, 10 ათასამდე გაიზარდა. დაკარგულად კი 17 ათასზე მეტი ადამიანი ითვლება.

კომენტარები