საპენსიო კონტრრევოლუცია

საქართველოს მთავრობა, 2013 წლიდან, პენსიების 100 დოლარამდე მომატებას გეგმავს. ეს ხარჯებს 900 მილიონი ლარით გაზრდის. ფინანსთა სამინისტრომ წარმოადგინა პროექტი, რომლის მიხედვითაც, რესურსის მოზიდვას, სპეციალურად შექმნილი ფონდის საპენსიო ანგარიშზე 10%-იანი სავალდებულო შენატანის დაწესებით აპირებს. ახალი ინიციატივა განხილვის ადრეულ სტადიაშია და ჯერჯერობით არანაირი გადაწყვეტილება არ მიღებულა. 

წარმოდგენილი პროექტი მმართველი პარტიის მიერ დეკლარირებულ ლიბერალურ კურსს პირდაპირ ეწინააღმდეგება. ამ კურსის მდგრადობა პრეზიდენტის მიერ ინიცირებულმა ეკონომიკური თავისუფლების აქტმა უნდა უზრუნველყოს, რომლის მთავარი გზავნილიც სტაბილურად დაბალი გადასახადებია. აქტის მთავარი პრინციპი ისაა, რომ ახალი გადასახადის შემოღება ან არსებულის გაზრდა მხოლოდ ხალხის ნებართვით – რეფერენდუმის გზითაა შესაძლებელი. მიუხედავად იმისა, რომ დადგენილ განაკვეთს გადასახადის ნაცვლად, საპენსიო შენატანი ჰქვია, ამით არსი არ იცვლება. გაზრდილი გადასახადი, რა სახელიც უნდა ვუწოდოთ მას, საინვესტიციო კლიმატს გააუარესებს. 

საქსტატის მონაცემებით, მოსახლეობის 13% არის დაქირავებული, 24% – თვითდასაქმებული, 16% კი – უმუშევარი. ახალი პროექტის მიხედვით, დამქირავებელიც და დაქირავებულიც 5-5%-ს გადაიხდის. სავალდებულო საპენსიო შენატანი მზარდი იქნება და 2020 წლისათვის შედარებით მდიდარი მოქალაქეებისთვის 10%-ს მიაღწევს. ამგვარად, საგადასახადო ტვირთი ყველაზე მეტად წარმატებულ და პროდუქტიულ ადამიანს დააწვება. 
 
თუ დამქირავებელი სახელფასო ფონდს ვერ გაზრდის, ის ან კადრებს შეამცირებს, რაც უმუშევრობის დონეს კიდევ უფრო აამაღლებს, ანაც – დაქირავებულის ხელფასს. ამით სახელმწიფო ბიუჯეტს დამქირავებელი დაახლოებით იმდენივეს გადაუხდის, რასაც 20%-იანი საშემოსავლო გადასახადის პირობებში შეიტანდა.
 
ფინანსთა მინისტრის მიერ წარმოდგენილი პროექტის მიხედვით, 2011 წელს ასაკით პენსიონერები 90-130 ლარამდე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პენსიონერები 70-120 ლარამდე მიიღებენ. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ომის მონაწილე პენსიონერები 129-169 ლარამდე, დანარჩენი პენსიონერები – 55-95 ლარამდე, არაპენსიონერი ღარიბი მოსახლეობა კი – 40 ლარამდე მიიღებს. 2020 წელს ასაკით პენსიონერებისთვის დახმარება 198-316 ლარს მიაღწევს. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პენსიონერებს 103-316 ლარამდე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ომის მონაწილე პენსიონერებს 213-331 ლარამდე, დანარჩენს – 78-195 ლარამდე, არაპენსიონერ ღარიბ მოსახლეობას კი – 3-146 ლარამდე დახმარება განესაზღვრება.
 
ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირება, რომ ყველა პენსიონერი 100-დოლარიან პენსიას მიიღებს, ახალი სქემის მიხედვითაც მთლიანად ვერ სრულდება. რეფორმის სამუშაო ვერსიით, 2012-2013 წლებში, საპენსიო პაკეტი ეტაპობრივად გაიზრდება და 2013 წლის იანვრიდან, დაპირებულ 100 დოლარს მხოლოდ გაჭირვებული მოსახლეობისთვის მიაღწევს. 
 
ფინანსთა სამინისტროს გათვლით, ვინც ყოველთვიურად 208 ლარს დაზოგავს, მას საპენსიო დანამატის სახით 284 ლარი ექნება. თუ დანაზოგი 121 ლარია, დანამატის სახით 190 ლარი გაიცემა. 
 
ფინანსთა სამინისტროს პროექტით, ადამიანს ერთმევა არჩევანის საშუალება ფული მისთვის უფრო ხელსაყრელი ფორმით დააბანდოს – შვილის განათლებაში ჩადოს, უძრავი ქონება ან ოქრო შეიძინოს. 
 
ამას გარდა, მაღალი ინფლაციის პირობებში, „დაგროვება” შეუძლებელია, რადგან ფულის მსყიდველუნარიანობა იკლებს. შემდეგი 20 წლის მანძილზე, ფინანსთა სამინისტროს პროგნოზით, ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 4% იქნება. თუ გავითვალისწინებთ ინფლაციასაც, რომლის საშუალო მაჩვენებელიც ბოლო 12 წლის მანძილზე წლიურ 7.3%-ს შეადგენდა, გამოდის, რომ  „დაგროვებას” აზრი არ აქვს. 
 
სახელმწიფოს, ევროპული საფონდო ბირჟიდან ამ ფულის სესხება ბევრად უფრო იაფი დაუჯდება –  დღეს ევრობონდის განაკვეთი 7.5%-ია.
მინისტრის მიერ წარმოდგენილი რეფორმის პოლიტიკური ფასიც მაღალია: პენსიებთან ერთად, სოციალური დახმარებების ზრდაც იგეგმება. შესაძლებელია, გაზრდილი ვალდებულებების დასაფარავად, სახელმწიფოს გადასახადის მომატება კიდევ მოუწიოს. საეჭვოა, გაზრდილმა გადასახადებმა კერძო ინვესტიციებს შეუწყოს ხელი.
 
ვისაც უახლოესი 30 წლის მანძილზე პენსიაზე გასვლა მოუწევს, მარჩენალ სახელმწიფოში – საბჭოთა კავშირშია გაზრდილი. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი თვლის, რომ სიბერის უზრუნველყოფა არა ინდივიდის, არამედ მთავრობის ვალდებულებაა და ამ საზრუნავის საკუთარ თავზე აღებას კმაყოფილებით არ შეხვდება.
 
რეფორმის სამუშაო ვერსიის მიხედვით, 2014 წლიდან ქალების საპენსიო ასაკი გაიზრდება. ეს განსაკუთრებით მტკივნეულად, თვითდასაქმებულ ქალებს – პირველ რიგში სოფლად მცხოვრებლებს – შეეხება. ისინი აქამდე, საპენსიო ასაკის მიღწევის შემდეგ, სახელმწიფოსგან გარკვეულ თანხას ავტომატურად იღებდნენ, ამ სქემით კი – 5 წლის განმავლობაში, ამ ფულს დაკარგავენ.  
 
წარმოდგენილი პროექტით 2015 წლის 1 იანვრიდან პენსია აღარ დაენიშნებათ ახალ პენსიონერებს, იმ ადამიანებს, ვინც იმ დროისთვის პენსიაზე გავა, გარდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფებისა. სამაგიეროდ, ისინი 2-ლარიან სადაზღვევო ვაუჩერს მიიღებენ. როგორც თავად ფინანსთა სამინისტროს პროექტშია აღნიშნული, “პენსიების გაუქმება მოსახლეობის უმრავლესობის უკმაყოფილებას გამოიწვევს”. 
 
კარგი ისაა, რომ ფინანსთა სამინისტრო ამ პროექტს სამუშაო ვერსიას უწოდებს. ის ოფიციალურ კომენტარს ნაადრევად მიიჩნევს. თუმცა რუსთავი 2-ის პროგრამა PS-მა საზოგადოებას ამ ინიციატივის შესახებ უკვე ამცნო და პროექტის პრეზენტაციაც გაავრცელა. 

კომენტარები