ირანელი პარლამენტარები ოპოზიციის ლიდერების სიკვდილით დასჯას მოითხოვენ

ირანელი კანონმდებლები ოპოზიციის ლიდერების, მირ ჰუსეინ მუსავის და მეჰდი ქარუბის სიკვდილით დასჯას მოითხოვენ.  პარლამენტის 50  წევრი  დღეს საკანონმდებლო ორგანოს მთავარ დარბაზში შეიკრიბა და საპროტესტო მარში მოაწყო. ”სიკვდილი მუსავის, სიკვდილი ქარუბის!” სკანდირებდნენ კონსერვატორი პარლამენტარები.

ქარუბის და მუსავის  ორშაბათს თეირანში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ შინაპატიმრობა აქვთ მისჯილი. ტელეკომპანია BBC-ს ცნობით, გუშინდელი დემონსტრაციების დროს პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებებს ერთი ადამიანი ემსხვერპლა და რამდენიმე დაშავდა. დაკავებულია ათობით აქტივისტი. ტუნისსა და ეგვიპტეში მომხდარი მოვლენებით შეგულიანებულმა ირანელებმა საპროტესტო აქციები ქვეყნის რამდენიმე დიდ ქალაქში გამართეს და პრეზიდენტის, მაჰმუდ აჰმადინეჟადის გადადგომა მოითხოვეს. ”სიკვდილი დიქტატორს!” - ასეთი იყო დემონსტრაციების მთავარი სლოგანი.

ოფიციალურმა ვაშინგტონმა ირანში გამართულ საპროტესტო აქციებს მხარდაჭერა გამოუცხადა. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ ირანმა ”თავისი პოლიტიკური სისტემა უნდა გახსნას.” ”აშშ-ს იგივე გზავნილი აქვს ირანელი ოფიციალური პირებისთვის, როგორიც ეგვიპტელებისთვის ჰქონდა,” განაცხადა კლინტონმა.

კომენტარები