რაც იცხოვრე, ის იხატება

ეთერ ჭკადუას პერსონალურ გამოფენას თოჯინების მუზეუმი მასპინძლობს. ექსპოზიცია მინირეტროსპექტივას წარმოადგენს – ორი ახალი ტილო „ოტობაია” და „მყვინთავი”, სტუდენტობის პერიოდში შესრულებული ნამუშევრები და ფანქრით დახატული ესკიზები ფერწერული კომპოზიციებისათვის ნათლად წარმოაჩენს ამ გამორჩეულად ინდივიდუალური ხედვის მხატვარს, მისი შემოქმედების განვითარების გზას, მის ესთეტიკას.
დიდი ხანი არაა, რაც ნიუ იორკსა და იამაიკაზე ცხოვრობს, ცამეტი წელია, ჯივამუქტი იოგას პრაქტიკითაა დაკავებული, უყვარს ლიტერატურა, რასტაფარები, მარიხუანის ლეგალიზაციის აქტივისტი და გამორჩეულად ნიჭიერი, სიცოცხლის ვნებით სავსე არტისტია. მასთან საუბარი ისეთივე საინტერესო და განსაკუთრებული მანერის აღმოჩნდა, როგორიც მისი ნახატები, როგორიც თავად ეთერია.

 

შენს ნამუშევრებში აკადემიური ნახატი კონცეფციის ნაწილია, წამყვან როლს ასრულებს. რამდენად მნიშვნელოვანია ნახატი და შემდეგ უკვე „მაგიური ფემინიზმი”, „კონცეპტუალური რეალიზმი”?

მას შემდეგ, რაც „ნადირობა” (1988წ.) დავხატე, ფიგურატიულ ნახატზე, ნაწილობრივ რეალიზმზე უარი აღარასოდეს მითქვამს. ვგრძნობ რომ ჩემია. თუმცა მაშინ, ეს არავის აინტერესებდა. მე კი ვხვდებოდი, რომ მხოლოდ ამ ფორმით მოვახერხებდი რამეს. მახსოვს, იმ დროს იმასაც კი მეუბნებოდნენ – არ გეზარება რომ ხატავ, დაიქირავე ვინმე, მაგალითად კორეელები და იმათ მიეცი შეკვეთა, დაგიხატონო.
ერთი ფოტო მაქვს, სადაც მე და ჩემი ძმა ძალიან პატარები ვართ – მე სამი წლის და ვხატავ, ყოველთვის მიყვარდა ხატვა. კარგად ვსწავლობდი სკოლაში, ბეჯითი ვიყავი.  უფრო დისციპლინა მაქვს, თორემ ისე...
 
ყველაფერს ვნახულობ და ყველგან დავდივარ – რაც იცხოვრე,  მერე ის იხატება. დღისით სხვადასხვა რამეებს ვაკეთებ, თითქმის ყოველ საღამოს კი ვხატავ. ამ ბოლო დროს წელიწადში ორ-სამ ნამუშევარს ვასრულებ, ბევრს ვფიქრობ კომპოზიციაზე, რაკურსზე მანამ, სანამ ზუსტად არ დავინახავ. მერე კი, როგორც მედიტაცია, კონცენტრირებას ვაკეთებ და ნელა ვმუშაობ, ხანდახან ისე ვიღლები... ხელი მტკივა, მეჭიმება, მაგრამ მხოლოდ ასე იხატება.

როგორ  შეიცვალა შენი ნახატების თემატიკა, შენი ნამუშევარი „წითელში”, რომელიც ალბათ დასაწყისია ზოგადად იმ სერიისა, რომელზეც ახლაც მუშაობ?

როდესაც საქართველოდან წავედი, 23 წლის ვიყავი და ზუსტად ამდენივე წელიწადია, რაც საზღვარგარეთ  ვცხოვრობ. პრინციპში იქ გავიზარდე ფიზიკურადაც და ნახატებშიც. რასტაფარების სუბკულტურით ვიყავი მოხიბლული, მიზიდავდა მათი დაუმორჩილებლობა, ანარქიზმი... დღეს ნაწილობრივ კინგსტონში ვცხოვრობ. ჩემს ადრეულ ნამუშევრებში სწორედ მათზე ვყვებოდი, ისინი იყვნენ პერსონაჟები, დეკლასიფიკაციას ვუკეთებდი, ამაღლებულად, წმინდანებად ვხედავდი. კლასიკური მანერით ვხატავდი. ნიუ იორკისთვის ეს არ იყო რაღაც განსაკუთრებული, ვერ ხვდებოდნენ რა მომწონდა, რატომ ვაკავშირებდი ერთმანეთთან ამ ორ რამეს – რასტაფარებს და იდეალიზირებულ სტილს. ერთ რასტაფართან,  შეინთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრად მიყვარდა. ის იყო ჩემი ინსპირაცია. როდესაც ძალიან დაგვეძაბა ურთიერთობა, ცუდად ვიყავი, სწორედ მაშინ დავხატე ორი ნამუშევარი „ლურჯი საყურე” და „წითელში”. ალბათ ეს იყო გარდატეხის მომენტი, როდესაც გაჩნდა ეგზოტიკური გარეგნობის ეს უცნაური ქალი. ამის შემდეგ ასეთი ფორმით გადმოვცემ ისტორიებს. ნიუ იორკში მოსწონთ, იბნევიან, აინტერესებთ საიდან არის, ვინ არის, როგორია, რა უნდა...

 დილერები, გალერისტები, კოლექციონერები – როგორ აეწყო შენი ურთიერთობა სისტემასთან, რომელიც მართავს თანამედროვე ხელოვნებას?

 გალერეები, დილერები და კურატორები ქმნიან და მიმართულებას აძლევენ მხატვრებს, უვლიან და უზრუნველყოფენ ყველაფრით – ინტელექტუალური თამაშივითაა. რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი მხატვრის ნამუშევარია, მათ პირადად უნდა მოსწონდეთ. ძლიერი ხედვის მქონე გალერისტებს და კოლექციონერებს აქვთ ამბიცია, რომ ისტორიის ეს მონაკვეთი მათ სახელს უკავშირდებოდეს. თან თაობა იცვლება, ახალ ხალხს აქვს ფული და სურვილი რაღაც სხვა მოსწონდეთ. სწორედ ამიტომაა, რომ ერთი რისკიანი დილერი მთლიანად ფლობს რომელიმე მხატვრის ნახატებს და მერე ასტრონომიულ ფასად ყიდის. ჩემი ნახატების დიდი ნაწილი დილერის ხელშია და ჯერ კიდევ წინაა განსაკუთრებული მომენტი.  

 როგორ იცვლება საქართველო შენთვის, რას ფიქრობ თანამედროვე საქართველოზე, კულტურაზე?

 ახალი ეკლესიების აშენების მაგივრად ძველს უნდა მივხედოთ, უფრო ინტიმური უნდა იყოს რელიგია და არა ასე აფიშირებული. ეს ძალიან შესამჩნევია... ადრე უფრო იყო მისტერიის განცდა.
ჩვენ მხოლოდ მაღალი დონის, მაღალი რანგის ხელოვნებასთან უნდა გვქონდეს ურთიერთობა, უნდა ჩამოვიყვანოთ ლექციებით ნომერ პირველი, დიდი მხატვრები, მოქანდაკეები, არქიტექტორები... რომ ახალგაზრდებმა ნახონ რა ხდება მსოფლიოში, რა არის მოდერნ-არტი. ხელოვნება შეიძლება იყოს და უნდა იყოს  პოლიტიზირებული, მაგრამ აბსოლუტურად თავისუფალი პოლიტიკოსების ინტერესებისაგან. უნდა არსებობდეს სკოლა, ახალი და გულწრფელი კრიტიკა, სხვანაირად ისევ უკან აღმოვჩნდებით. ამიტომ მომწონს ახალი არქიტექტურა. თუ აქ მაგარი არქიტექტორები ააშენებენ, კარგი იქნება.
რაც ჩვენია, ჩვენი ტრადიციაა: სტუმარი, სიყვარული, სტუმართმოყვარეობა – ესაა ჩვენი გზა, ეს უნდა ვაკეთოთ, ეს ვიცით. ბევრი სტუმარი უნდა მივიღოთ, რომ მსოფლიოს ნაწილი გავხდეთ, ამიტომ ვფიქრობ, რომ მარიხუანის ლეგალიზაცია თუნდაც სამედიცინო მიზნებით, მაშინ როდესაც ხალხი ტრავმირებულია ამდენი სტრესების შემდეგ, არაჩვეულებრივი საშუალებაა განტვირთვისათვის და არაა ისეთი აგრესიული, როგორც ალკოჰოლი. ჩვენც ვისიამოვნებთ და ტურისტებისთვისაც კარგი იქნება, რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში და აქ 18 წლის მოზარდებს არ ვგულისხმობ. ვიღას მოუნდება ცივი ამსტერდამი. აქ კარგი ამინდია, კარგი საჭმელი, ეგზოტიკაა, ახალი ქვეყანა გამოჩნდება, რომელიც თავისუფალი, ლიბერალური, ლაღია. აქ ყველას მოუნდება ჩამოსვლა. წინ წავალთ.

კომენტარები