კვანძი ორ კვირაში გაიხსნება

პირველი დღის მსგავსად, ძალიან დაძაბული და ბევრი კითხვების გამჩენი გამოდგა უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური  რაუნდის კიდევ ორი თამაში. ლონდონში არსენალმა უძლეველ ბარსელონას 2:1 მოუგო. დონეცკის შახტარმა გასვლით შეხვედრაში 3:2 დაამარცხა რომა.

ამ კვირის ოთხი მატჩიდან ყველაზე დიდ ინტერესს არსენალისა და ბარსელონას დაპირისპირება იწვევდა. საინტერესო იყო, მოახერხებდა თუ არა არსენალი ერთგვარი ნავსის გატეხვას და ბარსელონას დამარცხებას.

ანგარიში სტუმრებმა გახსნეს. 26-ე წუთზე ლეო მესის შესანიშნავი პასის შემდეგ ერთი-ერთზე დარჩენილმა დავიდ ვილიამ მეკარე უშანსოდ დატოვა. ისე ჩანდა, რომ ბარსელონას კიდე შეეძლო გოლების გატანა, იმავე მესის რამდენიმე შანსი ჰქონდა. თუმცა მეორე ტაიმში სტუმრები მოდუნებულები ჩანდნენ, ლონდონელებმა კი 78 და 85 წუთებზე ორი გოლის გატანა მოახერხეს და გაიმარჯვეს კიდეც. ბურთები რობინ ვან პერსიმ და შეცვლაზე შემოსულმა ანდრეი არშავინმა გაიტანეს.

რომში, დონეცკის შახტარმა 28-ე წუთზე პირველი გოლი კი გაუშვა სიმონე პეროტასგან, მაგრამ შემდეგი 13 წუთის განმავლობაში უკვე თვითონ გაუტანა მასპინძლებს სამი გოლი. თავი უკრაინელთა ბრაზილიურმა ლეგიონმა გამოიჩინა - ჯადსონი 29 წთ, დუგლას კოსტა 36 წთ. და ლუის ადრიანო 41-ე წთ. მეორე ტაიმში რომაელებმა ერთი გოლის გაქვითვა შეძლეს, ეს ჟერემი მენეზმა მატჩის 61-ე წუთზე მოახერხა.

განმეორებითი შეხვედრების წინ დიდი გაუგებრობაა. არავინ იცის, არასტაბილური რომა გაყინულ უკრაინაში რას იზამს. მათგან ყველაფერია მოსალოდნელი - დიდი ანგარიშით წაგებაც და მოგებაც.

ასევე გაუგებარია რა მოხდება - არსენალის მატჩში. მოუმზადებს თუ არა არსენ ვენგერი ახალგაზრდა ხოსეპ გვარდიოლას სურპრიზებს და მოახერხებს თუ არა საბოლოოდ ლონდონური კლუბი კატალონიური კომპლექსის მოხსნას. შარშან ჩემპიონთა ლიგის ამავე ეტაპზე, პირველ შეხვედრაში ინგლისში 2:2-ს შემდეგ, ბარსელონელებმა კამპ ნოუზე მოწინააღმდეგე გაანადგურეს - 4:1.

კომენტარები