უნგრეთის მთავრობა მედიის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანას დათანხმდა

უნგრეთის ხელისუფლებამ მედიის შესახებ ახალ კანონში ცვლილებების შეტანაზე თანხმობა განაცხადა მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა კანონი მკაცრად გააკრიტიკა. ევროკავშირის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ კანონი მედიის თავისუფლებაზე ”მიუღებელ შეზღუდვებს” აწესებდა. ოფიციალური ბუდაპეშტი კი ირწმუნებოდა, რომ ახლადმიღებული კანონი, რომელიც სხვა პუნქტებთან ერთად, დაუბალანსებელი მასალის მომზადებისთვის ჟურნალისტების დასჯას ითვალისწინებს, ევროკავშირის ”წესდებისა და სულისკვეთების” შესაბამისია. ორშაბათს, პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, უნგრეთის პრემიერ მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროკავშირის კრიტიკა დაგმო და ეს ”უნგრელი ხალხის ღირსების შელახვად” შეაფასა.

მიუხედავად ამისა, ოთხშაბათს უნგრეთის იუსტიციის სამინისტრომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მედიის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტს პარლამენტს ორი კვირის ვადაში წარუდგენენ. სამინისტროს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ცვლილებები მხოლოდ ”აზუსტებს და განმარტავს” იმას, რაც კანონმდებლებმა კანონის პირველ ვარიანტში ჩაწერეს. ”ეს ცვლილებები კანონში მხოლოდ იმიტომ შედის, რომ ის უფრო გარკვეული გავხადოთ,” აღნიშნა მან.

ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტი, ნილი კროესი უნგრეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებას მიესალმა და განაცხადა, რომ კომისია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების და დანერგვის პროცესს დააკვირდება. 

კომენტარები