ტრამპის ოქროს სტანდარტი საქართველოში

საქართველოში ორი Trump Tower აშენდება. ხელშეკრულებას ამერიკელ მაგნატ დონალდ ტრამპთან, ნიუ იორკის Trump Tower-ში მოეწერა ხელი. ხელმოწერას ტრამპის ქართველი პარტნიორი ორგანიზაციის – Silk Road ჯგუფის თავმჯდომარე, გიორგი რამიშვილი და საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდნენ. 

მხარეები გარიგებას 300 მილიონ აშშ დოლარად აფასებენ. The Trump Tower Tbilisi ვარდების მოედანზე აშენდება. The Trump Riviera კი, რომელიც კაზინოს, საგამოფენო დარბაზს და ნავმისადგომს მოიცავს – ბათუმში. თითოეულ კორპუსში 40 სართული და 100 საცხოვრებელი აპარტამენტი იქნება. შენობები საშუალო ნიუ იორკულ სტანდარტებში თავსდება, თუმცა საქართველოში ეს შენობები ყველაზე მაღალი იქნება.

გარიგების მიხედვით, დონალდ ტრამპი ამ შენობებს არ ააშენებს. ის Silk Road ჯგუფს საკუთარი სახელის გამოყენების ლიცენზიას მისცემს (რამდენად შეიძინა Silk Road ჯგუფმა ბრენდი, ჯერ არ ხმაურდება) და პროექტების მართვას თავის თავზე აიღებს. ტრამპი პარტნიორ კომპანიას მარკეტინგსა და გაყიდვებშიც დაეხმარება.
 
Silk Road ჯგუფი პროექტების ღირებულების 25%-ს თავად დაფარავს. ნაწილს კერძო ინვესტორებისგან, დანარჩენს კი – ტრამპისგან, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ბანკებისაგან მოიზიდავს.  
 
საქართველო შავი ზღვის რეგიონში პირველი ქვეყანაა, სადაც ტრამპის ბრენდი შემოვა. ხელშეკრულების ხელმოწერისას, ამერიკელმა მაგნატმა აღნიშნა, რომ „საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმების შედეგად, ქვეყანა იმსახურებს ინვესტორების ნდობას და მსხვილ ინვესტიციებს”. 
ამჟამად საქართველო ბიზნესის წარმოების სიადვილით მსოფლიოში მე-12 ადგილზეა, გასულ წელს ნომერ პირველ რეფორმატორ ქვეყნად დასახელდა, კორუფციის აღქმის ინდექსი 2004-2010 წლებში 67 პუნქტით გააუმჯობესა, შედარებით ახალგაზრდა ტურიზმის სექტორმა კი 2010 წელს 23 კონკურენტული უპირატესობა მოიპოვა.
 
საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, დონალდ ტრამპთან გაფორმებული ხელშეკრულება სხვა ამერიკელ ბიზნესმენებს საქართველოს ტურიზმისა და სატრანსპორტო გადაზიდვების სექტორებში ინვესტირებისკენ უბიძგებს, რაც „საქართველოს ეკონომიკის მომავალია”.

კომენტარები