თბილისის კონტური საგამოფენო სივრცეში

ამ გამოფენაზე დამთვალიერებელი რამდენჯერმე მოვიდა. ამიტომაც გალერეის მფლობელებმა ექსპოზიცია საკმაოდ დიდი ხნით დატოვეს. კოტე სულაბერიძის გამოფენა – „ცა თბილისის თავზე”, ზამთრის საგამოფენო სეზონის ჰიტი გახდა. ეს არც თანამედროვე ტექნოლოგიებით შექმნილი არტია და არც ტრადიციული ფერწერა. დამთვალიერებელი Gala Gallery-ში ძირითადად რამდენიმე მიზეზის გამო მოდიოდა: ნამუშევრების კონცეფციის, მისი ტექნიკური გადაწყვეტის ანაც ჩვენი დროის თბილისის აღმოსაჩენად.

თავიდან ნელ-ნელა ინაცვლებდი ერთი ტილოდან მეორეზე და თბილისის ნაცნობი ადგილების (შოთა რუსთაველის ძეგლი, მუზა და ფილარმონიის კონტური, ტელეანძა...) „ამოცნობით” ერთობოდი. და მერე ნელ-ნელა ხვდებოდი, რომ მუზაც, შოთას ძეგლიც, ანძაც თუ მხატვრის მიერ დახატული რომელიღაც კორპუსის „შავი კარკასიც” მთლიანობაში თბილისის კონტური იყო, რომელიც თავისდაუნებურად თბილისის ცას შემოსაზღვრავს. მარტივად რომ ვთქვათ, გალერეაში წარმოდგენილი 14 ტილო მთლიანობაში თბილისის ცის ერთი დიდი ფერწერული ტილო იყო.

კოტე სულაბერიძე პირველი მხატვარია, რომელმაც  „გაბედა” და თბილისის უახლესი ისტორიის პეიზაჟი – „ახალი ესტაკადა” ტილოზე გადაიტანა. თქვენ წარმოიდგინეთ, გამოფენის გახსნაზე სწორედ ამ ნამუშევრის წინ ირეოდა ყველაზე მეტი დამთვალიერებელი.

კოტე სულაბერიძე: „ჰო, ესტაკადა გაცილებით ლამაზია ჩემს ტილოზე, ვიდრე სინამდვილეშია. სიმართლე გითხრათ, როცა მის ჩანახატს ვაკეთებდი, საზოგადოების განწყობაზე არც მიფიქრია. მე მჭირდებოდა კონკრეტული „ობიექტები” ცის „აღსანიშნად”.

– იმპულსი საიდან წამოვიდა?

კოტე სულაბერიძე: „ყველაფერი ბავშვობის მოგონებით დაიწყო, როცა ჩვენ –  4 მეგობარი მთელი დღეები ქალაქის ქუჩებში დავეხეტებოდით და ჩანახატებს ვაკეთებდით. ფაქტობრივად ამ დროიდან იწყება ქალაქის კონტურის შეგრძნება. ჩემთვის თბილისის აღქმა ხატვით დაიწყო.

ორი წლის წინ სწორედ თბილისის ქუჩებში ეს ბავშვობის დროინდელი ხეტიალი გავიხსენე და ჩანახატებიც მაშინ გავაკეთე. ერთ-ერთ ობიექტზე მუშაობის დრომ წვიმამ მომისწრო და ხატვა შევწყვიტე. მოგვიანებით აღმოვაჩინე, რომ ის ადგილი ცარიელი დარჩენილიყო, როგორც კონტური. სწორედ აქედან წამოვიდა იმპულსი, დამეხატა არა ტრადიციული ფასადები და ჩუქურთმები, არამედ კონტურები და ცა თბილისის თავზე”.

ექსპოზიცია გალერეის თეთრ კედლებზე მკაცრად, რეგლამენტირებულად იყო გამოფენილი, თვალშისაცემი სტილითა და პროფესიონალიზმით.

„ეს ნამუშევრები სპეციალურად ამ გალერეისთვის შევქმენი ორ თვეში და ორი წლის წინანდელი ჩანახატები ტილოზე გადავიტანე”, – ამბობს მხატვარი.

სხვათა შორის, Gala Gallery-ის ხელწერა და მხატვრებთან მუშაობის პრინციპი თბილისის საგამოფენო სივრცეში დასავლური სტანდარტების გამოჩენაზე  მიგვანიშნებს. თითქმის ერთწლიანი არსებობის მანძილზე აქ არ გაკეთებულა კომპრომისები მდარე ხარისხის გამოფენებზე. ერთიმეორის მიყოლებით ოლეგ ტიმჩენკოს, ვახო ბუღაძის, გურამ წიბახაშვილის, კოკა რამიშვილის გამოფენებისთვის აქ პერსონალურად, ყოველ ჯერზე იცვლება სივრცე, იღებება კედლები, იდგმება ტიხრები და ა. შ., იმისათვის, რომ  ნამუშევარი და საგამოფენო სივრცე ერთმანეთს ლოგიკურად მოერგოს.

ახალი ექსპოზიცია კი გალერეის სამ დარბაზში გამოიფინა. Gala Gallery-მ, უკვე მკეთრად გამოკვეთილი საკუთარი ავტორები (კოტე სულაბერიძე, ოლეგ ტიმჩენკო, გურამ წიბახაშვილი, კოკა რამიშვილი, ვახო ბუღაძე, მიშა გოგრიჭიანი, მიშა შენგელია, უშანგი ხუმარაშვილი) კლასიკოსების – გუდიაშვილის, კაკაბაძის, ახვლედიანის, ბაიაღჩევის გვერდით გამოფინა შემდეგი კონტექსტით: „კლასიკოსები და მომავალი კლასიკოსები”.

ახლების ანუ „მომავალი კლასიკოსების” ნამუშევრები ამჯერად ერთ პროექტში ერთიანდება, რომელსაც „აფხაზეთში ნაპოვნი ნიჟარები” ჰქვია. სახელწოდებისა და განწყობის ინსპირაციის წყარო მიშა გოგრიჭიანის მასშტაბური ტილო იყო, რომელიც გალერეაში შესვლისთანავე მოგხვდებათ თვალში. დანარჩენი კი სჯობს, თავად შეაფასოთ.  

მის: ათონელის ქ.#27

(მშრალი ხიდის ქვეშ)

კომენტარები