მირონცხებული ავრორა

20 თებერვალს უკანასკნელი ქართველი მეფის, სოლომონ მეორის დამხობიდან 201 წელი შესრულდა. ამ დროის მანძილზე საქართველოში სამეფო გვირგვინი არავის უტარებია. ორსაუკუნოვანი წყვეტის მიუხედავად, დღეს მონარქისტულ იდეას ეკლესია ლობირებს. 

ეკლესიის ავტორიტეტთან ერთად მონარქიზმის წისქვილზე წყალს სხვა გარემოებაც ასხამს. მოსახლეობის ნაწილს ქვეყნის დასავლურ სტანდარტთან მიახლოება მისი ტრადიციებისთვის საფრთხის შემცველად მიაჩნია. დემოკრატიული განვითარება და ვესტერნიზაცია თვითმყოფადობის დაკარგვის შიშებს აღძრავს. მონარქია კი განვითარების კონსერვატულ ალტერნატივად არის შემოთავაზებული, რომელიც წინსვლის უსაფრთხო და ნაკურთხ გარანტიად უნდა იქცეს.

მონარქისტები მიიჩნევენ, რომ უცხო ქვეყნის ძალების მიერ დამხობილი ქართველი მეფის ხელისუფლება დღემდე ლეგიტიმურია, რადგან ხალხს მასზე უარი არ უთქვამს. მეფის დაბრუნების გასამართლებლად, ისინი ხშირად ესპანეთის მაგალითსაც იხსენებენ, სადაც ხანგრძლივი წყვეტის შემდეგ, 1978 წელს მონარქია აღდგა და მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ქვეყნის დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში. თუმცა, ჩვენგან განსხვავებით, ესპანეთს ძალიან მოკლე რესპუბლიკური გამოცდილება ჰქონდა – პირველმა რესპუბლიკამ 1873-დან 1874 წლამდე გასტანა, ხოლო მეორემ – 1931-დან – 1939 წლამდე. რესპუბლიკანიზმის ქართული ტრადიცია (1918-21, 1990-დან დღემდე) 2.5-ჯერ უფრო ხანგრძლივია ესპანურზე. ესპანეთში მონარქიის აღდგენისას ჯერაც ცოცხალი იყო თაობა, რომელიც ახლანდელი მეფის ბაბუას, ალფონსო XIII-ეს მოესწრო, მაშინ როცა საქართველოში უკანასკნელად ქართველი მეფე 1810 წელს მეფობდა. ესპანური ვარიანტის მატარებელმა სწორედ 1918-21 წლებში ჩაიარა. ახლა, როგორც ერბოკვერცხიდან უკან კვერცხს ვერ მივიღებთ, ისე თითქმის 20-წლიან რესპუბლიკურ ტრადიციაზე უარის თქმა აღარ გამოვა.

ინგლისელი როიალისტების არგუმენტებიც აბსოლუტურად განსხვავდება ქართველთა შემოთავაზებებისგან. დედოფალი ელისაბედ მეორე ბრიტანული თანამეგობრობის ქვეყნების გარანტორია, მისი ტახტი ტრადიციასთან და რელიგიასთან ერთად, დემოკრატიულ პარლამენტთანაც არის შერწყმული, რომლის მსგავსის შექმნის იდეაც საქართველოში ჯერ კიდევ თამარ მეფის დროს დასამარდა. ბრიტანელებს რესპუბლიკური გარდაქმნები არაფერში სჭირდებათ, იქ მონარქიზმის ხიბლი მის ტრადიციულობაშია. პოლიტიკური მოგების სანაცვლოდ კი საზოგადოებას სამეფო კარისთვის დახარჯული რამდენიმე მილიონი არ ენანება. 

თუ ბრიტანელებისთვის მონარქია ისტორიულად გამოცდილ ტრადიციულ ინსტიტუტს წარმოადგენს, ჩვენთან ეს საშიში ექსპერიმენტია. ნაკლოვანებების მიუხედავად, შეუძლებელია, საქართველოს ისტორიის უკანასკნელი ათწლეულები ადამიანმა სანაგვისთვის გაიმეტოს და თავს კონსერვატორი უწოდოს. როგორც ინგლისელი კონსერვატორი რესპუბლიკაზე გადასვლას მხარს არ დაუჭერს, ისევე ცხადია, რომ კონსერვატული განწყობების მქონე საქართველოს მოქალაქე კატეგორიულად უნდა შეეწინააღმდეგოს საკუთარი პოლიტიკური ტრადიციების უპატივცემულობას. სპონტანური წესრიგის რადიკალურ ცვლილებას რა შედეგი მოაქვს, პოსტსაბჭოთა ქვეყანაში ყველას კარგად უნდა მოეხსენებოდეს.

საქართველოში მონარქისტული იდეა სწორედ ტრადიციის წინააღმდეგ არის მიმართული და მის რადიკალურ წყვეტას მოითხოვს. რესპუბლიკის ოცი წელი მეფის დამხობის ორას წლისთავზეც ქართველი ერის ერთადერთი შემდგარი პოლიტიკური ტრადიციაა. მეცხრამეტე საუკუნიდან ჩვენ სხვა საკუთარი პოლიტიკური გამოცდილება არ გვქონია. კარგია თუ ცუდი, სუვერენიტეტის შენარჩუნება რომ შევძელით – პატარა მიღწევა არ არის. შერჩევითი ტრადიციონალიზმი კი არ არსებობს. ტრადიცია სრულად უნდა მივიღოთ და ევოლუციური განვითარების საშუალება მივცეთ. 

ამ დროს მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ისტორიის ღრმა წარსულიდან მირონცხებული მონარქის მოხმობას აპირებს. მიზნის მისაღწევად, სელექციური შეჯვარების მეთოდით, ბაგრატოვანთა ორი გვარის წარმომადგენლებს ჯვარი დასწერეს. ანა და დავით ბაგრატიონების შვილს გვირგვინი უნდა მოუმზადონ და მეფედ დასვან. ამ წამოწყებას ბევრი აკრიტიკებს, როგორც კონსერვატულ აბსურდს. თუმცა, რეალურად, საქართველოში მონარქიზმს კონსერვატიზმთან არაფერი აკავშირებს.

„როგორც იტყვიან, ძველქართული ანდაზური გამოთქმით „ბუზი ბევრი ბზუის, ფუტკართან კი ყველა ტყუის”. ეს ფუტკარი არის მონარქია, ცხებული მეფობა და ბუზებმა რა მოუტანეს საქართველოს, ძნელი არ არის მივხვდეთ”, – წერს მამა არჩილ მინდიაშვილი. ლოგიკა შემდეგია: თუ ბუზებს დავხოცავთ და საქართველოსგან სკას გავაკეთებთ, ჩვენს ქვეყანაში რძე და თაფლი იდენს. საქმე ის არის, რომ კომუნისტების მსგავსად, საპატრიარქოსაც სჯერა, რომ საზოგადოებრივი ყოფის გაუმჯობესება შესაძლებელია. ეს ერთ ელიტურ ჯგუფში ჩასახული „გონივრული” იდეების თანმიმდევრული დანერგვითა და ადამიანებისთვის თავსმოხვევით უნდა მოხდეს. გამოცდილება აჩვენებს, რომ საზოგადოების კომპლექსური ხასიათიდან გამომდინარე, ეს შეუძლებელია, მსგავსი დამოკიდებულება არაფრით განსხვავდება ჩვენთვის ნაცნობი „უკლასო საზოგადოების” მშენებლობისაგან. ეს სოციალური ინჟინერიაა და საკუთარი პრინციპით მონარქიის თანამედროვე იდეა სოციალისტურ უტოპიას ემსგავსება. მას სურს, საზოგადოების გაკეთილშობილება გეგმიურად მოახდინოს. ზუსტად ასევე ცდილობდნენ საბჭოეთის იდეოლოგები – იდეალურ საზოგადოებაზე საკუთარი წარმოდგენებიდან გამომდინარე – სუფთა ფურცლიდან დაეწყოთ ისტორია. გასულ საუკუნეში მდინარეებს უცვლიდნენ კალაპოტს და ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანის ნაცვლად ცენტრალური აზიისკენ მიმართავდნენ, ახლა სურთ, ჯერ არშობილ ჩვილს გვირგვინი დაადგან. თუ კომუნისტებს მონარქიის ზეციური წარმომავლობის არ სჯერათ, საპატრიარქო საკრალურ მხარეზე აკეთებს აქცენტს. ამბიონიდან მორწმუნეებს უქადაგებენ, რომ მეფეს ღვთის განსაკუთრებული მფარველობა აქვს, ხოლო მათი გასაჭირი სხვა გარემოებების კი არა, სწორედ მონარქიის არარსებობის ბრალია. 

საქართველოში აპრობირებულ პოლიტიკურ მოდელებსაც უჭირთ ხეირის მოტანა. ალბათობა იმისა, რომ მონარქისტული ახირებით დემოკრატიის გაძლიერება მოხდება, ნულის ტოლია. იდეა უკვე დგას სეკულარული პრინციპის უარყოფაზე.

საპატრიარქოს არც ცალკეული მეფეების საგმირო საქმეებზე ხაზგასმა გამოადგება ვალიდურ არგუმენტად პოლიტიკური მოწყობის საკითხის გადაწყვეტისას. ისტორიას ყველანაირი მონარქი ახსოვს – შეურიგებელი მეამბოხეც, ზაქიჭამიაც, შორსმჭვრეტელიც, ბეციც, გმირიცა და მოღალატეც. 

ქართველმა მონარქებმა ვერც ორასი წლის წინ შეძლეს პოლიტიკური სიკეთის მოტანა.  გეორგიევსკის ისტორიულ კატასტროფას რომ თავი დავანებოთ, საკუთარი თავი მონარქიამ მაშინ ამოწურა, როცა სასახლის კარის ინტრიგებისა და დინასტიური მოსაზრებების გამო, ერეკლე მეორემ საქართველოს გაერთიანებაზე უარი განაცხადა. დაქუცმაცებულმა ქვეყანამ ვერც შინაგან სნეულებებს უმკურნალა და ვერც მომხვდურს გასცა საკადრისი პასუხი. უფრო მეტიც, სწორედ მისი დაქუცმაცებულობა გახდა ყველა მტრისთვის ერთგვარი მოსაწვევი. ყველაფერი კი იმით დამთავრდა, რომ სიონის ტაძარი ალყაში აღმოჩნდა და ამას ვერაფერი დავუპირისპირეთ. ქართული მონარქიისა და სახელმწიფოს განადგურებაში, რუსებთან ერთად, არანაკლები წვლილი სწორედ ერეკლე მეორეს აქვს შეტანილი.

თუმცა, რა საჭიროა კონსტიტუცია, როცა ბაგრატიონებს, როგორც საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარე ამბობს, ქვეყნის მართვის გენეტიკური მეხსიერება აქვთ. საინტერესოა, მომავალ მეფეს გენეტიკურად უფრო დავით აღმაშენებელი ეხსომება, თუ გიორგი ზაქიჭამია? ან ამ მეხსიერებაში გეორგიევსკის ტრაქტატი როგორაა ასახული?
 

კომენტარები