ბავშვთა სამყარო

2002 წლის ცხელი აგვისტო იყო. მოსკოვში ჩემს ქართველ მეგობრებს ვსტუმრობდი. ერთ დღეს არბატზე წიგნის მაღაზიაში უაზრო ხეტიალისას შემთხვევით თვალში მომხვდა წიგნი, მაშინ ჩემთვის არაფრისმთქმელი გვარ-სახელით – იური ანდრუხოვიჩი. რომანი „პერვერზია”. საზიზღარი გამოცემა იყო, საშინელი დიზაინით. იქვე თაროზე იდო ამავე ავტორის მეორე რომანი „მოსკოვიადა”, პირველზე უარესი ყდით. არ ვიცი, რატომ, მაგრამ მაშინ ორივე წიგნი ვიყიდე.
იმავე ღამით ვიფიქრე, „მოსკოვიადას” ჩავხედავ და დავიძინებ-მეთქი და... ვერ დავიძინე. ბავშვობის შემდეგ ეს იყო ერთ-ერთი იმ იშვიათ წიგნთაგანი, რომელმაც უდიდესი სიამოვნებით გამათენებინა ღამე. რომანი აღწერს – აღწერს საშინლად და დაუნდობლად – ლიტინსტიტუტის სტუდენტის ოტო ფონ ფ.-ის ერთ მოსკოვურ დღეს. ერთ უსასრულოდ სევდიან, დრამატულ, გროტესკულ და სრულიად ფანტასტიკურ დღეს! 90-იანი წლების მოსკოვურ ჯოჯოხეთში თუ ჯოჯოხეთურ მოსკოვში პოეტი და ფილოსოფოსი ოტო ფონ ფ. ერთ დილით საერთო საცხოვრებლიდან „ბავშვთა სამყაროსკენ” მიემართება, რომ მეგობრის შვილს სათამაშო უყიდოს. მაგრამ, სანამ პოეტი დანიშნულების ადგილამდე მიაღწევს, ჯერ მისი ოთახის ფანჯრიდან უნდა გადახტეს სხვა სტუდენტი და მოკვდეს, შემდეგ შავკანიან ქალთან უნდა ქონდეს სექსი საერთო საცხოვრებლის საშხაპეში, შემდეგ ლუდის ბარში – რომელიც ჯოჯოხეთის ფილიალს გავს – უნდა გამოვიდეს პახმელიაზე, ამაოდ ეცადოს საყვარელ ქალთან შეხვედრას, შემდეგ მაღაზიაში ბოშათა ბარონმა ჯიბიდან საფულე უნდა ამოაცალოს, ბარონის დევნაში კი მაღაზიის სარდაფში აღმოჩნდეს, სადაც ირკვევა, რომ „ბავშვთა სამყაროს” ქვეშ სტიქსივით განიერი და უკიდეგანო მილი გადის, რომელშიც მოსკოველთა განავალი მიედინება, სადაც დაიხრჩობა კიდეც ბარონი – ჩავარდება რა მასში ღია ლიუკიდან, შემდეგ პოეტი მილიციამ უნდა დაიჭიროს და აწამოს, და ა.შ., და ა.შ., მანამ, სანამ პოეტი არ გაიქცევა-გააღწევს მოსკოვიდან – ჯოჯოხეთიდან.
 

რომან „პერვერზიას” კიდევ უფრო ფანტასტიკური სიუჟეტი აქვს, რომლის მოქმედებაც ვენეციაში ხდება –- პოეტური კარნავალი ნიღბების კარნავალის ქალაქში... თუმცა მასზე საუბარი შორს წაგვიყვანს. თან ამ რომანზე საუბარს მისი წაკითხვა ჯობია.
„მოსკოვიადას” და „პერვერზიას” შემდეგ გავარკვიე, რომ პოეტი, პროზაიკოსი და ესეისტი იური ანდრუხოვიჩი თანამედროვე უკრაინული ლიტერატურის პატრიარქი და უბრალოდ კაი კაცი ყოფილა.
 

დღეს 50 წლის ანდრუხოვიჩი ცხოვრობს და მოღვაწეობს ივანო-ფრანკოვსკში. მიღებული აქვს ჰერდერის პრემია (2001) რომანისთვის „პერვერზია” და ცენტრალური ევროპის ლიტერატურული პრემია ანგელუსი (2006) რომანისთვის „თორმეტი სალტე”. მის სახელს უკავშირდება ე.წ. სტანისლავსკის ფენომენის გაჩენა და ფრანკოვსკში ადგილობრივი შემოქმედებითი ელიტის ფორმირება. მისი შემოქმედება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თანამედროვე უკრაინულ ლიტერატურულ პროცესებზე. მისი წიგნები თარგმნილია ბევრ ევროპულ ენაზე. იგი ღიად გამოდის უკრაინაში რუსეთის გავლენის და რუსული ენის წინააღმდეგ. ანდრუხოვიჩი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც რუსეთ-საქართველოს ომი დაგმო: „ეს ომი – რა მნიშვნელობა აქვს, ვინ დაიწყო – რუსეთის პროვოცირებულია, რადგან აგრესორი ყოველთვის იგი იყო. რუსეთი თავის თავზე ავის მომასწავებლადაა შეყვარებული და საშინლად თავხედია”.

 

როგორ აღწერდით განსხვავებას ივანო-ფრანკოვსკის, ლვოვისა და კიევის „ეკზისტენციალურ კლიმატებს” შორის?

ლვოვი და ფრანკოვსკი ერთმანეთთან ძალიან ახლოსაა, ჩვენ სულ რაღაც 140 კილომეტრი გვაშორებს, ისტორიულად და რეგიონალურად ჩვენ გალიცია ვართ. ლვოვი პატარა პროვინციული ქალაქია, რომელიც თავის თავს რატომღაც მეტროპოლიად მიიჩნევს. ლვოვი ის ძაღლია, თავისი ჯიშიანობით რომ ტრაბახობს, არადა, მისი ჯიშიანობა საკმაო ეჭვებს ბადებს. ფრანკოვსკი კი უჯიშო და უპრეტენზიო ძაღლია. პროვინცია, რომელსაც არ რცხვენია, რომ პროვინციაა. ლვოვის ენობრივი გარემო საკმაოდ რთულია. 1950 წლიდან მოყოლებული მოსახლეობის თითქმის მესამედი რუსულად მეტყველებს. ფრანიკი უფრო მრავალენოვანია. კიევი კი უიღბლო ქვეყნის დედაქალაქია, რომელიც თანდათან თვითონვე ხდება უიღბლო. მიჩნეულია, რომ კიევით უნდა აღფრთოვანდე. მაგრამ მე ვთვლი, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ უკრაინული ფარისევლობისა და თავის მოტყუების შემადგენელი ნაწილია. კიევში ყველაზე უფრო მისი საზოგადოებრივ-პოლიტიკური შემგუებლობა მაოცებს. ესაა დედაქალაქი, რომელსაც არ გააჩნია იმისი  უნარი, ერთ საპროტესტო აქციაზე მაინც გავიდეს. მას უთუოდ ჭირდება ემოციური საკვები რეგიონებიდან. ნარინჯისფერი რევოლუციის დროს კიევი უცბად უკრაინულად ალაპარაკდა. ახლა კონტრრევოლუციამ გაიმარჯვა და კიევიც ისევ რუსულად მეტყველებს. პირდაპირ რაღაც ცომია და არა ქალაქი.

 თქვენი ადრეული წიგნების გმირი მეოცნებე, პოეტი, ხულიგანი, პოლიტიკური რეფლექსიებისგან გაუცხოებული ტიპია. რამდენადაა ეს პერსონაჟი ავტობიოგრაფიული. როდის აღმოაჩინეთ თქვენში საზოგადო მოღვაწის პოტენციალი?

პოლიტიკა არსებობის ნაწილად მიმაჩნია. რადგან ვარსებობ, მაშასადამე, მე მას ვერსად გავექცევი. მით უფრო, რომ მე დავიბადე ქვეყანაში, სადაც პოლიტიკა – ამ სიტყვის უბინძურესი გაგებით – ყოველდღიურად გვასახიჩრებს და ტრავმებს გვაყენებს მეც და ჩემს თანამემამულეებსაც. ამიტომ – ვიტყვი გულახდილად, თუმცა გულუბრყვილოდ, – ვცდილობ, რაღაც ზეგავლენა ვიქონიო, რომ ეს ტრავმები რამენაირად შევამსუბუქო. მე ვერ ვხედავ ჩემში საზოგადო მოღვაწის პოტენციალს. მაგრამ ვიცი, რომ ზოგჯერ მე უნდა ვთქვა ხმამაღლა ის, რასაც სხვა ვერ იტყვის. მე გადავწყვიტე იმის ლაპარაკი, რასაც ვფიქრობ, ასე რომ, პოლიტიკოსი მე ვერასდროს გავხდები.

 არასოდეს გაგჩენიათ რუსულად წერის სურვილი, როგორც, მაგალითად, გოგოლს?

არ გამჩენია იმ უბრალო მიზეზით, რომ ეს ბანალური იქნებოდა. თუკი ენის შეცვლაზე მიდგა საქმე, მირჩევნია, უფრო რადიკალურად შევცვალო და გერმანულად ან ინგლისურად დავიწყო წერა. ჩემი აზრით, რუსული დამდგარი, შევსებული და საკმაოდ დაღლილი ენაა. როცა მე მიწევს რუსულად წერა და საუბარი, ყოველთვის მგონია, თითქოს XIX საუკუნეში გადავვარდი და რაღაც ტურგენევისეული ან ჩერნიშევსკისეული კონსტრუქციები მითრევს. უკრაინული კი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების სტადიაშია. უკრაინულ ენაზე სულ კამათობენ (ხშირად აგრესიულად, სისხლამდეც), როგორ უნდა ითქვას რაღაც, როგორია ნორმა, და, რაც ყველაზე საინტერესოა, სადაა იგივე ნორმა და სად – ნორმიდან გადახვევა. უკრაინული ენა ერთგვარი პლასტილინია, რომლისგანაც ნებისმიერი რამის გამოძერწვა შეიძლება, გამაოგნებელ-მშვენიერისაც კი. იმ პირობით, თუკი მას პოლიტიკურ წნეხში არ გავატარებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, საცოდავ კვერს მივიღებთ. რამდენადაც თავისი ჯერ კიდევ დაუმდგარი არსით იგი ერთობ მოწყვლადია – როგორც ყველაფერი უკრაინული.

 შეიძლება, ამიტომაც საუბრობენ ამდენს ბოლო წლების რუსეთში ხარკოველ მიხაილ ელიზაროვზე და კიეველ „ადოლფიჩ” ნესტერენკოზე და ამიტომაც არიან ისინი იქ უფრო ცნობილები, ვიდრე უკრაინაში.


რასაკვირველია, ისინი რუსი მწერლები არიან. მწერალს მშობლიურ ქვეყანაში უკეთ იცნობენ, ვიდრე მეზობელში. თუნდაც მისთვის ფიზიკურად მეზობელი სწორედ მშობლიური იყოს. რა მნიშვნელობა აქვს, სად დაიბადე და გაიზარდე. მწერლისთვის მთავარი ენაა, რომელზეც წერს. თუ რუსულად წერ, მაშასადამე, შენ რუსი მწერალი ხარ.

 თქვენი აზრით, როგორი პოლიტიკური წყობა იქნებოდა უკრაინისთვის იდეალური?

უკრაინაში იდეალური წყობა შეუძლებელია. ნებისმიერ შემთხვევაში ქვეყნის ნახევარი ჩვენთან ყოველთვის უკმაყოფილო იქნება. რაც უნდა მოიფიქრო და გააკეთო, ნახევარი უკრაინა მუდამ საბოტაჟს მოგიწყობს და ბოიკოტს გამოგიცხადებს. ალბათ არის ამაში თავისებური კაიფი.

 საქართველოს და უკრაინას, პირველ ყოვლისა, აერთიანებს ის, რომ ორივე პოსტსაბჭოთა ქვეყანაა. რაში მდგომარეობს ამ ტერმინის არსი? დღეს რითი განსხვავდება პოსტსაბჭოთა ქვეყანა აღმოსავლეთევროპულისგან?


ამაზე პასუხი არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგვეჩვენოს. ქვეყნის, ასე ვთქვათ, პოსტსაბჭოთურობა, ალბათ, მოსკოვის, როგორც ყოფილი საბჭოთა ცენტრის, გავლენით განისაზღვრება. 2005-2009 წლებში ეს გავლენა უკრაინაში საკმაოდ შესუსტებული იყო, და უკრაინაც ამ წლებში უფრო აღმოსავლეთევროპული ქვეყანა იყო, ვიდრე პოსტსაბჭოთა. და აი, შეიცვალა მთავრობა – და ჩვენ იმაზე უფრო პოსტსაბჭოთა ქვეყანა ვართ, ვიდრე 90-იანებში ვიყავით. რაღა „პოსტ”, ჩვენ დღეს სრულიად საბჭოთა ქვეყანა ვართ! საქართველო კი, როგორც მე მესმის, დღეს მოსკოვზე აღარაა დამოკიდებული. სხვათა შორის, ოდესმე ემიგრაციაში წასვლა თუ მომიწია, ალბათ საქართველოში წამოვალ. იგი არაფრით ჩამოუვარდება თუნდაც შვეიცარიას. მთავარია, თქვენთან არის მთები.

 თუკი რუსეთი გააგრძელებს ახალ „გულაგში” შეცოცებას, როგორც ახლა ხდება, ამაში არაფერი იქნება კარგი მისი მეზობლებისთვის. გაქვთ რაიმე პროგნოზი ამასთან დაკავშირებით?


პროგნოზების კეთება უკვე გვიანია – პროცესი დაწყებულია. მე ვფიქრობ, ჩვენი შემდეგი რევოლუციის დროს (ვფიქრობ, უკრაინაში გარდაუვალია კიდევ ერთი რევოლუცია) რუსეთის შეიარაღებული ძალები ამოქმედდებიან უკრაინის ტერიტორიაზე – უკრაინის მთავრობისვე თხოვნით. რუსი ჯარისკაცები და უკრაინელი მილიციელები ფიზიკურად გაუსწორდებიან ჩვენს მოჯანყეებს. რითი დამთავრდება ეს, არ ვიცი, მაგრამ საკმაოდ მკაფიოდ ვხედავ დაპირისპირების სურათს. ჩვენ ამისი და ამაში გავლა მოგვიწევს, თუკი გვინდა, რომ ნამდვილად აღმოსავლეთევროპული ქვეყანა გავხდეთ.
 

კომენტარები