„გამჭვირვალობის” ფუჭი ბერკეტი

 მედიის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა, რასაც პარლამენტი 11 მარტის სხდომაზე გეგმავდა, გადაიდო. ამის მიზეზი, საპარლამენტო ოპოზიციის ახალი წინადადება გახდა.

ქრისტიან-დემოკრატი დეპუტატის, ლევან ვეფხვაძის განცხადებით, აუცილებელია კანონში ჩაიდოს მოთხოვნა, რომ მაუწყებლებმა აუდიტი საერთაშორისო ბუღალტრული სტანდარტების შესაბამისად ჩაატარონ, რათა “ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდეს შესაძლებლობა გაეცნოს თითოეული მაუწყებლის ფინანსების გამჭვირვალობას და წარმომავლობას”.

გაურკვეველია, როგორ აპირებს ვეფხვაძე საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებული აუდიტის მეშვეობით თანხების წარმომავლობასთან გაცნობას – აუდიტორული შემოწმების დანიშნულება მხოლოდ კომპანიაში ფინანსური აღრიცხვის სისწორის დადგენა და დარღვევების გამოვლენაა და არა ამა თუ იმ ტელეკომპანიის მიერ მიღებული ფინანსების წარმომავლობის შესწავლა.

უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ამ საკითხზე პრინციპული თანხმობა მიღწეულია და კანონპროექტში ახალი ფორმულირებები დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში შეჯერდება. „ვფიქრობ, შეთანხმებასთან ძალიან ახლოს ვართ”, – განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ უმცირესობასთან გამართული კონსულტაციების შემდეგ. პავლე კუბლაშვილი ვარაუდობს, რომ მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებების პროექტს სამივე მოსმენით პარლამენტი თვის ბოლომდე მიიღებს.

მაუწყებლობის შესახებ ამჟამად მოქმედი კანონი მაუწყებლებს კომუნიკაციების ეროვნული კომისიისთვის ყოველწლიური ანგარიშისა და აუდიტის დასკვნის წარდგენას ავალდებულებს. საჭიროების შემთხვევაში კომისიას უფლება აქვს მაუწყებლისგან დამატებითი ინფორმაციაც მოითხოვოს. კერძოდ, „ლიცენზიის მფლობელისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია მის მიერ საქართველოს კანონმდებლობის, სალიცენზიო პირობებისა და ქცევის კოდექსის მოთხოვნათა შესრულების შესახებ”.

უფრო მეტიც, თუ მაუწყებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები არასრულ სურათს ქმნის ან ეჭვს ბადებს, კომისიას შესაძლებლობა აქვს აუდიტორული კომპანია თავად მოიწვიოს დოკუმენტების შესასწავლად. ცალკე საკითხია რამდენად უჩნდება კომისიას სურვილი კანონით მინიჭებული უფლებამოსილებით ისარგებლოს.

ვეფხვაძეზე შორს მიდის მედიაგარემოს გაუმჯობესებაზე მზრუნველი საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც ლაშა ტუღუში წარმოადგენს. მათ მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, მაუწყებლებმა აუდიტის ჩატარება საქართველოში მოქმედი საერთაშორისო აუდიტორული კომპანიების ფილიალებს – ე. წ. დიდი ოთხეულის (PriceWaterhouseCoopers, Ernst & Young, Deloitte, KPMG) – წარმომადგენლობებს უნდა მოსთხოვონ. აუდიტორული დასკვნა კი, კომპანიის წლიურ ანგარიშთან ერთად, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას უნდა წარედგინოს და საჯაროდ გამოქვეყნდეს. ინიციატივის ავტორები მიიჩნევენ, რომ მაუწყებლების მიერ კომისიაში წარდგენილი ფინანსური ანგარიშის სისწორის დადასტურება პრესტიჟული აუდიტორული კომპანიის მიერ, ფინანსური გამჭვირვალობის დამატებითი ბერკეტი გახდება.

ჩვეულებრივ, მსხვილი კომპანიების მომსახურების (წლიური აუდიტის) საფასური 10-15 ათასი ლარიდან რამდენიმე ათეულ ათას ლარამდე მერყეობს. მომსახურების მინიმალური ღირებულება 3-4 ათას ლარს შეადგენს, ვინაიდან, კლიენტი კომპანიის სიდიდისა და წლიური ბრუნვის მიუხედავად, აუდიტორებს საკუთარი პერსონალის შრომის ანაზღაურება მაინც მოუწევთ. საერთაშორისო აუდიტის ჩატარება ნაციონალურ მაუწყებლებს დიდ ტვირთად არ დააწვება, მაგრამ პრობლემებს შეუქმნის რეგიონულ ტელეკომპანიებს.

საქართველოს რეგიონული ტელეკომპანიების უმრავლესობის მატერიალური შესაძლებლობები ძალზე მწირია, – განაცხადა ტაბულასთან საუბრისას ტელეკომპანია გურჯაანის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ალექსიშვილმა. მისი თქმით, კომპანიისთვის, უსახსრობის გამო, პრობლემას წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტებით ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება, წლიურ აუდიტორულ შემოწმებაში 3-დან 5 ათას ლარამდე თანხის გადახდა კი „ფიზიკურად შეუძლებელია”.

„ჩვენ მედიის ფინანსური გამჭვირვალობის პრინციპული მოწინააღმდეგეები არ ვართ, მაგრამ ეს მოთხოვნა უნდა გადაიხედოს”, – აცხადებს ტელეკომპანიის დირექტორი. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, „გამჭვირვალობის ნაცვლად, რეგიონული ტელეკომპანიების ფინანსური მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებას მივიღებთ”.

კანონპროექტში „საერთაშორისო სტანდარტების აუდიტის” ცნების გათვალისწინებაც, როგორც ამას საპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვს, არაფერს ცვლის. როგორც ტაბულასთან საუბრისას საქართველოს პარლამენტთან არსებული აუდიტორული საქმიანობის საბჭოს თავმჯდომარემ, ელგუჯა აფრიდონიძემ განმარტა, საქართველოში მოქმედი ყველა აუდიტორი სერტიფიცირებას საერთაშორისო სტანდარტებით გადის.
მისი თქმით, ქვეყანაში 120-მდე აუდიტორული კომპანია მოქმედებს. მათ მიერ გაცემული დასკვნები კი, კანონმდებლობის თანახმად, საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება, ვინაიდან სერტიფიცირებული აუდიტორის მიერ არის გაცემული.

მაუწყებლობის შესახებ კანონში ცვლილებები პარლამენტმა დეკემბერში პირველი მოსმენით ერთხმად მიიღო. კანონპროექტის თავდაპირველი ვარიანტის მიხედვით, ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებს ტელევიზიების 10%-მდე წილის ფლობის უფლება ეძლეოდა. თუმცა, საბოლოოდ, უმრავლესობამ გაითვალისწინა ოპონენტთა შენიშვნები. მაუწყებლებში წილის ფლობა საერთოდ აეკრძალა გარკვეული ტიპის ტერიტორიებზე რეგისტრირებულ პირებს: კერძოდ, სადაც „დაცულია იურიდიული პირის საკუთრებისა და საქმიანობის კონფიდენციალობა”, ან მოგებისა და საშემოსავლო გადასახადები საქართველოსაზე ორჯერ და მეტად მცირეა.

იმ შემთხვევაშიც, თუ კანონმდებლობით სამაუწყებლო კომპანიების მფლობელთა, მათ მფლობელთა, მათ მფლობელთა და ა.შ. სრული გამჭვირვალობა დაწესდება, მედიის ირიბი და არალეგალური გზებით დაფინანსების შესაძლებლობა მაინც რჩება – მაგალითად, ჟურნალისტებთან ან პროდიუსერებთან ფინანსური გარიგებების გზით.

 

კომენტარები