ეგვიპტეში დაკავებულ დემონსტრანტ ქალებს „ქალიშვილობის ტესტის” გავლას აიძულებდნენ

ადამიანის უფლებათა დამცველმა ორგანიზაციამ, Amnesty International-მა ეგვიპტის ხელისუფლებას გასულ თვეს ქაიროში საპროტესტო აქციაზე დაპატიმრებული ქალების წამების ფაქტი გამოიძიოს. ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, 9 მარტს ქაიროს ცენტრალურ მოედანზე მიმდინარე აქცია პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, ხოლო 18 დემონსტრანტი ქალი დააპატიმრა.

აქციის მონაწილე ქალების თქმით, მათ პოლიციის განყოფილებაში ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და „ქალიშვილობის ტესტის“ გავლა აიძულეს. 20 წლის სალვა ჰოსეინის თქმით, პოლიციელმა ქალმა მას და სხვა დაკავებულებს აიძულა ტანისამოსი ჯარისკაცების თვალწინ გაეხადათ, ხოლო მათ, ვინც ქალწული არ აღმოჩნდებოდა, პროსტიტუციის ბრალდების წაყენებით დაემუქრა.

„ქალების იძულება გაიარონ „ქალიშვილობის ტესტი“ სრულიად მიუღებელია. მისი მიზანია ქალების დამცირება იმის გამო, რომ ისინი ქალები არიან,“ ნათქვამია Amnesty International-ის განცხადებაში „ქალებს და გოგონებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა თავიანთი აზრები გამოხატონ ეგვიპტის მომავალთან დაკავშირებით დაკავების, წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის გარეშე.“
 

კომენტარები