კომპანია კოკა-კოლა საიდუმლო რეცეპტის გამჟღავნებას უარყოფს

კომპანია კოკა-კოლა  უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჟურნალისტებს მათ მიერ წარმოებული გამაგრილებელი სასმელის საიდუმლო რეცეპტი ჩაუვარდათ ხელთ.  ”ბევრი ცდილობდა ჩვენი საიდუმლოს გამჟღავნებას.  დაე ეცადონ, მაინც მხოლოდ ერთი კოკა-კოლა იარსებებს,” აღნიშნა კომპანიის სპიკერმა, კერი ტრესლერმა ამერიკელ ჟურნალისტებთან საუბრისას ”რაც მათ იპოვეს, ეს ის რეცეპტი არ არის,” დასძინა მან.

გასულ კვირას პოპულარული ამერიკული რადიოგადაცემის წამყვანმა, აირა გლასმა განაცხადა, რომ კოკა-კოლას საიდუმლო რეცეპტი იპოვა. ”არ ვხუმრობ, ერთ-ერთი ყველაზე გასაიდუმლოებული საფირმო რეცეპტი ახლა ჩემს წინ დევს და მის შემადგენლობას ახლავე წაგიკითხავთ,” განაცხადა პირდაპირ ეთერში გლასმა. მისი თქმით, საიდუმლო რეცეპტი მან ერთ-ერთ ძველ ჟურნალში აღმოაჩინა. ჟურნალისტმა ფორმულა  მწერალ მარკ პენდერგრასტის ერთ-ერთ წიგნში გამოქვეყნებულ რეცეპტს შეადარა. გაირკვა, რომ ორივე მათგანი იდენტური იყო.

ამ აღმოჩენის შემდეგ სიეტლის ერთ-ერთ ქარხანაში კოკა-კოლას დამზადება სცადეს, თუმცა, როგორც უცხოური მედია იუწყება, სიეტლში დამზადებული სასმელის გემო ცნობილი კოკა-კოლასგან განსხვავებულია. სპეციალისტების თქმით, ეს მოსალოდნელი იყო, რადგან ერთ-ერთი ინგრედიენტის იმპორტირების უფლება, აშშ-ს ხელისუფლების ნებართვით, მხოლოდ კომპანია კოკა-კოლას აქვს. ეს არის კოკაინის ფოთლების თხევადი ექსტრაქტი, რომელიც ნივთიერება კოკაინს არ შეიცავს. 

კომენტარები