გახდება თუ არა ვენესუელა შემდგომი ეგვიპტე?

დღეს მთელი მსოფლიოს თვალყური ეგვიპტისკენ და ზოგადად, ახლო აღმოსავლეთისკენაა მიპყრობილი. ამის გამო, ვენესუელაში მიმდინარე მოვლენები ბევრს გამოეპარა.

უკვე წავიდა ის დრო, როდესაც უგო ჩავესი 21-ე საუკუნის სოციალიზმის გავრცელებასა და ბოლივარული მოძრაობის ლიდერობას ცდილობდა. ბოლივარიანიზმი სიმონ ბოლივარის, მე-19 საუკუნის სამხრეთ ამერიკის განმათავისუფლებელი გენერლის მოსაზრებებზეა დაფუძნებული – რედისტრიბუციული სოციალური პოლიტიკის გატარებასა და სამხრეთ ამერიკის გაერთიანებას ითვალისწინებს. ჩავესის რიტორიკისა და ქმედებების საფუძველს სწორედ ამგვარი ხედვა წარმოადგენს. თუმცა, შინ თუ გარეთ განხორციელებული წარუმატებელი პოლიტიკური რაუნდების შემდეგ, მისი რეჟიმი ახლა მხოლოდ საკუთარ ქვეყანაში პოზიციების შენარჩუნებაზე ფიქრობს. უგო 2012 წლის დეკემბერში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებში დამარცხების თავიდან არიდებისათვის იღვწის.

ჩავესმა ექსტრაორდინარული შესაძლებლობით – ე.წ. სწრაფი უფლებამოსილებით მოქმედება გადაწყვიტა, რომელიც ძველი ეროვნული ასამბლეის დეკრეტით მიიღო. უგოს 2012 წლამდე შეუძლია მისი გამოყენება, თანაც ისე, რომ ახლად არჩეულ ეროვნულ ასამბლეას ანგარიშს არ გაუწევს. ასამბლეაში ოპოზიცია ხმების 47%-ით 65 ადგილს ფლობს.

მიუხედავად ამგვარი პოლიტიკური მანევრებისა, რეჟიმის დაცემის მიზეზი, შესაძლოა, სუსტი ეკონომიკა გახდეს. შემოსავლების კლება და ინფლაციის მაღალი დონე ხალხს ხარჯების შემცირებას აიძულებს. უმუშევრობა, ინფლაცია და არცთუ ძლიერი ვალუტა ხელისუფლებისადმი მოსახლეობის მხარდაჭერას შეასუსტებს. ვენესუელას ეკონომიკა არასახარბიელო მდგომარეობაშია – ნაციონალიზებული საწარმოები შეფერხებებით მუშაობენ. ხელისუფლების თავდასხმის სამიზნე ყოველკვირეულად ახალი სექტორი ხდება. ბოლო მსხვერპლი ნავთობის მრეწველობა გახდა, რომელსაც ბრალი ზედაპირულ კვლევით ღონისძიებებში დასდეს. მომავალ სამიზნედ ვენესუელას საბანკო სექტორი მოიაზრება, რომელსაც შესასრულებლად წარმოუდგენელი ამოცანა მიეცა – კრედიტების მოცულობის ზრდა, მაშინ, როცა კერძო სექტორი საბანკო სესხებისადმი მცირე ინტერესს ამჟღავნებს.

ჩავესმა მოახერხა, რომ საერთაშორისო საზოგადოება დისტანცირებული ჰყოლოდა. ვენესუელას საგარეო დახმარება პეტროკარიბის – კარიბის ზღვის აუზის ნავთობგაერთიანების ქვეყნებისათვის, რომლებიც ნავთობს შეღავათიან ფასებში იძენენ – ქვეყნებისათვის აშშ-ის საგარეო დახმარებას 10-ჯერ აღემატება. ის ამერიკულ ორგანიზაციებში ვეტოს უფლებით სარგებლობს. ვენესუელას მხრიდან ნავთობის მიწოდების შეწყვეტის შიში, ბოგოტას აიძულებს, კარაკასის რეჟიმის შესახებ საკუთარი აზრი ხმამაღლა არ გამოთქვას.

აღსანიშნავია, რომ დიდ ესპანურ ენერგეტიკულ კორპორაციებთან ნავთობკონტრაქტების გამო, ესპანეთის მთავრობა ვენესუელაში დემოკრატიის პრობლემებზე ვერ საუბრობს.

 თუმცა დადებითი ძვრებიც შეიმჩნევა. ამერიკული ქვეყნების ორგანიზაციამ (OAS) განაცხადა, რომ ვენესუელას ეროვნული ასამბლეის მიერ განხორციელებულმა ბოლო ნაბიჯებმა ინტერამერიკული დემოკრატიული ქარტია დაარღვია. ეს ფაქტი გვიჩვენებს, რომ საერთაშორისო საზოგადოება მზადაა, ამ ქვეყნის ქმედებებს უპასუხოს. რამდენად შორს წავა ეს რეაქცია, რომელი ლათინოამერიკული ქვეყნები აღსდგებიან და მოსთხოვენ OAS-ს ვენესუელაში მიმდინარე პროცესების განხილვას – ჯერ ცნობილი არ არის. თუმცა, სამწუხაროდ, ამის ბევრი მსურველი არ უნდა იყოს.

ჩავესის რეჟიმი შესუსტდა, მაგრამ ჯერ არ დამარცხებულა. 2008 წლის იანვარში შეიქმნა ოპოზიციური პარტიების გაერთიანება – კოალიცია დემოკრატიული ერთობისათვის, რომელიც პოლიტიკურ ბრძოლას გეგმაზომიერი მოქმედებით ცდილობს. ამისათვის მას მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატის შერჩევა სჭირდება. ასეთებად კი გუბერნატორები – ენრიკე კაპრილასი, პაბლო პერესი და ასევე, ყოფილი მერი ლეოპოლდო ლოპესი – მოიაზრებიან. 

აუცილებელია, რომ შეერთებულმა შტატებმა ვენესუელას მიმართ ახალი საგარეო პოლიტიკური სტრატეგია შეიმუშაოს. ამერიკის კონგრესის წამყვანმა წევრებმა ქვეყნისათვის ეკონომიკური სანქციების დაწესების შესახებ წინადადება წამოაყენეს. ხალხში ჩავესის გმირად ქცევით ვენესუელა რეგიონში მეორე კუბა გახდება. ამიტომაც, აშშ-ის მხრიდან ბრძნული ნაბიჯი იქნება, არ ჩაერიოს ვენესუელაში მიმდინარე მოვლენებში, მით უმეტეს ისეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყნის ოპოზიცია კონსოლიდირებას თავადვე ახერხებს. თეთრი სახლის აქტიური ჩარევა პრობლემას მხოლოდ გაამწვავებს. აშშ არა ეკონომიკურ ინტერვენციონისტად, არამედ დემოკრატიული გზით ცვლილებების მხარდამჭერად  უნდა წარმოჩნდეს.

კომენტარები