P.S. – მიყვარხარ

NHL-ის ყველა გუნდში, მთელ ორგანიზაციაში არიან ბიჭები, რომლებიც ბევრმილიონიან კაცებზე ადრე გადიან ყინულზე. გადახედავენ თეთრ არენას, საყვარელი გუნდის კეპით ყინულის მტვერს აიღებენ (ტრადიციაა) და იქაურობას ტოვებენ. მალე იქ გლადიატორები გავლენ. რიდლი სკოტს ისტორიის და მაქსიმუსის როლის გახუნებული რასელით გაუბრალოების ნაცვლად, ფილმი ამ ხალხზე უნდა გადაეღო. მერე თეთრი უბნის გარჩევები მთავრდება და ყინულზე ისევ ის ბიჭები გადიან. ყინულს გადახედავენ, მონეტებს და სხვა უცხო საგნებს მოაგროვებენ. თუ რომელიმე ფანმა ყინულზე ყავა გადმოასხა, იმ ადგილს გაცვეთამდე მოაპრიალებენ, ლაქას გააქრობენ და კეპით, აუცილებელ რიტუალსაც ჩაატარებენ. როდესაც ყინულზე ბობ პრობერტი გადიოდა, ის ბიჭები წითელ ლაქებს აქრობდნენ. ისევე, როგორც ბობი მანამდე სხვას, სხვებს, მთელ გუნდს აქრობდა. ბობი 45 წლის ასაკში, საკუთარ იახტაზე, ოთხი შვილის და სიმამრის გასეირნების დროს გარდაიცვალა. ლიგამ ისტორიაში ყველაზე დიდი ჩეკერი, „პოლიციელი” დაკარგა.

2002.07.03. ბობიმ კარიერაში ბოლო შაიბა გაიტანა. ბოლოჯერ მიიღო გამოწვევა და არენის ცენტრში კოლორადოს თინეიჯერი ჩეკერი მილეწა. პრობერტს ეხვეწებოდნენ, სერ, მხოლოდ ერთხელ ვიჩხუბოთ, რამდენიმე ფოტოს გადამიღებენ და მეტჯერ არ შეგაწუხებთო. ბობის ეცინებოდა, ხელთათმანს იხსნიდა და მთხოვნელს ფოტოსესიაში ეხმარებოდა. მძიმე, სისხლიან, დაუნდობელ ფოტოსესიაში. შეხვედრის შემდეგ, ბობი გვირაბში შერბოდა და პირველ რიგში, მოწინააღმდეგის გასახდელში უნდა შესულიყო, გაეგო, როგორ გრძნობდა თავს მასთან ჩხუბის შემდეგ ის, მეორე. როდესაც დარწმუნდებოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო, რომ მეორე პოლიციელის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა, საკუთარი გუნდის გასახდელში შედიოდა. შხაპის მიღებამდე უნდა დაერეკა ცოლისთვის. „დანი, როგორ ხარ, საყვარელო? ჩემმა ლეკვებმა მამიკოს ხომ არ უყურეს? მშვენიერია. არ უნდა ნახონ, რომ მამიკო სხვებს არ ინდობს. ამას ვერ გაიგებენ. იცი, როგორ მომენატრე? მიყვარხარ. მენატრები”. შემდეგ, ნატკენ, ხშირად გატეხილ სახეზე ყინულის ბალიშებს იდებდა.

  2011.07.03. უინსდორის სასაფლაოსთან 7 მანქანა მიაყენეს. დანი პრობერტი მანქანიდან სტივ აიზერმანმა გადმოიყვანა. ბობი „პოლიციელი” სტივის გამო გახდა. ერთ ეპიზოდში აიზერმანს ცხვირი გაუტეხეს და ბობიმ ძმაკაცი დაიცვა.

სამი წლის წინ ბობიმ უინსდორის აეროპორტში 15 წლის ლენდონ პიტერსონი სამ პოლიციელს გამოგლიჯა ხელიდან. ოფიცრებს მოეჩვენათ, რომ ბიჭი იოგურტს იპარავდა. ბობიმ ლენდონი სახლში წაიყვანა, შვილები გააცნო, სამი დღით დაიტოვა. მეოთხე დღეს რედ უინგზის კეპი და 1968 წლის დოჯ ჩარჯერი აჩუქა. ლენდონმა სასაფლაოსთან ჩარჯერი მოაყენა. იქვეა ალბანელი ტაი დომი. ბობიმ ის ხუთჯერ გალახა, დომიმ პრობერტს სამჯერ მოუგო. მეათე გარჩევის შემდეგ დაძმაკაცდნენ და აღარ უჩხუბიათ. დომი ცალი თვალით ვერ ხედავს. ბობის დარტყმის შემდეგ ვერ ხედავს. მეორე თვალით ტაი თავის ყველაზე ერთგულ ძმაკაცს ვერ ხედავს.

7 მარტი ბობის დღეა. აიზერმანმა საფლავზე შავი ვარდი დადო, სათვალე მოიხსნა. რაღაც უნდა ეთქვა და ვერ თქვა. დანი პრობერტს ხელი გადახვია, შუბლზე აკოცა და სახე ხელებში ჩარგო. სტივი ტირის. სულ ტირის. სულ, როდესაც ბობის საფლავზე ადის და დაუნდობელი მეომრის კეთილი, სიყვარულში ჩარგული თვალები ახსენდება.

ლენდონ პიტერსონმა მოიხსნა რედ უინგზის კეპი, საფლავს გადახედა. რამდენიმე კენჭი მოისროლა (ტრადიციაა), მიწა აიღო, აკოცა, ჯიბეში ჩაიყარა. ყველა იმავეს აკეთებს. ყველას ბობის სითბო მიაქვს და ამ სითბოთი იძინებს. ტაი დომის მეორე თვალზე ცრემლის ნიღაბი აქვს. ვიღაცამ უნდა მოაშოროს.

დანიმ ამოიღო მობილური და ტექსტური შეტყობინება გაუშვა ბობის ნომერზე: „P.S. – მიყვარხარ”.

კომენტარები