ირანი ბაჰრეინში უცხო ქვეყნების სამხედრო ძალების განლაგებას აკრიტიკებს

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბაჰრეინში საუდის არაბეთის შეიარაღებული ძალების შეყვანა გააკრიტიკა.  ოფიციალური თეირანის განცხადებით, ბაჰრეინის საქმეებში სპარსეთის ყურის ქვეყნების სამხედრო ჩარევა ”მიუღებელია.” საუდის არაბეთმა  1000 სამხედრო მოსამსახურე ბაჰრეინში ქვეყნის ხელისუფლების თხოვნით გუშინ გაგზავნა, მას შემდეგ რაც ბაჰრეინის ოპოზიციამ კვირას კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია მოაწყო. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ 500-კაციანი საპოლიციო ქვედანაყოფი ბაჰრეინში არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმაც გაგზავნა.

უცხოური მედიის ცნობით, ბაჰრეინში გაგზავნილი შეიარაღებული ძალები სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს ნაწილია. საბჭოში ექვსი ქვეყანა შედის - ბაჰრეინი, საუდის არაბეთი, ქუვეითი, ომანი, ყატარი და არაბეთის გაერთიანებული საემიროები. ოფიციალური ინფორმაციით, ბაჰრეინში გაგზავნილი შეიარაღებული ძალების მოვალეობა გაზისა და ნავთობის საკვანძო ცენტრებისა და ფინანსური ინსტიტუტების დაცვაა.

სპარსეთის ყურის ქვეყნების მიერ ბაჰრეინში სამხედრო მოსამსახურეების გაგზავნა ბაჰრეინის შიიტურმა ოპოზიციამ მკაცრად გააკრიტიკა და საუდის არაბეთისა და გაერთიანებული საემიროების ამ ნაბიჯს ”ოკუპაცია” უწოდა. ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ბაჰრეინში სპარსეთის ყურის ქვეყნების სამხედრო ძალების განთავსების შესახებ აშშ-ს ადმინისტრაცია არავის გაუფრთხილებია. თეთრი სახლის სპიკერმა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს თავშეკავებისკენ მოუწოდა და აქვე დასძინა, რომ ბაჰრეინში უცხო ქვეყნების შეიარაღებული ძალების განთვსებას ვაშინგტონი ქვეყანაში ”შეჭრად” არ აფასებს. 

კომენტარები