თეატრის საერთაშორისო დღე და Second Hand-ი

27 მარტს მსოფლიო თეატრის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს მოვლენა ძველი ბერძნული თეატრის წარმოშობას, დიონისიებს უკავშირდება. ტრადიციად ჩამოყალიბებული ინიციატივა, 1948 წელს იუნესკოს დაარსებულ თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტს ეკუთვნის. ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებში ეროვნული ცენტრები ჩამოყალიბდა, 1962 წელს კი თეატრის საერთაშორისო დღე მსოფლიოს პირველად ჟან კოკტომ მიულოცა.

მის მსგავსად, თეატრალებს შეტყობინება სხვადასხვა დროს არტურ მილერმა, ლორენს ოლივიემ, პიტერ ბრუკმა, დიმიტრი შოსტაკოვიჩმა, პაბლო ნერუდამ, ლუკინო ვისკონტიმ, რიჩარდ ბარტონმა, ვაცლავ ჰაველმა, რობერტ ლეპაჟმა, ჯუდი დენჩმა და სხვებმა გაუგზავნეს. 2011 წელს მსოფლიოში საკუთარ სიტყვას აფრიკული თეატრის ცნობილი წარმომადგენელი, დრამატურგი, მსახიობი და რეჟისორი ჯესიკა კააჰვა (უგანდა) გაავრცელებს.  

საქართველოში თეატრის საერთაშორისო დღის აღნიშვნის ტრადიცია თეატრმცოდნე ვახტანგ ქართველიშვილის სახელს უკავშირდება. მისი ინიციატივით, ქვეყანა, გასული საუკუნის 70-იან წლებში, 27 მარტს მსოფლიოს მასშტაბით ორგანიზებულ ღონისძიებათა ციკლს სატელევიზიო გადაცემის საშუალებით უერთდებოდა. მოგვიანებით, ტრადიცია შეწყდა და 1995 წელს ჯერ სატელევიზიო გადაცემის სახით აღდგა (რომლის ფარგლებში ქართველმა მაყურებელმა პინა ბაუშისა და პიტერ შტაინის ნამუშევრები, ასევე, ჰოლანდიური და ბელგიური ავანგარდის ნიმუშები პირველად ნახა), შემდეგ კი თეატრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი “თეატრს + ვიდეო” დაარსდა. ერთი კვირის განმავლობაში მაყურებელს მსოფლიოს სასცენო ხელოვნების საუკეთესო ნიმუშების ნახვის საშუალება ეძლეოდა. ასევე, ეწყობოდა ლექციები, ვორქშოფები და მასტერკლასები. აღსანიშნავია, რომ 1998 წელს, ფესტივალის ფარგლებში, პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველად, სწორედ საქართველოში წაიკითხა ლექციები ცნობილმა გერმანელმა თეატრმცოდნემ, ისტორიკოსმა და თანამედროვე თეატრალური ხელოვნების თეორეტიკოსმა ჰანს-ტის ლემანმა.

1996 წლიდან საქართველოში თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტის ნაციონალური ცენტრის პრეზიდენტი რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილია, გენერალური მდივანი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ლევან ხეთაგური.

90-იანი წლების შემდეგ ფესტივალი “თეატრს + ვიდეო”  საქართველოში აღარ ტარდებოდა. წელს მის აღდგენას ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი გეგმავს. 27 მარტიდან, რამდენიმე დღის განმავლობაში, თეატრალური ხელოვნების ნიმუშებს (ჩანაწერის სახით) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შემოგვთავაზებენ.

ტრადიციას არ ღალატობს რუსთაველის თეატრი. წინა წლებში ორგანიზებული გამოფენების სერიას ამჯერად თემო ნინუას Second Hand-ი გაამდიდრებს. თეატრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ექსპოზიცია 25 მარტს, 18:00 საათზე გაიხსნება.

ამ დღეს თეატრის ფოიეში სცენოგრაფის მიერ გაფორმებული სპექტაკლების ესკიზები გამოიფინება. მხატვარს სურვილი აქვს ექსპოზიციას კონცეპტუალური დატვირთვა მიანიჭოს და გააცოცხლოს სურათი რუსთაველის თეატრში დადგმული “სტიქსიდან”. ის, რასაც სცენოგრაფი მხოლოდ კონკრეტული წარმოდგენისთვის ამზადებს, მისი განხორციელების შემდეგ დამოუკიდებელ მნიშვნელობას კარგავს და ერთი შეხედვით, მეორადი ხდება. ამიტომაც დაარქვა თემო ნინუამ ექსპოზიციას Second Hand-ი.

თბილისის სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულმა რუსთაველის თეატრში მუშაობა ოფიციალურად 1982 წლიდან დაიწყო. იმ დროისთვის პრაღის კვადრენალეს ოქროს მედალი უკვე მიღებული ჰქონდა. ის 1980 და 2000 წლებში წლის საუკეთესო მხატვარი გახდა, 2010 წელს კი – წლის საუკეთესო სცენოგრაფი. ნინუას მიერ გაფორმებული წარმოდგენებიდან აღსანიშნავია: “დაკრძალვა კალიფორნიაში”, “ას ერგასის დღე”, “იყო მერვესა წელსა”, “ჯარისკაცი, სიყვარული, დაცვის ბიჭი და... პრეზიდენტი”, “თორმეტი განრისხებული მამაკაცი”, “ჭალას ჩიტი მომკვდარიყო” (რ. სტურუა), “სამანიშვილის დედინაცვალი”, “ჰამლეტი” (გ. ჟორდანია) და ა.შ.

რუსთაველის მსგავსად, 27 მარტს სხვა თეატრებიც აღნიშნავენ და ამ დღეს, ბოლო პერიოდის პრემიერებს, ან მიმდინარე რეპერტუარიდან ამორჩეულ დადგმებს გვთავაზობენ. ცნობილია, რომ 27 და 28 მარტს მარჯანიშვილის თეატრის სხვენში, თბილისის მერიის მხარდაჭერით ტრადიციული ეტიუდების ფესტივალი გაიმართება. იგი წელს მესამედ ტარდება. ორი დღის განმავლობაში სტუდენტები 20-25 ეტიუდს გაითამაშებენ. საუკეთესო რეჟისორსა და მსახიობებს ჟიური 28 მარტს, ფესტივალის დახურვისას გამოაცხადებს. წლევანდელ ღონისძიებაში მონაწილეობას აზერბაიჯანისა და სომხეთის სახელმწიფო სახელოვნებო სასწავლებლების სტუდენტებიც მიიღებენ.

კომენტარები