პაატა დავითაია: უსაფრთხოების კონცეფციაში ღიად უნდა ჩანდეს ვინ არის საქართველოს მტერი

 ხვალიდან საქართველოს პარლამენტში კანონმდებლები ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებაზე დაიწყებენ მუშაობას. ამის შესახებ პარლამეტის ბიუროს სხდომაზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ განაცხადა.

”ეს ბუნებრივი და აუცილებელია, რადგან უსაფრთხოების კონცეფცია არის ცოცხალი დოკუმენტი, რომლის განახლებაც ქვეყანაში არსებული სიტუაციის და მის გარშემო არსებული საფრთხეების გათვალისწინებით, მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს,” აღნიშნა ბაქრაძემ. მისი თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, გიგა ბოკერია ხვალ საპარლამენტო უმცირესობისა და უმრავლესობის წარმომადგენლებს უსაფრთხოების კონცეფციის შესახებ თავის ხედვას გააცნობს.

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პაატა დავითაიამ განახლებულ დოკუმენტში ”საქართველოს მტრის ღიად დაფიქსირება” მოითხოვა. ”მთავარია, ღიად ჩანდეს, ვინ არის საქართველოს მტერი. ”ამის შემდეგ უფრო ადვილია სიტუაციის დალაგება და მიმართულებების განსაზღვრა უსაფრთხოების მხრივ,” განაცხადა დავითაიამ და დასძინა, რომ ის მიესალმება ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის განახლებაზე მუშაობის დაწყებას. 

კომენტარები