”მრისხანების დღე” ლიბიაში

ლიბიაში ოპოზიციიური პარტიები და მათი მომხრეები დღეს ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავენ. ”მრისხანების დღე” - ასე უწოდებენ დღევანდელ დღეს დემონსტრანტები. ოპოზიცია ლიბიის ლიდერს, მუამარ კადაფის გადადგომისკენ მოუწოდებს. სამშაბათს გამართული საპროტესტო აქცია დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკებებში გადაიზარდა. დაპირისპირებების დროს ორმოცამდე ადამიანი დაშავდა.

ქვეყანაში არსებული დაძაბულობის განმუხტვის მიზნით, ლიბიის ხელისუფლებამ გუშინ 110 ისლამისტი გაათავისუფლა. ისინი ე.წ. ლიბიური ბრძოლის ისლამისტური ჯგუფის წევრები არიან. უცხოური მედიის ცნობით, მათი გათავისუფლებით ლიბიის ხელისუფლება საპროტესტო ტალღის დაცხრობას ცდილობს. ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დანებებას არ აპირებენ. ”ჩვენ ამ რეჟიმს დავამხობთ და კოალიციურ მთავრობას ჩამოვაყალიბებთ,” აღნიშნა ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ჰადი შალუფმა.

დაძაბულობაა ბაჰრეინშიც, სადაც წუხელ, ოთხდღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ, პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა მანიფესტანტები. სპეცოპერაცია მაშინ დაიწყო, როცა დემონსტრანტების უმრავლესობას დედაქალაქ მანამას ცენტრში გაშლილ კარვებში ეძინა. შეტაკებების დროს ათობით ადამიანი დაიჭრა. არაოფიციალური მონაცემებით, გარდაცვლილია 3 ადამიანი.

კომენტარები