ხოლო გაბაასების დასაწყისში ანა აღნიშნავს, რომ მადლობელია მამუკა ლეკიაშვილის, იმ ლექსის გამო, რომელიც „შუშანიკის შვილებს” (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა) წაუმძღვარა. დიახ, წიგნი შუშანიკის შვილებს ეხება. „თესლ ბავშვებს” – როგორც ერთგან ტექსტში წერია. ხოლო საუბარი ასეთია:
ჩვეულებრივი შეკითხვა – ალბათ ბევრჯერ მოისმინე – სათაური – რატომ „შუშანიკის შვილები”. დავივიწყოთ გარეგანი მხარე – რომ ეპატაჟურია, რომ შეიძლება ვინმემ ამის გამო ავტორს აგინოს და წიგნი დაწვას და ა.შ. არა მგონია, რომ მხოლოდ ამ გათვლით გემოქმედა
ჩვეულებრივი შეკითხვა – ალბათ ბევრჯერ მოისმინე – სათაური – რატომ „შუშანიკის შვილები”. დავივიწყოთ გარეგანი მხარე – რომ ეპატაჟურია, რომ შეიძლება ვინმემ ამის გამო ავტორს აგინოს და წიგნი დაწვას და ა.შ. არა მგონია, რომ მხოლოდ ამ გათვლით გემოქმედა
მიზეზი ერთი ამბავია, რომელიც წავიკითხე, მესიზმრა თუ მოვიგონე – ლეგენდა შუშანიკზე. ეს ჩართულია ტექსტში. საქმე ის არის, რომ შუშანიკის შვილები ჩვენ ირგვლივ საკმაოდ არიან, ეს არაფრისმომცემი ადამიანები მხოლოდ სიხარულს გვანიჭებენ, გვართობენ, გაგართობენ, წავლენ – პროსტიტუციას არ ვგულისხმობ, უბრალოდ – ადამიანი-ატრაქციონი.
მაგრამ ისევ ეს სათაური, რატომ შუშანიკის შვილები და არა ვთქვათ თამარის, ან ქეთევანის?
არა, აქ სულაც არ იგულიხმება ის მოწამე შუშანიკი.
მესმის, თუმცა ამგვარი ასოციაცია გარდაუვალია.
კი, პირველი რეაქცია ყველას ასეთი აქვს. თუმცა, აქ მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ ჩემი შუშანიკი ეროვნებით ქართველი არ არის, საერთოდაც ეროვნების მიღმა დგას. სულ მაღიზიანებდა თბილისური ვიწრო ნაციონალური აზროვნება და ბოდვა, რომ აქ ყველაფერი ქართულია. საშინელია, როდესაც ვიღაცას რცხვენია, რომ შენი ქალაქის კეთილი სული შეიძლება მექისე იყოს. აქ თავს არიდებენ თქმას, რომ ჩვენი ქალაქი ააშენეს, მაგალითად გერმანელებმა, პოლონელებმა, სომხებმა და სპარსელებმა. ქართველების ფსევდოტოლერანტობა ხანდხან ფანჯრიდან გადახტომის სურვილს მიჩენს. მე ყველა კატეგორიით უმრავლესობა ვარ ამ ქვეყანაში – ეთნიკურად, სექსუალური ორიენტაციით და ა.შ. თუ არ ჩავთვლით ჩემს „მძვინვარე” ათეიზმს – აქაც კონსტიტუციის ფარგლებში ვრჩები. ანუ ამას რომ ვსაუბრობ, რამე დამატებითი მოტივაცია კი არ მაქვს, არამედ ძალიან მწყინს, რომ საქმეს ასე უდგებიან. ამიტომაც ჩემი შუშანიკი და მისი შვილები უეროვნებონი არიან.
და თვითონ ქალაქიც, როგორც ურბანული სივრცე, დაცლილია ამისგან, მაგრამ ისინი დაჟინებით ცდილობენ თავისნაირად დაინახონ?
კი, ამ ქალაქს ეროვნება არ აქვს. თითქოს ყველაფრისგან დაცლილია. არ არის საჭირო ზედმეტი კეკლუცობა – უუუუძველესი ქალაქი და ა.შ. რომელი სახლია ყველაზე ძველი თბილისში? ჰაჰა, ორიოდ საუკუნის. კომიკურია ასეთი მიდგომა.
ამ წიგნის ერთ-ერთი ღირსება ისიცაა, რომ ყველგან და ყველასთვის პატარა ხაფანგებია, მოდი დავუშვათ ასეთი ჩახლართული ამბავი: თუ ვინმეს მოუნდება ამ წიგნის „გამართლება” ჩვენს ცნობილ მორალისტებთან, იტყვის რომ აი, ხომ ხედავთ – იმ შუშანიკიდან სადამდე მოვედით, აი, ავტორი გვაჩვენებს მის შვილებს – პრინციპებისგან და ზნეობისგან დაცლილებს..
(იცინის – თუ როგორც წერენ ხოლმე) მართალია. მოდი შორიდან დავიწყებ. ორი შემთხვევა ვიცი მსოფლიო ლიტერატურაში, რომელმაც გამოცდილება შემმატა – ერთი დავით კლდიაშვილი და მეორე ჯონ სტეინბეკი. პირველმა დარბაზი დატოვა, როცა უთხრეს, რომ ის დასცინის თავის გმირებს. ჯონმა კი „ტორტილა ფლეტის” მეორე გამოცემის წინასიტყვაობაში საგანგებოდ აღნიშნა, რომ მისი გმირები არ არიან ხელწამოსაკრავნი და მათ დასაწერად ოსტატობა არ ეყო. თუ ვინმე იფიქრებს, რომ მე მართას ან ნიკოს (პერსონაჟები – გ.კ.) ზნეობრივი სახე მიუღებლად მიმაჩნია, შეცდება – სწორედ ისინი ინარჩუნებენ ამ ქალაქის სულს, გულწრფელები არიან, გამოფიტულები და გულწრფელები. ანუ არა რამე კონკრეტული იდეის მატარებლები, არამედ მხოლოდ ადამიანები.თუ იმ ძველ შუშანიკს დავუბრუნდებით, არავის ახსოვს, რომ იგი ჩვეულებრივი გოგო იქნებოდა, რომელსაც მამა შროშანას ეძახდა. ამაზე ვტირი ხოლმე. აქვე დავძენ, რომ ყველა ქართული ტექსტის მსგავსად, ეს ნაწარმოები ენას მაინც უსვამს „ვეფხისტყაოსანს”.
სახელები: შუშანიკზე ვთქვით, მერე ევა, მართა, ეს ყველაფრიდან ამოვარდნილი ნიკო, და სოლომონი (თამარის მეტსახელი) და დავითი… რატომ ამდენი წარსული? ან ეს სექსი თუ სექსისმაგვარი სოლომონსა და დავით შორის – პროვოკაციული ტვინი იფიქრებს, რომ ბიბლიური ინცესტია, რაღაც შარჟი.
(ისევ იცინის და ა.შ.) გეთანხმები, ნიკო ყველაფრიდან ამოვარდნილია. სახელი მართა ერთი მხრივ ძალიან პირადულია, თან ბევრი დამთხვევა მოხდა. დავითს ვიცნობდი, ერთ კაცს ვიცნობდი, ზუსტად ამგვარს და დათოს ვერაფრით ვეძახდი.
რომანი თითქმის უსიუჟეტოა, კლასიკური გაგებით. აბსურდის შეგრძნებაც რჩება, ფრაგმენტულობის – განსაკუთრებით ფინალში – რომელიც ვინმეს შეიძლება უგემოვნოდ მოეჩვენოს. მე ვიცი, რომ ეს შენი ჩანაფიქრია და მოგვიყევი.
პოსტმოდერნის ხანაში ვართ. თუ ავტორის ცხოვრებას მიყვებით – და მე აღფრთოვანებული ვარ ჩემი თავით – მის დიდ ნაწილს დაძებნით ამ წიგნის პერსონაჟებში, ძაღლ ალმასაშიც კი. მეც ასე ვარ, ერთი შეხედვით აბსურდული. მკითხავთ – რა გინდა? არც არაფერი. ამ რომანის სტილი ჩემი ცხოვრებისას ჰგავს. უმიზნო ვარ.
ლეგენდა-სიზმრები. რამეს მიანიშნებ, გასაღებია, სპეციალურად ჩაფიქრებული გამონაგონი...
უნდა ვაღიარო, რომ მე არ მაქვს ფანტაზია, ყველაფერი რაც დამიწერია – ან მინახავს, ან მოუყოლიათ ან დამსიზმრებია. ეს იყო აქაც.
და უცნაური სიყვარული, რომელზეც წიგნის დასაწყისშივე მიგვანიშნე...
ძალიან მიყვარს ფენტეზის ჟანრი. ჰოდა, ერთხელაც ურსულა ლე გუინის „წყვდიადის მარცხენა ხელი” წავიკითხე, წიგნში ადამიანები პლანეტა „ზამთარზე” ცხოვრობენ, საკუთარი ცივილიზაცია აქვს. იქ კაცები და ქალები კი არა, ადამიანები ცხოვრობენ. თუ ერთმანეთი შეუყვარდებათ, კაცი და ქალი მერე ხდებიან, სურვილისამებრ. უკვირთ, დედამიწიდან ჩასული პერსონაჟი სულ კაცი როგორაა. მეც ძალიან მინდოდა ორი ადამიანის თუნდაც უმიზეზო სიყვარულის შესახებ დამეწერა და არა ქალის და მამაკაცის.