კელტური ვეფხვის არჩევანი

ირლანდიელებმა 25 თებერვალს პარლამენტის ქვედა პალატის, დოილ ერენის 165 წევრი აირჩიეს. მმართველმა პარტია ფიანა ფაილმა ხმათა 17% მიიღო და პარლამენტში 59 ადგილი დაკარგა. არჩევნებში მემარჯვენე ცენტრისტმა, ფინე გელიმ გაიმარჯვა. პარტიამ 36% მოიპოვა, რაც მას პარლამენტში 70 ადგილს მისცემს. 

ლეიბორისტებმა ხმათა 19% მიიღეს და ირლანდიის პარლამენტში, მეორე ყველაზე დიდ ძალად იქცნენ. მათ დოილ ერენში 36 ადგილი ექნებათ. დამოუკიდებელმა კანდიდატებმა 14 ადგილი მოიპოვეს. პარლამენტი 9 მარტს ახალ მთავრობას დაამტკიცებს. ირლანდია პირველი ქვეყანაა, რომელმაც ევროკავშირის დახმარების მიღების შემდეგ არჩევნები ჩაატარა.

 
პრემიერ-მინისტრის თანამდებობას დიდი ალბათობით ფინე გელის ლიდერი ენდა კენი დაიკავებს. თუმცა მემარჯვენე ცენტრისტ პარტიას საკანონმდებლო ორგანოში სრული უმრავლესობა არ ექნება. მისი მოკავშირე, სავარაუდოდ, მეორე ყველაზე დიდი პარტია, მემარცხენე ცენტრისტი ლეიბორისტები გახდებიან. 
 
ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, იამონ გილმორი აცხადებს, რომ კოალიციაზე საუბარი ჯერ კიდევ ადრეა. ლეიბორისტული პარტიის სამთავრობო კოალიციაში ყოფნა მემარჯვენე-მემარცხენეთა შორის დაპირისპირებას უფრო გააღრმავებს. მისი ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ კი, ფიანა ფაილი აღარ იქნება ერთადერთი ძლიერი ოპოზიციური პარტია.
 
ფიანა ფაილი 1932 წლიდან მოყოლებული, ყოველი არჩევნების შემდეგ ყველაზე დიდი პარტია იყო პარლამენტში. 
 
1921 წელს ანგლო-ირლანდიური ხელშეკრულებით ირლანდიის თავისუფალი სახელმწიფო შეიქმნა. ირლანდიელებს შორის დიდი დაპირისპირება ჩამოვარდა: ერთნი ბრიტანეთის იმპერიის ფარგლებში თვითმმართველობით კმაყოფილდებოდნენ, მეორენი კი მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნის შემთხვევაში აპირებდნენ შეჩერებას. სწორედ ამ უკანასკნელთაგან წარმოიშვა ფიანა ფაილი, რაც ჯარისკაცის ბედისწერას ნიშნავს. 
როგორც წესი, ფიანა ფაილი ფინე გელთან შედარებით, უფრო მემარცხენე და ლეიბორისტულ პარტიაზე მემარჯვენეა. მის მოკავშირეებს შორის ყოველთვის მემარცხენე პარტიები ჭარბობდნენ. 
 
ამომრჩეველი ეკონომიკურმა კრიზისმა პარტიაზე განაწყენებული დატოვა, არჩევნების შედეგად კი პოლიტიკური ძალა უმცირესობაში აღმოჩნდა. პარტიის ლიდერი ბრაიან კოუენი გადადგა. ფიანა ფაილს მაიკლ მარტინი უხელმძღვანელებს.
 
1921 წლის ხელშეკრულების მომხრეთა რიგებიდან 1933 წელს ახლა უმრავლესობაში მყოფი ფინე გელი წარმოიშვა. პარტიის სახელწოდება გალ ერს ნიშნავს. ის ყოველთვის ფიანა ფაილის მეტოქედ აღიქმებოდა, თუმცა ლეიბორისტების ან სხვა მოკავშირეებიის გარეშე არასდროს წარმოადგენდა რეალურ ძალას. 
პარტია თავის თავს პროგრესულ ცენტრისტულს უწოდებს. ფინე გელი ყურადღებას ამახვილებს შესაძლებლობების თანასწორობაზე, თავისუფალ ბაზარსა და ინდივიდუალურ უფლებებსა და მოვალეობებზე.  
 
ვადამდელი არჩევნების შესახებ საუბარი გასული წლის დასასრულს, ევროკავშირის მიერ ირლანდიისთვის დახმარების გამოყოფის შემდეგ დაიწყო. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბრაიან კოუენმა განაცხადა, რომ ბიუჯეტის დამტკიცებისთანავე პარლამენტს დაშლიდა და ვადამდელ არჩევნებს დანიშნავდა. თუმცა პარტიის პარტნიორი მწვანეთა პარტია სამთავრობო კოალიციიდან გამოვიდა, ამან კი უმრავლესობის კოლაფსი გამოიწვია. არჩევნები 25 თებერვალს დაინიშნა.
 
არჩევნების დროს მთავარი აქცენტი ეკონომიკაზე, კონკრეტულად კი უმუშევრობის პრობლემასა და ევროკავშირის მიერ გამოყოფილი დახმარების, 85 მილიარდი ევროს პირობებზე კეთდებოდა. 
 
2 წლის წინ ირლანდია ევრო-15 ქვეყნებს შორის უმუშევართა რაოდენობით ბოლოდან მეორე ადგილზე იყო. დღეს კი უმუშევართა რაოდენობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი, 14%-ია. 
 
ფიანა ფაილმა ეკონომიკური კრიზისის დაძლევა ხარჯვის შემცირებითა და გადასახადების აწევით გადაწყვიტა: დეფიციტის ორი მესამედი ხარჯვის შემცირების შედეგად დაზოგილი თანხით უნდა დაფარულიყო, დანარჩენი ერთი მესამედი კი გადასახადებით. 
 
არჩევნებში გამარჯვებული პარტიის გეგმა მნიშვნელოვნად არ განსხვავდება: დეფიციტის 27% გადასახადებით დაიფარება, დანარჩენი ნაწილი კი ხარჯვის შემცირებით. ამასთან ერთად ფინე გელის სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული აქციების გაყიდვა სურს. 
 
ლეიბორისტული პარტია გადასახადებსა და ხარჯვის შემცირებას შორის თანაბრად განაწილებას აპირებს. პარტია დეფიციტის აღმოფხვრის პროცესის დროში უფრო გაწელვას და ნაკლებად მტკივნეულად ქცევას გეგმავს. ფინე გელის და ლეიბორისტულ პარტიას სწორედ ამ საკითხზე მოუწევთ შეთანხმება. 
 
პარტიების მიდგომა ევროკავშირის დახმარების მიმართ დიდად არ გასხვავდება. ფიანა ფაილი ევროკავშირთან 5.8%-იანი მოგების გადასახადის შემცირებაზე მოლაპარაკებას აპირებს. ფინე გელისა და ლეიბორისტული პარტიის ხედვაც, ევროკავშირთან დახმარების პირობების შემსუბუქების შესახებ მოლაპარაკებას ითვალისწინებს. 
 
მიუხედავად იმისა, რომ ირლანდიელმა ამომრჩეველმა დასაჯა ფიანა ფაილი, მოქალაქეებს უარი არ უთქვამთ პარტიის მიერ შემოთავაზებულ ხარჯების შემცირების პოლიტიკაზე. სამივე პარტია თანხმდება, რომ მხოლოდ ამ გზით არის შესაძლებელი დეფიციტის აღმოფხვრა. 

კომენტარები