ლიბიელი ამბოხებულები გაეროს უსწრაფესი ზომების მიღებისკენ მოუწოდებენ

ცხრასაათიანი კონსულტაციების შემდეგ გაეროს უშიშროების საბჭომ  ლიბიასთან დაკავშირებით რეზოლუცია ვერ მიიღო.  ტექსტზე მუშაობა დღეს გაგრძლედება.   აშშ-ს წარმომადგენელმა გაეროში, სიუზან რეისმა განაცხადა, რომ ლიბიის არასაფრენ ზონად გამოცხადება საკმარისი არ არის. მან გაეროს ლიბიის წინააღმდეგ სხვა სანქციებიც დაწესებისკენ მოუწოდა.

უცხოური მედიის ცნობით, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე წარმოდგენილი რეზოლუციის წინააღმდეგ რუსეთი და ჩინეთი გამოვიდნენ.   მოსკოვმა გამოხატა შეშფოთება, რომ ლიბიაში ფრენების აკრძალვას  ”გაუთვალისწინებელი შედეგები” მოჰყვება. ყველაზე მეტ უკმაყოფილებას ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან რეზოლუციის ტექსტის ის პუნქტი იწვევს, რომელშიც ნათქვამია, რომ  ”მოსახლეობის დასაცავად ნებისმიერი ზომების გამოყენება ნებადართულია”. რუსეთი და ჩინეთი რეზოლუციის ამ პუნქტს განიხილავენ როგორ მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის საბაბით სახელისუფლებო  არმიაზე თავდასხმისთვის ”მწვანე შუქის”   მიცემას.

ტელეკომპანია BBC-ს ინფორმაციით, რუსეთი და ჩინეთი წინააღმდეგი არიან ყველანაირი  სანქციის, რომელიც საომარ მოქმედებებს გულისხმობს.  მათი წინადადებით, გაეროს  რეზოლუციამ მხარეებს  ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოსთხოვოს. ”ვაგრძელებთ რეზოლუციის ტექსტზე მუშაობას იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ. იმედი მაქვს  კენჭს სერიოზულ რეზოლუციას  ვუყრით. ჩვენ ყველა შესაძლებლობას  გამოვიყენებთ რომ საქმე ბოლომდე მივიყვანოთ,” განაცხადა  სიუზან რეისმა.

ლიბიაში კი ამბოხებულები გაეროს შესაბამისი  ზომების სასწრაფოდ მიღებისკენ მოუწოდებენ. ისინი შიშობენ, რომ ვიდრე ორგანიზაცია გადაწყვეტილებას მიიღებს,  კადაფის მომხრეები ოპოზიციასა და მის მომხრეებს უსასტიკესად გაუსწორდებიან. ამ დროისთვის პოლკოვნიკ მუამარ კადაფის არმია ყველა მიმარულებით ავიწროვებს ამბოხებულებს.  თავად კადაფიმ  Russia Today-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მალე სახელისუფლებო ძალები ლიბიის მთელ ტერიტორიაზე კონტროლს დაიბრუნებენ. ლიბიის ლიდერის თქმით,  დასავლეთმა მას იმედი გაუცრუა. ”ლიბიაში ნავთობის სფეროში კონტრაქტების გაფორმების პერსპექტივა ევროპული ქვეყნებიდან მხოლოდ გერმანიას აქვს,” განაცხადა კადაფიმ, რომელიც ლიბიას 40 წელზე მეტია მართავს. 

კომენტარები