ნებისმიერი ბიზნესმენი უნდა იყოს ჩემი მთავარი პარტნიორი

ახალი საგადასახადო კოდექსით პირველად განისაზღვრა ბიზნესომბუდსმენის ფუნქციები. ის ზედამხედველობას უწევს საქართველოს ტერიტორიაზე გადასახადის გადამხდელთა უფლებებისა  და კანონიერი ინტერესების დაცვას; ავლენს მათი დარღვევის ფაქტებს; ხელს უწყობს დარღვეული უფლებების აღდგენას; განიხილავს საგადასახადო და სხვა სახელმწიფო ორგანოების მიერ გადასახადის გადამხდელთა უფლებების დარღვევის ფაქტებს; აქვს უფლება, საგადასახადო ორგანოდან მიიღოს განმარტება გადასახადის გადამხდელის განცხადებასა თუ საჩივართან დაკავშირებულ საკითხზე; აქვს უფლება, არ გასცეს ინფორმაცია იმ ფაქტზე, რომელიც მას გაანდეს, როგორც გადასახადის გადამხდელთა უფლებების დამცველს. უფლებების დარღვევის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში, ბიზნესომბუდსმენი რეკომენდაციით მიმართავს შესაბამის ორგანოს. რეკომენდაციები თავს მოიყრის გადასახადის გადამხდელთა უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშში, რომელსაც ომბუდსმენი პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგენს. ტაბულას დეტალებზე  ბიზნესომბუდსმენი, გიორგი პერტაია ესაუბრა.

 თქვენ ხართ საქართველოს პირველი ბიზნესომბუდსმენი. საქართველოს ერთი ომბუდსმენი უკვე ჰყავს. რატომ გახდა საჭირო დამატებით ამ თანამდებობის შემოღება?

ბიზნესომბუდსმენის შექმნა არის მთავრობის ახალი კურსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ ახალი კურსის მიზანია, აღდგეს ნდობა ბიზნესსა და მთავრობას შორის. გარკვეული პრობლემები არსებობს და ამას ყველა აღიარებს. პრობლემების უმეტესობა საგადასახადო კოდექსს უკავშირდება. ამ ეტაპზე ყველაზე აქტუალური აბსოლუტურად ყველა მწარმოებლისთვის საწარმოო დანაკარგების თემაა. საწარმოო ციკლს აქვს გარკვეული დანაკარგები, მაგრამ საგადასახადო ზოგჯერ დანაკარგებს გაყიდულ საქონლად თვლის და შესაბამისად, მწარმოებელს სანქციებსა და ჯარიმებს აკისრებს. ეს პრობლემა საგადასახადოსთვის რთულად მოსაგვარებელია. ვეძებთ ოპტიმალურ ვარიანტს, რომლითაც საგადასახადო თავის რისკებს არ გაზრდის და ამასთან ბიზნესმენიც შეძლებს მეტი დარწმუნებით დაგეგმოს საწარმოო ციკლი და წინასწარ ზუსტად იცოდეს, რამდენი ექნება გადასახდელი. 

ოპტიმალური ვარიანტის პოვნის შემთხვევაში, შეთანხმებები კანონში აისახება?

ეს უკვე რეალური პროცესია. საგადასახადო კოდექსში უკვე შესული ყველა ცვლილება შეთანხმებულია ბიზნესსა და მთავრობას შორის. კვირაში თითქმის სამჯერ ვხვდებით ბიზნესისა და ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები. მიდის დისკუსია, განხილვა. განსაკუთრებით პრობლემურ საკითხებს პირდაპირ პრემიერ-მინისტრთან ვათანხმებთ. რამდენიმე დღის წინაც პრემიერი და ბიზნესმენები მუხლობრივად, დეტალურად განიხილავდნენ საგადასახადო კოდექსში შესატან ცვლილებებს. ეს არის ყველაზე კარგი საშუალება იმისათვის, რომ ობიექტური და სამართლიანი საგადასახადო კოდექსი მივიღოთ. რაც არ უნდა იდეალური პროექტი დაეწერა ფინანსთა სამინისტროს, მისი ძალაში შესვლის მომენტიდან პრობლემები იჩენს თავს. ამ პრობლემების დანახვა მხოლოდ პრაქტიკაში შეიძლება. იმიტომ, რომ ეს მაინც პროექტია, ჩვეულებრივი ტესტირების რეჟიმში მუშაობს და ხარვეზებიც ჩნდება. ამიტომ აქტიურად ვიღებ ბიზნესმენებისგან შენიშვნებს. ჩემი პირადი გეგმაა, როდესაც მივიღებთ საგადასახადო კოდექსს, რომელიც რაღაც ეტაპზე დამაკმაყოფილებელი იქნება როგორც ბიზნესმენისთვის, ასევე მთავრობისთვის, საგადასახადო კოდექსში ცვლილებების შეტანა გარკვეული დროით შეწყდეს. ბიზნესმენს საშუალება უნდა ჰქონდეს წყნარად და მშვიდად განსაზღვროს თავისი ბიზნესგეგმა, ის გარკვეულ წლებზე გაწეროს და არ ჰქონდეს იმის შიში, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ რაღაც ფუნდამენტურად შეიცვლება. ეს ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ გადასახადის გადამხდელმა თავი სტაბილურ გარემოში იგრძნოს.

თქვენ არაერთხელ ახსენეთ, რომ მომზადებული გაქვთ ბიზნესგარემოს გაუმჯობესების სტრატეგია. რას გულისხმობს ეს სტრატეგია?

კანონმდებლობის გაუმჯობესებისა და ადმინისტრირების პროცესში ბიზნესის ყველა ფენა უნდა ჩაერთოს. მსხვილ ბიზნესს მთავრობასთან ურთიერთობის პრობლემა არ აქვს. ორგანიზებულები არიან და სხვადასხვა ასოციაციაშიც ერთიანდებიან. ამ ასოციაციებს თავიანთი ექსპერტები ჰყავთ. შესაბამისად, მსხვილი ბიზნესის პრობლემები ჩემამდე ორგანიზებულად მოდის. მათი მხოლოდ შეფასება და ფინანსთა სამინისტროს ან შესაბამისი ორგანოსკენ გადამისამართება მრჩება. მცირე და საშუალო ბიზნესის შემთხვევაში საქმე უფრო რთულადაა. სწორი და ობიექტური ინფორმაციის მიღება პრაქტიკულად ვერ ხერხდება: შეიძლება გარკვეული ჯგუფი, თუნდაც ათასი მცირე და საშუალო ბიზნესმენი შეიკრიბოს და ილაპარაკოს მცირე და საშუალო ბიზნესის სახელით და მოითხოვოს რაღაცის შეცვლა, მაგრამ ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, რომ შენ ეხმარები მთლიანად მცირე ბიზნესს. ბიზნესმენთა გარკვეული ჯგუფის მიერ დასმული საკითხი რომ დადებითად გადაწყვიტო,  ამან შეიძლება სხვა რამდენიმე ათასი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი დააზარალოს. ბიზნესომბუდსმენი იქნება იმის გარანტი, რომ ინფორმაცია შეგროვდეს არა მხოლოდ გარკვეული ჯგუფებიდან, არამედ მთლიანად მცირე და საშუალო ბიზნესისგან.

მედიაციის პროცესი რეგიონებზეც გავრცელდება?

საქართველოში ნებისმიერი ბიზნესმენი უნდა იყოს ჩემი მთავარი პარტნიორი ბიზნესის ზომის, საწარმოს დარგის, სფეროს თუ სხვადასხვა შეხედულების მიუხედავად. დანარჩენი ყველაფერი მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე დარეგულირდება: რეგიონებში წარმომადგენლობის მოთხოვნა თუ იქნება, ერთი-ორი კაცი შეიძლება მივავლინოთ. მეტი – არა. რეგიონებში რომ რაღაც ფილიალები გავხსნათ, ან სპეციალური სტრუქტურა შევქმნათ, ასეთი რამ არ მოხდება. ძალიან კარგად მესმის თუ რას ნიშნავს, რომ მთავრობაში კიდევ ერთი ახალი რგოლი ჩნდება. მაქსიმალურად ვცდილობ, შეიქმნას ცოტა ხალხით დაკომპლექტებული და საკმაოდ ეფექტიანი ორგანო. ნამდვილად არ მინდა, რომ ბიზნესომბუდსმენის შექმნით კიდევ ერთი ბიუროკრატიული ორგანო შეემატოს მთავრობას, რომელიც საბოლოო ჯამში ისევ ბიზნესმენებს დააწვება მხრებზე.

კომენტარები