ულტრამემარჯვენე ლე პენმა პოპულარობით სარკოზის გაასწრო

საფრანგეთში ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის შედეგებმა ფრანგი პოლიტიკოსები შოკში ჩააგდო. უცხოური მედიის ცნობით, გამოკითხულთა უმრავლესობამ პრეზიდენტობის სასურველ კანდიდატად ულტრამემარჯვენე პარტიის, ნაციონალური ფრონტის ლიდერი მარინ ლე პენი დაასახელა. ონლაინ გამოკითხვის მიხედვით, რომელიც გაზეთ Le Parisien-ის დაკვეთით ჩატარდა, ლე პენმა კვლევის მონაწილეთა 23 პროცენტის მხარდაჭერა მოიპოვა, რაც პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის და სოციალისტთა ლიდერ მარტინ ობრის მხარდამჭერთა პროცენტულ მაჩვენებელზე ორი პროცენტით მაღალია.

ნაციონალური ფრონტი თავისი კონსერვატიული და ნაციონალისტური პოლიტიკით გამოირჩევა. პარტია მხარს უჭერს საიმიგრაციო შეზღუდვების დაწესებას, სიკვდილით დასჯის შემოღებას და ეწინააღმდეგება ერთსქესიან ქორწინებებს, დაუშვებლად მიიჩნევს აბორტს და ევთანაზიას.

ფონდ Hаrris Interactive-ის გამოკითხვების მიხედვით, მარინ ლე პენი საპრეზიდენტო არჩევნების პირველივე ტურში გადაუსწრებს   სარკოზისაც და მემარცხენე სოციალისტებსაც.  არჩევენები საფრანგეთში 2012 წელს გაიმართება. მას შემდეგ, რაც  ნაციონალური ფრონტის ლიდერი, ჟან-მარი ლე პენი მისმა ქალიშვილმა მარინ ლე პენმა შეცვალა პარტიისა და მისი ლიდერის რეიტინგი განუხრელად იზრდება. სამი თვის წინ იგივე გამოკითხვის თანახმად, ნაციონალურ ფრონტსა და მარინ ლე პენს გამოკითხულთა მხოლოდ 11 პროცენტი უჭერდა მხარს.    ლე პენმა გამოკითხვის ახალ შედეგებს ”ნაციის გამოღვიძება” უწოდა. ის, მამისგან განსხავევით, არ აკეთებს პროვოკაციულ განცხადებებს. მისი რიტორიკა თავშეკავებული და დიპლომატიურია.  ფრანგული გამოცემა ფიგაროს ცნობით, უკვე რამდენიმე თვეა საფრანგეთის  მემარჯვეებიცა და მემარცხენეებიც შეშფოთებული არიან ”ნაციონალისტური ფრონტის” ახალი ლიდერის მზარდი რეიტინგის გამო.

თუმცა საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ფრანსუა ფიონმა გაზეთ ფიგაროს განუცხადა, რომ  არჩევნებამდე 14 თვით ადრე სოციოლოგიური გამოკითხვებისთვის ყურადღების მიქცევა არ ღირს. ის დარწმუნებულია, რომ არჩევნებს მოქმედი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი მოიგებს.  ფრანგი ექსპეტების მოსაზრებით კი ხელისუფლებას არც ისე ბევრი დრო აქვს იმისთვის, რომ ამომრჩეველთა ხმები დაიბრუნოს.  

კომენტარები