ადამიანის უფლებათა პაროდია ჟენევაში

წარმოიდგინეთ ადგილი, სადაც ირანი შვედეთში გენდერული თანასწორობის პრობლემას უჩივის, ვენესუელის მთავრობის წარმომადგენელი ამერიკის შეერთებულ შტატებს ქსენოფობიურ და ტერორისტულ სახელმწიფოს უწოდებს და ნიკარაგუა მას ადამიანის უფლებების ყველაზე ხშირ დამრღვევად მოიხსენიებს. ანაც პაკისტანი საქართველოს უმცირესობების დისკრიმინაციაში ამხელს. ეს გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში  ჩვეულებრივი, რუტინული პროცესია. მსგავსი პარადოქსები აქ არავის უკვირს. ორმაგი სტანდარტები საბჭოს წინამორბედ ადამიანის უფლებათა კომისიისაგან ერგო მემკვიდრეობით. 

ადამიანის უფლებათა საბჭო 2006 წელს შეიქმნა – მას შემდეგ, რაც სრულად დისკრედიტებული ადამიანის უფლებათა კომისიის გადაქმნის აუცილებლობა დადგა დღის წესრიგში. საბჭოს ფუნქციები ადამიანის უფლებების დარღვევაზე მუშაობასა და რეკომენდაციების შემუშავებას მოიცავს. ის ასევე წარმართავს უნივერსალურ პერიოდულ მიმოხილვას, რომელიც ოთხ წელიწადში ერთხელ გაეროს ყველა წევრ ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვას ამოწმებს. 

საბჭოს 47 მთავრობის წარმომადგენელი შეადგენს. მასში ნელ-ნელა მცირდება თავისუფალი ქვეყნების რიცხვი და მათ ადგილს ნაწილობრივ თავისუფალი და არათავისუფალი ქვეყნები იკავებენ (Freedom House-ის თავისუფლების ინდექსის მიხედვით). თუ 2006 წელს 25 ქვეყანა იყო თავისუფალი, ხოლო 13 და 9, შესაბამისად, ნაწილობრივ თავისუფალი და არათავისუფალი, 2010 წელს თავისუფალი ქვეყნების რიცხვი 20-მდე დავიდა. მიზეზი ისაა, რომ საბჭოში ქვეყნები იმის მიხედვით არ ხვდებიან, თუ როგორ იცავენ ადამიანის უფლებებს. წევრობისთვის დაწესებული ერთადერთი საზომი გეოგრაფიული რეპრეზენტატულობაა. ამ კრიტერიუმიდან გამომდინარე უმრავლესობაში აზიური და აფრიკული ქვეყნები არიან – მათ 26 ადგილი ერგოთ. მათი უმრავლესობა მუსლიმური ქვეყანაა. ისინი  ერთმანეთისა და მოკავშირეების ინტერესებს წარმატებულად ლობირებენ. 

საბჭო იმ ქვეყნებისთვისაა თბილ ბუდედ ქცეული, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებენ ადამიანის უფლებების ხელყოფისთვის კრიტიკასა და სანქციებს. უფლებათა დამრღვევებს აქ ყოფნა, ერთი მხრივ, თავდაცვას უადვილებს, მეორე მხრივ კი, საშუალებას აძლევს, ყურადღება მათთვის საძულველი სახელმწიფოებისკენ მიმართონ. განხილვისა და დაგმობის უმთავრესი ობიექტი ტრადიციულად ისრაელია. ამერიკის შეერთებული შტატები კი მიკროსკოპული დაკვირვებისა და ხშირად უსამართლო კრიტიკის მსხვერპლი ხდება, მაშინ როდესაც ირანი, რუსეთი, სუდანი, ზიმბაბვე, პაკისტანი და სხვები მხოლოდ მინიმალურ ყურადღებასა და გაკიცხვას იღებენ. 

თუ ისრაელი ისლამური ქვეყნების სამიზნეა, საქართველო რუსეთის ჯგუფის ინტერესებში ექცევა. გასული თვის ბოლოს საბჭოში საქართველოს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა გაიმართა. სამსაათიანი განხილვისას ყველაზე აქტიური სწორედ რუსეთის მთავრობის წარმომადგენელი იყო. მან აღნიშნა საქართველოში ადამიანის უფლებების სისტემატური დარღვევა.  ასევე განაცხადა, რომ კვლავ გამოსაძიებელია აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უფლებების დარღვევა საქართველოს მხრიდან 2008 წლის ომამდე და ომისას. ვენესუელამ საქართველოს ანტირუსული, ანტიაფხაზური და ანტიოსური პროპაგანდა დაგმო და გააკრიტიკა მკაცრად რეგულირებული მისაწვდომობა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე. რუსეთის კიდევ ერთმა მოკავშირემ, ბოლივიამ კი საქართველო უმცირესობების დისკრიმინაციასა და მათგან მტრის ხატების შექმნაში დაადანაშაულა. 

უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის შედეგი ფინალურ ანგარიშში აისახება, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის მიერ გაკეთებულ რეკომენდაციებსაც მოიცავს. საქართველომ 163 რეკომენდაცია მიიღო. მათგან 5 ადგილზე უარყო და 96 გაიზიარა – რაც შეეხება, მაგალითად, პატიმართა პირობების გაუმჯობესებას ციხეებში, დევნილებისთვის ადეკვატური საცხოვრებლების შეთავაზებას, მეტ მხარდაჭერას შეზღუდული უნარების მქონე ადამიანებისადმი. საქართველომ 62 რეკომენდაციის მიღებაზე თავი შეიკავა და მათ განსახილველად გარკვეული დრო მოითხოვა. დიდი ნაწილი სხვადასხვა კონვენციების რატიფიცირებას გულისხმობს. მაგალითად, იმ კონვენციების, რომელიც შეზღუდული უნარების მქონე ადამიანების, ანაც მიგრანტი მუშებისა და მათი ოჯახის წევრების უფლებების დაცვას ეხება.

საქართველოს სიფრთხილე და რეალიზმი ამა თუ იმ კონვენციაზე მიერთებისას, მისასალმებელია. ახალი კონვენციების რატიფიცირებამ საქართველოს მიმართ არაკეთილგანწყობილ ქვეყნებსა და მათზე დამოკიდებულ სახელმწიფოებს, რომლებიც უფლებათადამცველ ორგანიზაციებს პოლიტიკური მიზნების მისაღწევ ფორუმად იყენებენ, შესაძლოა, დამატებითი ბერკეტები მისცეს საქართველოს წინააღმდეგ. 

ვინაიდან  წევრი ქვეყნები საბჭოს მათი პოლიტიკური მიზნების მიღწევისთვის იყენებენ და არა ადამიანის უფლებების დასაცავად, ამჯერად უკვე საბჭოს გარდაქმნის აუცილებლობაა განსჯის საგანი. ცოტა ხნის წინ რესპუბლიკელებმა კონგრესის წარმომადგენელთა პალატაში გაეროს რეფორმირების საჭიროების შესახებ დებატიც გახსნეს. პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ილეანა როს-ლეტინენი გამოდის ინიციატივით, რომ აშშ-ის ფინანსური კონტრიბუცია გაეროში დამოკიდებული იყოს ორგანიზაციაში ნამდვილი რეფორმების გატარებაზე. დაფინანსება, რომელსაც აშშ გაეროს ყოველწლიურად გამოუყოფს, ორგანიზაციის საოპერაციო ბიუჯეტის 22%-ს შეადგენს და 2011 წლისთვის 516 მილიონ აშშ დოლარს მოიცავს, რაც აშშ-ს მნიშვნელოვან ბერკეტს აძლევს. ამასთან, აშშ პასუხისმგებელია გაეროს სამშვიდობო ბიუჯეტის 27%-ზე, რაც 2,18 მილიარდს აღწევს. როს-ლეტინენის განსაკუთრებულ კრიტიკას  ადამიანის უფლებათა საბჭო იმსახურებს, რომელიც, მისი თქმით, თაღლითების თავყრილობაა, სადაც ადამიანის უფლებათადამრღვევები დომინირებენ. 

გაერო ადამიანის უფლებების დაცვაში თავის ფუნქციას რომ ვერ ასრულებს და ორგანიზაციაში არსებითი რეფორმების გატარებაა საჭირო, ამაზე ცოტა თუ დავობს. არადა, თავის დროზე, მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებზე შექმნილი ორგანიზაციის ერთ-ერთ უმთავრეს საზრუნავად სწორედ ადამიანის უფლებების დაცვა და ხელშეწყობა გამოცხადდა. 1948 წელს მიღებულმა დეკლარაციამ  კი ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტი შექმნა. ათწლეულების მანძილზე მოქმედმა ადამიანის უფლებათა კომისიამ არა მხოლოდ მისია ვერ შეასრულა, არამედ მავნე, პოლიტიზირებულ ორგანიზაციად იქცა. 

უმთავრესი პრობლემა ის იყო, რომ  ქვეყნები, რომლებიც, მსუბუქად რომ ვთქვათ, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს პატივს არ სცემენ, კომისიაში ადგილს იოლად მოიპოვებდნენ. ლიბია 2003 წელს კომისიის თავმჯდომარეც კი გახდა, მიუხედავად ადამიანის უფლებების აშკარა ხელყოფისა ქვეყნის შიგნით და კავშირისა ბრიტანული ლოკერბის თავზე თვითმფრინავის აფეთქებასთან, რასაც რამდენიმე ასეული ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამასთან, კომისიას არც ერთ სხვა ქვეყანაზე არ მიუღია ამდენი რეზოლუცია, რამდენიც ისრაელზე – მასზე მიღებული სპეციალური რეზოლუციების რაოდენობა უტოლდება სხვა ნებისმიერ ქვეყანაზე მიღებული რეზოლუციების საერთო ჯამს. რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მუდმივად იმართებოდა მისი დასაგმობი სესიები და შეხვედრები. 

სიტუაცია იქამდე მივიდა, რომ 2005 წელს თავად გენერალური მდივანი კოფი ანანი აღნიშნავდა – კომისია ჩრდილს აყენებს გაეროს სისტემას და ამას მცირე რეფორმები არ უშველისო. ის გამოვიდა წინადადებით, რომ კომისია ახალი, უფრო პატარა და მოქნილი საბჭოთი ჩაენაცვლებინათ. თუმცა, ეს შესაძლებლობა შიდა პოლიტიკური გარიგებების მსხვერპლი გახდა. რამდენიმე არსებითმა ხარვეზმა ცვლილება ფასადური გახადა – გარდა დაწესებული ერთადერთი კრიტერიუმისა – გეოგრაფიული რეპრეზენტატულობისა, პრობლემაა, რომ საბჭო ზომაში მცირედით შემცირდა – 53-დან 47-წევრიანი გახდა. 

ერთი მხრივ, საბჭო ისრაელის შევიწროების პოლიტიკას აგრძელებს – 2006-2010 წლებში მან ქვეყნების ამა თუ იმ ქმედების დასაგმობი დაახლოებით 40 რეზოლუცია მიიღო, რომელთაგან 30-ზე მეტი ისრაელზე იყო ფოკუსირებული. ამ დროს კი, მაგალითად, ფაქტობრივად ყურადღებას არ აქცევდნენ ასობით ათასი ადამიანის ხოცვას სამხედრო ხუნტის მიერ მართულ ბურმაში და მილიონების შიმშილსა და ჩაგვრას მუგაბეს ზიმბაბვეში. საბჭო არც იმ მილიონობით ადამიანის ბედით ინტერესდება, რომელთაც ჩინეთში სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები წართმეული აქვთ, არც 23 მილიონი ადამიანის შემაძრწუნებელი უფლებრივი მდგომარეობით ჩრდილოეთ კორეაში. საბჭოს წევრები არც საუდის არაბეთის ქალების ყოფას შეუშფოთებია და არც შარიათის კანონებით მართულ ირანში ადამიანების წამებასა და ქვებით ჩაქოლვას. ირანის შემთხვევაში კიდევ უფრო ირონიული ისაა, რომ ქვეყანა ქალთა სტატუსის შესახებ საბჭოშიც აირჩიეს. საბჭომ მანდატები გაუგრძელა რამდენიმე სკანდალურ მომხსენებელსაც, მათ შორის ჯინ ზიგლერს, იმ ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტს, რომელიც მუამარ კადაფის სახელობის პრიზს გასცემს ადამიანის უფლებების სფეროში. საბჭომ ვერც დარფურის გენოციდის საქმეზე მიიღო რეზოლუცია. 

დომინანტმა მუსლიმურმა ქვეყნებმა საბჭოს ორი რეზოლუციაც მიაღებინეს, რომლებიც  რელიგიის დიფამაციას გმობს. კანადის წარმომადგენლის განცხადება, რომ უფლებები მხოლოდ ინდივიდებს შეიძლება ჰქონდეთ და არა რელიგიას, ექოდ დარჩა. რეზოლუციებში რელიგიებიდან კონკრეტულად მხოლოდ ისლამია დასახელებული. ეს ყველაფერი მუსლიმურ ქვეყნებს იმისთვის სჭირდებათ, რომ თავიდან აირიდონ ტერორიზმის ნებისმიერი დაკავშირება ისლამთან. ამასთან, ცდილობენ კრიტიკა აარიდონ იმ შუასაუკუნეობრივ და არაჰუმანურ  წესებს, რაც ამ ქვეყნების უმრავლესობაშია. 

გამომდინარე იმ ხარვეზებიდან, რაც საბჭოს შექმნის ფუნდამენტშივე იყო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მის წინააღმდეგ მისცა ხმა გენერალურ ასამბლეაში. აშშ-ში შიშობდნენ, რომ საბჭო წინამორბედი კომისიის შეცდომებს გაიმეორებდა და ნაცვლად ადამიანის უფლებებზე მზრუნველი მოქნილი ინსტიტუტისა, მივიღებდით იმავე ტიპის ორგანიზაციას, მხოლოდ განსხვავებული სახელითა და პროცედურებით. მან 2006 წელს უარი თქვა საბჭოში ადგილის დაკავებაზეც. ვინადან აშშ-ის შიშები გამართლდა, ბუშის ადმინისტრაციას აღარც მომდევნო წლებში უცდია საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა და საკუთარი დაფინანსებიდან საბჭოსთვის განკუთვნილი წილიც გააუქმა. 

ბუშის ადმინისტრაციის პოლიტიკა ობამას ადმინისტრაციამ შეცვალა. იმ იმედით, რომ საბჭოს შიგნიდან გარდაქმნიდა, 2009 წელს აშშ-მ საბჭოში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. კრიტიკოსების აზრით, ეს საბჭოს მოკლე ისტორიის მანძილზე განხორციელებული უსამართლო ქმედებების ლეგიტიმაციას ნიშნავდა, რაზეც ბუშის ადმინისტრაციამ უარი თქვა. ასევე აღნიშნავდნენ, რომ შიგნიდან რაიმეს შეცვლა შეუძლებელი იქნებოდა სისტემური გარდაქმნის გარეშე. 

სანაცვლოდ აშშ-მ კვლავ ტალახის სროლა მიიღო. ეს კარგად ჩანს გასული წლის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვიდან, რომელმაც ნახევრად კომიკურ გარემოში ჩაიარა. კუბამ აშშ-ს მოსთხოვა შეეწყვიტა ბლოკადა მის მიმართ, რაც გენოციდის დანაშაულს შეადარა. ასევე აშშ დაადანაშაულა ტერორისტების შეფარებაში. ვენესუელამ კი მას მოსთხოვა, შეეწყვიტა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა და ჯაშუშობა თავის მოქალაქეებზე. აშშ-ს  ქსენოფობიის გაღვივებისთვისაც უსაყვედურეს. ირანმა და ჩრდილო კორეამ ღრმა შეშფოთება გამოთქვეს აშშ-ის მხრიდან ადამიანის უფლებების მუდმივ ხელყოფაზე, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ასპარეზზე. საერთო ჯამში, აშშ-მ ორასზე მეტი რეკომენდაცია მიიღო. ამ დროს კი ეს ქვეყნები ერთმანეთის მიმოხილვისას მხოლოდ მცირე შენიშვნებით შემოიფარგლებიან. 

უნივერსალური მიმოხილვა თვითშეფასებასაც მოიცავს, სადაც ამერიკის შეერთებული შტატები თავადაც გადაჭარბებულად თვითკრიტიკული იყო. მათ აღნიშნეს, რომ უკმაყოფილონი არიან ქვეყანაში არსებული სიტუაციით, რადგან უმუშევრობა აფროამერიკელებსა და ესპანურენოვან მოქალაქეებს შორის უფრო მაღალია, ვიდრე თეთრკანიანებში. ასევე უფრო მეტი თეთრკანიანი ფლობს სახლს და აქვს კოლეჯდამთავრებულის  ხარისხი. გაუგებარია, რა საერთო აქვს ამ სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობას, რომელიც სხვადასხვა ფაქტორებით არის გამოწვეული, კანონის წინაშე თანასწორობასთან?! ამასთან, აშშ-ის წარმომადგენელმა მანამდე თავი შეიკავა, ხმა მიეცა რეზოლუციისთვის, რომლის მიხედვითაც სუფთა წყალი და სანიტარია ადამიანის უფლებაა, მათ უზრუნველყოფაზე კი მთავრობებმა უნდა იზრუნონ. ასევე გაუგებარია, რატომ უნდა შეიკავოს აშშ-მ თავი იმის თქმისგან, რომ ადამიანის უფლებები მოქალაქეების მთავრობების ტირანიისგან დაცვას გულისხმობს და არა მთავრობებისთვის მათ ცხოვრებაზე მეტი ძალაუფლების მიცემას?! 

თავისუფალ სამყაროსა და საბჭოთა კავშირს შორის წლების მანძილზე დავა სწორედ იმაზე მიმდინარეობდა, თუ რას მოიცავს ადამიანის უფლებები. საბჭოთა კავშირში ადამიანის უფლებებზე ლაპარაკისას აქცენტი ეკონომიკურ და სოციალურ უფლებებზე კეთდებოდა – ისეთებზე, როგორიცაა ჯანდაცვაზე, ადეკვატურ კვებასა და განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, ანაც გარანტირებული დასაქმება. ამ დროს კი პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები უმნიშვნელოდ მიიჩნეოდა. ისტორიამ  აჩვენა, რომ მთავრობები – პირველ რიგში საბჭოთა კავშირი – რომლებიც ჰპირდებოდნენ თავიანთ მოქალაქეებს ყველაფერს, როგორც მათ უფლებას, საბოლოოდ მხოლოდ ჩაგრავდნენ მათ. ხოლო აშშ-ს სწორედ იმან შეაძლებინა ყოფილიყო ერთდროულად თავისუფალი და მდიდარი, რომ ცოტა რამეს აკეთებდა ადამიანის უფლებების მიმზიდველი სახელით. მის მოქალაქეებს კი კონსტიტუცია იცავდა და არა საერთაშორისო რეზოლუციები. 

ადამიანის უფლებების დამცველთა დიდი ნაწილის თანამედროვე მეტყველებაში კი, სამწუხაროდ, თავისუფლება მეტ მთავრობას ნიშნავს, ტოლერანტობა კი ცენზურას ემსგავსება. ორმაგი სტანდარტები არც მათთვისაა უცხო. აშშ-ის 43-ე პრეზიდენტს, ჯორჯ ბუშს ჟენევაში ვიზიტის გაუქმებაც მოუხდა 2011 წლის თებერვალში, რადგან მემარცხენე უფლებათადამცველები მის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს გეგმავდნენ. ნაწილს საჩივარიც კი ჰქონდა შეტანილი, რომ ბუში დაეკავებინათ და გამოეძიებინათ ბრალდებები შეკვეთილ წამებაზე. ამ უფლებადამცველებს არასოდეს უცდიათ, პასუხი მოეთხოვათ, მაგალითად, პუტინისთვის, ან ჰუ ძინტაოსთვის. 

ობამას ადმინისტრაციას სჯერა, რომ კომპრომისებითა და დიალოგით შიგნიდან შეძლებს საბჭოს გარდაქმნას. ადამიანის უფლებები და კომპრომისი კი ვერ თანაარსებობს. ამგვარი ცუდი კომპრომისის მაგალითია აშშ-სა და ეგვიპტის თანადაფინანსებით მიღებული რეზოლუცია სიტყვის თავისუფლებაზე, რომელიც ნეგატიურ რელიგიურ სტერეოტიპებს გმობს. ისლამური ქვეყნების წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ნეგატიური სტერეოტიპები და რელიგიის შეურაცხყოფა თანამედროვე ქსენოფობიის გამოხატულებაა. ამგვარი რეზოლუციები შესაძლოა, კაიროს ზოგის თვალში დისიდენტების ჩაგვრის გამართლებაშიც დაეხმარა – მაგალითად, ბლოგერი კარიმის, რომელსაც ისლამის შეურაცხყოფისთვის ოთხი წელი მიესაჯა. 

საბჭოს პრობლემები იმდენად კომპლექსურია, რომ ფუნდამენტური ცვლილებების გარეშე ვერ მოგვარდება. ცვლილება, პირველ რიგში, წევრობის კრიტერიუმებს უნდა შეეხოს. სხვა შემთხვევაში აშშ-მ, სულ მცირე, გადასახადის გადამხდელთა ფული არ უნდა გადაყაროს, ან რაიმე ალტერნატივის შექმნაზე იზრუნოს


კომენტარები