მუსიკალური ალბომები

Radiohead - The King Of Limbs (2011)

შეფასევა: 4/5

სამწლიანი ლოდინის შემდეგ, Youtube-ზე Radiohead-ის ახალი ვიდეო, სახელად Lotus Flower გამოჩნდა. ვიდეოში ტომ იორკი დამახასიათებლად ირონიული სახით, თუმცაღა დიდი მონდომებით ცეკვავს. სიახლე იმის მაუწყებელი გახდა, რომ ბრიტანულმა გრანდმა დაანონსებულ თარიღზე ერთი დღით ადრე გამოსცა ახალი, რიგით მერვე ალბომი – The King Of Limbs.

მელომანების და კრიტიკოსების აზრი ორად გაიყო: ერთნი მიიჩნევენ, რომ ახალი ჩანაწერი სერიოზული ჩავარდნაა. ამბობენ, რომ Radiohead-ისგან ასეთ უსახურ ალბომს არ ელოდნენ. მეორე მხარე კი სწორედ ჯგუფის ასაკსა და გამოცდილებაზე მიუთითებს – მათი მტკიცებით, მართებული არ არის, კონკრეტული ბენდისგან მუდმივ აფეთქებებს, მუდმივ გარდაქმნებს ველოდოთ. ამ შემთხვევაში, ეს უკანასკნელი უფრო ადეკვატური პოზიცია მგონია.

გასაოცარი არ არის ნეგატიური დამოკიდებულება იმ ჯგუფის ალბომისადმი, რომელიც სხვა დროს არაერთი ექსპერიმენტით გვანებივრებდა. თუმცა საქმე არც ისე მძიმედაა, როგორც დაუნდობელი კრიტიკოსები წარმოაჩენენ.

ალბომი საკმაოდ მოკლეა და ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მეორე დისკიც უნდა მოჰყვებოდეს – გამორიცხული არაა,  მართლაც ასე მოხდეს.
საბოლოო ჯამში, The King Of Limbs ძალიან კარგი კომპოზიციების კრებულია, რომელშიც წამყვანი ადგილი ელექტრონულ მიმართულებას უჭირავს. გამორჩეულად კარგი კომპოზიციებია Feral, Bloom და Give Up The Ghost, ხოლო შედარებით „კომერციული” – Lotus Flower. ჩემი აზრით, ალბომში არ არის არც ერთი ცუდი თრექი. ჯგუფის „დანაშაული” მხოლოდ ისაა, რომ 2011 წელს ახალი Ok Computer ან Kid A ვერ შექმნა.

 

PJ Harvey - Let England Shake (2011)

შეფასება: 4.5/5

ალტერნატიული სცენის ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა ქალბატონმა PJ Harvey-მ წელს მელომანები  გაახარა. მუსიკალური პრესის შეფასებებს თუ გადავხედავთ, დავრწმუნდებით, რომ მუსიკოსის ახალი, რიგით მერვე ალბომი ამ წლის ფავორიტთა შორის უსათუოდ აღმოჩნდება.

Let England Shake ორნახევარწლიანი მუშაობის შედეგია. დისკზე სულ 12 კომპოზიციაა და მათი მოსმენისას სუსტ ადგილებს თითქმის ვერ შეხვდებით. ჟღერადობა რბილია, თრექები – მრავალფეროვანი. სიმღერა The Words That Maketh Murder კი დამოუკიდებელი ინტერნეტგამოცემის, Pitchfork-ის საუკეთესო თრექებში მოხვდა.
ალბომის სახელი გვამცნობს, რომ მისი ძირითადი თემა ინგლისია. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მუსიკალური ქვეყნის სიყვარულს მუსიკოსი ჩანაწერის მიმდინარეობისას გვიმტკიცებს. თანაც ისე, რომ ნისლიანი ალბიონის ყველაზე დიდ მოძულესაც მოულბობს გულს.

რაც შეეხება მუსიკის ტექსტებს, ავტორის თქმით, თომას ელიოტისა და ჰაროლდ პინტერის პოეზიით არის შთაგონებული.

არ ვიცი რამდენად „შეაქანებს” ინგლისს ეს ჩანაწერი, მაგრამ PJ Harvey-ს საუკეთესო ალბომთა სიას თამამად შეგვიძლია მივათვალოთ.

გამორჩეულად კარგი სიმღერებია: The Glorious Land, In the Dark Places, The Words That Maketh Murder.
 

კომენტარები