გიორგი თარგამაძე: უსაფრთხოების კონცეფციაში მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული როლი უნდა აღინიშნოს

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი, გიორგი თარგამაძე მიიჩნევს, რომ ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული როლი უნდა აღინიშნოს. დღეს საპარლამენტო კომიტეტების გაერთიანებული სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ”მართლმადიდებლური ეკლესიის განსაკუთრებული როლი, რომელსაც ის ქვეყნის ისტორიაში ასრულებდა”, დოკუმენტის იმ ნაწილში უნდა შევიდეს, სადაც ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაზეა საუბარი.

ეროვნული უსაფრთხოების ახალ კონცეფციასთან დაკავშირებით გიორგი თარგამაძემ ხელისუფლებას კიდევ ერთი ინიციატივა შესთავაზა. მისი თქმით, დოკუმენტში ”სათანადოდ უნდა აისახოს” საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების საკითხი. ”გამოწვევების ნაწილში უნდა აისახოს არასაკმარისად ინტეგრირებული კომპაქტურად დასახლებული ეთნიკური უმცირესობების თემა,” განაცხადა ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა და დასძინა, რომ რამდენიმე რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის უმრავლესობა სახელმწიფო ენას არ ფლობს. ”ეს არის გამოწვევა. მართალია, ეს თემა პოლიტიკურად მგრძნობიარეა და, შესაბამისად, მაქსიმალურად დელიკატურად უნდა დაიწეროს,” აღნიშნა თარგამაძემ.

კომენტარები