მეცხრე თაობის ჰონდა სივიკი

ჰონდამ თავისი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტომობილის, სივიკის მეცხრე თაობის მოდელის ფოტოები და ტექნიკური მონაცემები გამოაქვეყნა. ეს ავტომობილი ორი ძარით (სედანი და კუპე) და ხუთი ვერსიის სახით გაიყიდება. კომპანიის განცხადებით, ახალი სივიკის შემუშავებისას, ინჟინრებს მთავარი ყურადღება საწვავის ეკონომიურობაზე ჰქონდათ გადატანილი.

პირველი ვერსია ჩვეულებრივი ძრავებით აღჭურვილ სედანებს და კუპეებს მოიცავს. მეორე ეკონომიური ვერსია HF-ია, მესამე – სპორტული Si, მეოთხე ჰიბრიდული, მეხუთე კი გაზზე მომუშავე აგრეგატითაა აღჭურვილი. ამ ხუთიდან ყველაზე ეკონომიური HF და ჰიბრიდული ვერსიებია, რომელთა ხარჯიც 100 კილომეტრზე (ქალაქგარეთ მოძრაობისას) შესაბამისად, 5.7 და 5.2 ლიტრია.

სივიკ HF ბენზინის 1.8-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი i-VTEC ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 140 ცხენის ძალას ავითარებს და რომელთანაც 5-საფეხურიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფია შეწყვილებული. სხვათა შორის, ეს ძრავა ახალი არაა და მას წინა თაობის სივიკზეც იყენებდნენ. გაზრდილი ეკონომიურობა კი იმის შედეგია, რომ ავტომობილი აეროდინამიკური ელემენტებით და სისტემა „ეკო ესისტით” აღიჭურვა. სხვათა შორის, ამ სისტემას ჰონდა ადრე მხოლოდ ჰიბრიდულ მოდელებზე – CR-Z-სა და ინსაითზე იყენებდა. ყოველივეს შედეგად, წინა თაობის სივიკთან შედარებით, ახალი დაახლოებით 0.5 ლიტრით ნაკლებ ბენზინს წვავს.

რაც შეეხება ჰიბრიდულ სივიკს, მის ძალურ დანადგარში, 1.5-ლიტრიანი ბენზინის აგრეგატი, პატარა ელექტროძრავი, უსაფეხურო ვარიატორი და ლითიუმ-იონური ელემენტების ბლოკი შედის. ცნობისთვის, ელექტროენერგიის დაგროვების საშუალებად, ჰონდა ასეთ აკუმულატორებს პირველად იყენებს.

სპორტული სივიკი კი 2.4-ლიტრიანი ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 200 ცხენის ძალას ავითარებს. ამ აგრეგატმა 2.0-ლიტრიანი ძრავა შეცვალა, რომლის მაქსიმალური სიმძლავრეც 197ცხენის ძალა იყო. ძრავის მიერ გამომუშავებულ მაბრუნ მომენტს (230 ნმ, რაც წინამორბედის ანალოგიურ მაჩვენებელზე დაახლოებით 22%-ით მეტია) 6-საფეხურიანი მექანიკური კოლოფი გადაამუშავებს და წინა წამყვან ბორბლებს აწვდის. სპორტული სივიკის დინამიკური მახასიათებლების გამოქვეყნებისგან, ჰონდა ჯერჯერობით თავს იკავებს.

„დღეისათვის ავტობაზარზე სივიკი ერთადერთი მოდელია, რომელიც მყიდველის ყველანაირ მოთხოვნას აკმაყოფილებს – არის ეკონომიური, სპორტული, ოპტიმალურად აღჭურვილი, ალტერნატიულ საწვავზე მომუშავეც და, რაც მთავარია, დიდხანს ინარჩუნებს თავის ღირებულებას”, – ამბობს ჰონდას ამერიკული შტოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი ჯონ მენდელი.

მეცხრე თაობის სივიკის გაყიდვას ჰონდა პირველ რიგში ამერიკაში დაიწყებს, შემდეგ კი მას ევროპასა და სხვა ბაზრებზეც შეიტანს.

კომენტარები