რობოტი უოტსონი ადამიანებს ამარცხებს

1964 წელს მერვ გრიფინმა ახალი ტელეთამაში, Jeopardy! წარუდგინა ამერიკელებს, რომელშიც უბრალო მოსახლეობა მონაწილეობდა. დღესდღეობით ამ თამაშის ანალოგიები მთელი მსოფლიოს მასშტაბით მრავალ ათეულ ქვეყანაში არსებობს. ის ვიქტორინის პრინციპზეა აგებული. სამი მონაწილე კონკურსანტი ერთმანეთს მეცნიერების, ლიტერატურის, ისტორიის, პოპ-კულტურის, სპორტის, გეოგრაფიის და ა.შ. გარშემო ფაქტების ცოდნაში ეჯიბრება. ზოგიერთი შეკითხვა ხანდახან ისეა ხოლმე ჩახუჭუჭებული და ჩახლართული, რომ შეიძლება ფაქტი იცოდე და ვერ მიხვდე რას გეკითხებიან.

Jeopardy! კულტურული ფენომენია და ამ გადაცემაში მონაწილეობის მიღება ყველას ეამაყება. აგერ უკვე ნახევარი საუკუნეა, ამერიკელები ერთმანეთს ეჯიბრებიან, ჩემპიონებს ავლენენ, თქვენ წარმოიდგინეთ აბსოლუტური ჩემპიონებიც კი ჰყავთ და ვინ წარმოიდგენდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ადამიანების ზეობის ხანა დასრულდებოდა! უკანასკნელი ორი კვირაა ხელოვნური ინტელექტისა და რობოტექნიკის თაყვანისმცემლებს სალაპარაკო თემა მიეცათ: IBM-ის კვლევითმა ჯგუფმა ახალი Deep Blue წარუდგინა მსოფლიოს, რომელმაც ჭადრაკის თამაში არ იცის, თუმცა კითხვებზე პასუხების გაცემაში მას, როგორც აღმოჩნდა, ბადალი არ ჰყავს.

750 სერვერისაგან შემდგარ ინფორმაციულ მონსტრს “უოტსონი” ჰქვია. მისი ოპერატიული მეხსიერება 16 ტერაბაიტია, გარე მეხსიერებაში კი 200 მილიონი წიგნის ნაბეჭდი გვერდია ჩატვირთული და ბონუსად ვიკიპედიის მთელი ენციკლოპედია აქვს დამატებული. უოტსონი მისმა შემქმნელებმა ინგლისური ენის სინტაქსის გარჩევის უნარით აღჭურვეს და სპეციალურად ამისათვის ხელოვნური ინტელექტის უახლესი მეთოდები გამოიყენეს.
ოთხწლიანი დაძაბული შრომის შემდეგ საუკუნის მატჩი დაინიშნა. უოტსონი Jeopardy!-ის ყველა დროის ორ აბსოლუტურ ჩემპიონს, ბრედ რატერს და კენ ჯენინგს უნდა შერკინებოდა. თამაში შეძლებისდაგვარად სამართლიანი რომ ყოფილიყო, უოტსონი ინტერნეტს ჩამოაშორეს და მხოლოდ იმის ამარა დატოვეს, რაც მასში იყო ჩატვირთული (წიგნებს დამატებული ვიკიპედია). შეკითხვა როგორც კი ჩნდებოდა ეკრანზე, უოტსონს ის კონსოლზე ტექსტის სახით მისდიოდა. შემდეგ უკვე პასუხი დასწრებაზე იყო.

თამაში ძალიან საინტერესოდ დაიწყო. უოტსონი პანტა-პუნტით პასუხობდა ინფორმატიულ შეკითხვებს, ლოგიკურ და სიტყვების თამაშზე აგებულ კითხვებზე კი “ჭედავდა” და კონკურენტები ასწრებდნენ. ტელემაყურებლებს უოტსონის “ტვინში” ჩახედვა და იმის ხილვა შეეძლოთ, თუ რა ვარიანტებს განიხილავდა ის თითოეული შეკითხვის დროს. უოტსონი კითხვებს იმდენად დამაჯერებლად პასუხობდა, რომ მაყურებლების სიმპათია უმალვე მის მხარეზე აღმოჩნდა და როდესაც ერთ-ერთ შეკითხვაზე ბრედ რატერს შეეშალა და უოტსონმა იგივე არასწორი პასუხი გაიმეორა, რასაც ადამიანი მოთამაშე არასოდეს გააკეთებს, მისთვის არავის დაუცინია. ინფორმაციული მონსტრი თანაბარი სიზუსტით პასუხობდა შეკითხვებს ბითლზის სიმღერებიდან, მსოფლიო ისტორიიდან და სამეცნიერო მიღწევებიდან და საბოლოოდ 77147 $ მოაგროვა. მან თითქმის სამჯერ გაასწრო მეორე ადგილზე მყოფ კენ ჯენინგსს.

IBM-ის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ უოტსონი მხოლოდ კითხვებზე მოპასუხე “კალკულატორი” არ არის და ის დიდ დახმარებას გაუწევს კაცობრიობას იმ სფეროებში, სადაც ინფორმაციის დიდი რაოდენობით ათვისება და ფაქტების შედარებითი ანალიზია საჭირო. უკვე ცნობილია, რომ ექიმები უოტსონს დიაგნოზის დასმის დროს დაიხმარენ. ის საუკეთესო სეილ-კონსულტანტიც იქნება. უფრო შორეულ მომავალში კი Google-ის საძიებო სისტემას მისი მსგავსი სუპერკომპიუტერები ჩაანაცვლებენ.

კომენტარები