აჰმადინეჟადი: მტრები ცდილობენ ირანელი ერის ბრწყინვალებას ჩრდილი მიაყენონ

ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჟადმა ვეყნის ხელისუფლების წინააღმდეგ ორშაბათს გამართული ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციები დაგმო და ორგანიზატორების დასჯის პირობა დადო. ”ისინი ცდილობენ ირანელი ერის ბრწყინვალე სახეს ჩრდილი მიაყენონ,” განაცხადა სატელევიზიო გამოსვლისას ირანის პრეზიდენტმა. აშშ-ს პრეზიდენტის, ბარაკ ობამას ირანის ხელისუფლების მიმართ გაკეთებული განცხადებებით გაღიზიანებულმა აჰმადინეჟადმა აღნიშნა, რომ ირანელ ხალხს მტრები ჰყავს. ”ეს იმიტომ, რომ ჩვენს ერს უნდა იბრწყინოს, დაიპყროს მწვერვალები და შეცვალოს საერთაშორისო ურთიერთობები,” განაცხადა მან.

სამშაბათს აშშ-ს პრეზიდენტმა ოპოზიციის გამოსვლებზე ირანის ხელისუფლების რეაქცია მკაცრად გააკრიტიკა. ”მე ვხედავ ირონიას იმაში, რომ ერთის მხრივ, ირანის რეჟიმი აცხადებს, თითქოს ეგვიპტეში მომხდარ მოვლენებს მიესალმება, მეორეს მხრივ კი იმის საწინააღმდეგოდ იქცევა, რაც ეგვიპტეში მოხდა და სცემს იმ ხალხს, რომელიც მშვიდობიანი გზით ცდილობდა თავისი პოზიციის გამოხატვას,” აღნიშნა ობამამ. აშშ-ს პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონს არ შეუძლია ირანში მიმდინარე მოვლენებში ჩაერიოს, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ირანელებს ”ეყოფათ სიმამაცე, რომ თავისუფლების მიმართ თავიანთი სწრაფვა გამოხატონ.”

ორშაბათს თეირანსა და ირანის სხვა დიდ ქალაქებში ათასობით დემონსტრანტმა პრეზიდენტ აჰმადინეჟადის გადადგომა მოითხოვა. აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის შეტაკებებს, ბოლო მონაცემებით, ორი ადამიანი ემსხვერპლა. ტელეკომპანია BBC იუწყება, რომ დღეს ერთ-ერთი გარდაცვლილის დაკრძალვის ცერემონიის დროს კიდევ ერთი შეტაკება მოხდა - ამჯერად ხელისუფლების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. ორივე მხარე ამტკიცებს, რომ გარდაცვლილი სტუდენტი მათი მომხრე იყო.

კომენტარები