პარლამენტში ეროვნული უსაფრთხოების ახალი კონცეფცია განიხილეს

საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებულ ვარიანტზე მუშაობა დაიწყო. დოკუმენტი უმცირესობისა და უმრავლესობის  წარმომადგენლებმა და უშიშროების ეროვნული საბჭოს მდივანმა, გიგა ბოკერიამ  პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტში დახურულ კარს მიღმა განიხილეს.  აღსანიშავია, რომ საქართველოს უსაფრთხოების კონცეფცია 2005 წლიდან არ განახლებულა.   ”დოკუმენტში შეტანილი ფუნდამენტური ცვლილება მხოლოდ ის არის, რომ რუსეთი პირველად არის დასახელებული საფრთხედ,” აღნიშნა რეიტეგრაციის მინისტრმა   ეკა ტყეშელაშვილმა.

დახურული შეხვედრის დასრულების  შემდეგ უშიშროების საბჭოს მდივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აუცილებელია შეიქმნას ტრადიცია, რომელიც მსგავს დოკუმენტებზე მუშაობაში საპარლამენტო ზედამხედველობას დაწესებს. "დოკუმენტში არსებითი ცვლილებების შესახებ განხილვები კომიტეტებში დაიწყება და ყველას მიეცემა საშუალება კონცეფციის შესახებ ჩვენს ხედვას გაეცნოს", დასძინა ბოკერიამ. უშიშროების საბჭოს მდივნის მოდგილის, ბათუ ქუთელიას თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტი ”სრულად ასახავს” საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებსა და საფრთხეებს, მათ შორის ტერიტორიების ოკუპაციას, რუსეთს, რეგიონის   არასტაბილურობას, ჩრდილოთ კავკასიაში მიმდინარე მოვლენებს, ეკოლოგიურ საფრთხეებს, კულტურული და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებას და ა.შ.

ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის წარმომადგენელმა, ნიკა ლალიაშვილმა ”ტაბულასთან” საუბრისას ხელისუფლების მიერ წარმოდგენილ უსაფრთხოების კონფეციას უწოდა ”დოკუმენტი, რომელიც ადეკვატურად ასახავს საქართველოს წინაშე მდგარ საფრთხეებსა და გამოწვევებს.” თუმცა, მისივე თქმით, არის საკითხები, რომლებიც ”დაზუსტებას საჭიროებს.” ამ საკითხებზე ქრისტიან-დემოკრატებმა საკუთარი რეკომენდაციები წარმოადგინეს.

”კარგი იქნება, თუ იქ, სადაც საუბარია კულტურული და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაზე, მკაფიოდ გამოიკვეთება საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის როლი,” განაცხადა ლალიაშვილმა ”ასევე ჩვენი რეკომენდაციაა,  საფრთხეებისა და გამოწვევების  ჩამონათვალში შევიდეს კომპაქტურად დასახლებული ეროვნული უმცირესობების იზოლირებულობა და არაინტეგრირებულობა  და სამოქალაქო თავდაცვითი სისტემის არარსებობა,” დასძინა მან.

კომენტარები