ფუკუსიმა-1-ზე კიდევ ერთი აფეთქება მოხდა

იაპონიაში პარასკევს მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზიანებულ ატომურ ელექტროსადგურ ფუკუსიმა - 1-ზე დღეს კიდევ ერთი, რიგით მესამე აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად მეორე ენერგობლოკი დაზიანდა და რადიაციის დონემ დაშვებულს რვაჯერ გადააჭარბა. ქვეყნის ხელისუფლებამ ატომური ელექტროსადგურიდან 20 კილომეტრის რადიუსში მცხოვრებ მოსახლეობას ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვებისკენ მოუწოდა, ხოლო ფუკუსიმა-1-დან 30 კილომეტრის რადიუსში მცხოვრებლებს სახლებში დარჩენა ურჩია.

 რადიაციის დონემ მოიმატა იაპონიის დედაქალაქ ტოკიოშიც, რომელიც ატომური ელექტროსადგურიდან 250 კილომეტრში მდებარეობს. თუმცა, ოფიციალური პირების თქმით, დედაქალაქში რადიაციის დონე ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის.  იაპონიის პრემიერ მინისტრმა, ნაოტო კანმა ფუკუსიმა-1-ის გარშემო 30-კილომეტრიანი ტერიტორია არასაფრენ ზონად გამოაცხადა. ატომურ ელექტროსადგურებზე შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით პრემიერმა დღეს ქვეყნის ყველა მოქალაქეს მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა და მათ ელექტროენერგიის დაზოგვისკენ მოუწოდა.

11 მარტს მომხდარი 8.9-ბალიანი მიწისძვრას და მისგან გამოწვეულ ცუნამის იაპონიაში, ბოლო მონაცემებით, 2 414 ადამიანი ემსხვერპლა. ქვეყნის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ გარდაცვლილთა რიცხვი, შესაძლოა, 10 ათასამდე გაიზარდოს. 

კომენტარები