ტრიპოლიში დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს

ლიბიის დედაქალაქის გარეუბნებში დემონსტრანტებსა და სპეცდანიშნულების რაზმებს შორის დაპირისპირება მიმდინარეობს. ტელეკომპანია BBC-ს ცნობით,  პარასკევის ლოცვების შემდეგ ტრიპოლიში დაწყებულ მშვიდობიან საპროტესტო აქციას  ლიბიის სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა ცეცხლი გაუხსნეს. ადგილობრივების ცნობით, დაღუპულია 5 ადამიანი. პოლკოვნიკ მუამარ კადაფის გადადგომის მოთხოვნით ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები ლიბიაში 17 თებერვალს დაიწყო. ოპოზიციის მომხრეებმა ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე ოთხი დიდი ქალაქი დაიკავეს. ბოლო რვა დღის მანძილზე მიმდინარე დაპირისპირებებს ლიბიაში ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. ლიბიის ლიდერმა, მუამარ კადაფიმ რომელიც ქვეყანას 40 წელზე მეტია მართავს, ბოლო სატელევიზიო გამოსვლებში არაერთხელ აღნიშნა, რომ გადადგომას არ აპირებს.

კადაფის გადაწყვეტილება, მასობრივი არეულობების მიუხედავად ქვეყნის სათავეში დარჩენის შესახებ, დღეს მისმა ვაჟმა, სეიფ კადაფიმაც დაადასტურა. ტელეკომპანია CNN-თან საუბრისას მან აღნიშნა, რომ მისი ოჯახი ქვეყნის დატოვებას არ აპირებს. ”ჩვენი ვიცხოვრებთ და მოვკვდებით ლიბიაში,” განაცხადა მან. დაძაბული სიტუაციის განმუხტვის მიზნით, ლიბიის მთავრობამ დღეს გამოაცხადა, რომ საკვებზე მზარდი ფასების კომპენსაციის მიზნით თითოეული ოჯახი ორი თვის მანძილზე 800 დოლარს მიიღებს.

ლიბიაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დღეს გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბება და მუამარ კადაფის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხს განიხილავს.  უცხოური მედიის ცნობით, შესაძლო სანქციებს შორის განიხილება ლიბიაში იარაღის შეტანაზე ემბარგოს დაწესება და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო კადაფის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. 

კომენტარები