კაბერნე

ყაზბეგის ქუჩა 8. თბილისი 0179 უბანი: ვერა ტელ: 22 78 65 სამზარეულო: ფრანგული, ევროპული საათები: ყოველდღე 12 - 24 ბარათები: არ მიიღება ფასი: 90ლ (სადილი ორ ადამიანზე, ღვინისა და სერვისის ჩათვლით) პარკინგი: ყაზბეგის ქუჩაზე ვერისუბანი. ყაზბეგის ქუჩა. ხელმარცხნივ, ქუჩა-აღმართს ამ უბნისთვის ერთ დროს დამახასიათებელი, ორ და სამსართულიანი მოკრძალებული სახლების რიგი მიუყვება. ზოგი ტიპური - აგურის,ზოგიც არაფრით გამორჩეული, უბრალოდ შელესილი და გახუნებული, დაბალი, პირდაპირ ტროტუარზე გამომავალი “ბელეტაჟით”. ჩემს ბავშვობაში ასეთ ფანჯრებს  მხოლოდ მზესუმზირის გამყიდველი თუ იკადრებდა. დღეს ბელეტაჟებია ყველაზე მოთხოვნადი. დიდი ხანია, რაც მზესუმზირას გამყიდველმა ქალებმა 1990-იანების ნაგვით გამოვსებული სარდაფები გაწმინდეს და გაასხვისეს, შემდეგ თავადაც აიბარგნენ და გადაშენდნენ. ერთხანს, ზედა სართულებშიც გვარიანი შფოთი იყო სავარაუდო ინვესტორის მოლოდინში, თუმცა ბოლოს არაფერი გამოვიდა. აღმოჩნდა, რომ, ყველაზე სწრაფად ისევ მემზესუმზირეებმა აუღეს ალღო ფანჯრებზე მოკაკუნე ცვლილებათა ჟამს.

ზედა სართულების ნაკლებად კომერციული სივრცეებიდან ყვითელი შუქი ისევ ძველებურად იღვრება. თუ ამ ფანჯრების წინ ცოტა ხნით შეჩერდები და დააკვირდები, უსათოდ დაინახავ გაქონილი ჩეხური ბროლის  ჭაღქვეშ მოფუსფუსე  ხანდაზმულ მობინადრეს, საღამოს კერძს რომ ჩაატარებს ქვაბით და ბინის სიღრმეში გაუჩინარდება. ზაფხული რომ იყოს, დაელოდებოდი კიდეც, სანამ იმ კერძის სურნელი ფართოდ გაღებულ ფანჯრებს გამოსცდებოდა და ქუჩაში მდგარ სიცხის ოხშივარს  შეერეეოდა, ღრმად ჩაისუნთქავდი და ძველებურად გაიფიქრებდი კაცი-ადამიანი: “ნეტავ რასა სჭამენ? ჰმმმმ...  ჩახოხბილი იქნება”. მაგრამ ზამთარია. სიცივის შიშით ფანჯრები მჭიდროდაა მიკეტილი და ცოტა არ იყოს დაორთქლილიც. თბილისში  უსასრულოდ გრძელი საღამოების სეზონი დგას.

ყვითელი კედლები, რობერტ დუასნოს პარიზული ფოტოჩანახატები, გადაჯეგილი იატაკი; კაბერნე ისევ ისეთი დაგვხვდა, როგორც ყოველთვის: მრავალგზის გახუნებული თეთრი სუფრა და ასევე მრავლისმნახველი მელხიორის დანა-ჩანგალი. დაფაზე წერია, მაგრამ ლოკოკინები არ აქვთ, როგორც გვითხრეს “გაუთავდათ”. რა გაეწყობა, ღვიძლის სალათს (12 ლ) ვუკვეთავთ და 45 წუთი ველოდებით. რამდენი წუთი უნდა ღვიძლის შეწვას? სამი? ოთხი? როდესაც მოლოდინი სასოწარკვეთილებად იქცა, პურის კალათა მოვითხოვეთ და თქვენ წარმოიდგინეთ, მოიტანეს, ოღონდ ისეთი შავი პური იყო, იმის გამოტანას ჯობდა, თეთრიც არ გამოეტანათ. 45-წუთიანი სალათი ლიმონის წვენითაა გადამჟავებული, ღვიძლი, როგორც მოსალოდნელი იყო –  ზედმეტად შემწვარი.

მეზობელ მაგიდასთან ბელგიელი მუშტარი ამაოდ ცდილობს მშობლიურ ენაზე შეკვეთას, თუმცა უშედეგოდ და ინგლისურზე გადადის, თუმცა ვერც ეს ენა ეხმარება მაინცდამაინც. ბოლოს ინიციატივას ისევ თანმხლები ქალბატონი იღებს და რუსულად უკვეთავს. რუსული ჭრის. მოკლედ, რაღაც ვერ მიდის ამათი საქმე; ერთადერთი ოფიციანტი გაწამებულია; სამზარეულოს, მაგიდებსა და ბარს შორის ნერვიულად დარბის.

როდესაც ჩეკის გამოწერის დრო დგება (ხალხი გასწრებაზეა), ერთი ხელით ჩეკი იწერება, მეორეთი სიგარეტს ეწევიან, ცოტა არ იყოს ნერვიულად. თამბაქოს ბუღს დამწვარი ხორცის ოხშივარი და სუნი ერევა, მაგრამ რას იზამ – შეუკვეთე? ელოდე! ვერსად გაიქცევი. ერთხანს, ერთი მაგიდა ინგლისურად აბობოქრდა: აღმოჩნდა, რომ ჯერ მთავარი კერძი უტიფრად მიართვეს და ახლა მადისაღმძვრელებსაც უკავებენ. გადატვირთული ოფიციანტი წუხს რამდენადაც შეუძლია, მაგრამ გამკითხველი და პატრონი არსად ჩანს, არადა დიდი ცოდვა ტრიალებს აქ, ერთ დროს მყუდრო და აწყობილ რესტორანში. 

შემოდის სტეიკი ბეარნული სოუსით (22 ლ). რბილი და არომატული ბეარნული სოუსი ამათ ხელში უშნოდ შედედებულ თურქულ ერბო-მასად გადაქცეულა, ტარხუნის შიგთავსის მაგივრად ტარხუნის თუ რაღაც მწვანილის თივა აქვს გამორეული. ორაგული არაჟნის სოუსით (22 ლ) ძველია და მძაღე. არ იჭმევა. ისევ მოუთმენლად ველით, ოღონდ ანგარიშს. კიდევ ერთი ჩეკის გამოწერაში გამორეული სიგარეტ-პაუზა – ხარბად მოქაჩული ნიკოტინი. გამოვდივართ. უცხოელები კი სხედან და ელიან. ჩვეული ზრდილობით იტანენ ამაო ლოდინს.  იქნებ, ასეთ ჭამას ისევ ლოდინი ჯობდეს. კაბერნე უგემურია და არეული. Nevermore.

კომენტარები