საქართველოს მორაგბეთა ნაკრები შაბათისთვის დაინომრა

შაბათს, 26 თებერვალს, ლისაბონში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები პორტუგალიის წინააღმდეგ ითამაშებს. ეს იქნება 2011 წლის ევროპის ერთა თასის მესამე სათამაშო დღე.

აქამდე გამართული ორ-ორი შეხვედრიდან ბორჯღალოსნებმაც და პირინეელებმაც ორივე მოიგეს. თუმცა სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე მაინც საქართველოს ნაკრებია. უკრაინასთანაც და ესპანეთთანაც ქართველებმა გაიმარჯვეს და თან 4 და მეტი ლელოს დადებისთვის განკუთვნილი პრემიალური ქულაც აიღეს. რაც შეეხება პორტუგალიელებს, მათ ვერცერთხელ ვერ მოახერხეს 4 ლელოს დადება.

შაბათს გასამართი შეხვედრა წლევანდელი ერთა თასის ცენტრალური დაპირისპირებაა. სწორედ ამ მატჩმა უნდა გაარკვიოს დიდწილად, თუ ვის დარჩება თასი.

საქართველოს ნაკრების შოტლანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე უკვე გადანომრილი შემადგენლობა მიაწოდა ჟურნალისტებს. ამჯერად თითქმის ყველა უძლიერესი ქართველი მორაგბე მწყობრშია და შაბათის თამაშისათვის ემზადება. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ნაკრებს დაუბრუნდა მონპელიეს მეორე-მესამე ხაზელი მამუკა გორგოძე და პირველხაზელი გოდერძი შველიძე. სათამაშოდ ჩამოვიდა კლერმონის პირველხაზელი დავით ზირაქაშვილი და კასტრის ჰუკერი აქვსენტი გიორგაძე.

რაც შეეხება დანაკლისს, ამ მხრივ აღსანიშნავია ილია ზედგინიძის, გია ლაბაძისა და მალხაზ ურჯუკაშვილის არყოფნა.  

საქართველოს ნაკრები:

15. ბექა ურჯუკაშვილი 14. ირაკლი მაჩხანელი 13. დავით კაჭარავა 12. თედო ზიბზიბაძე 11. ლექსო გუგავა 10. ლაშა მალაღურაძე 9. ირაკლი აბუსერიძე 8. მამუკა გორგოძე 7. შალვა სუთიაშვილი 6. სიმონ მაისურაძე 5. ვახტანგ მაისურაძე 4. ლევან დათუნაშვილი 3. დავით ზირაქაშვილი 2. აქვსენტი გიორგაძე 1. დავით ხინჩაგიშვილი. სათადარიგოები: 16. ირაკლი ნატრიაშვილი 17. გოდერძი შველიძე 18. გია ჩხაიძე 19. ვიქტორ კოლელიშვილი 20. ბიძინა სამხარაძე 21. ირაკლი ჩხიკვაძე 22. მერაბ კვირიკაშვილი

კომენტარები