ქართველი მეზღვაურები შესაძლოა თებერვალში გაათავისუფლონ

რადიო ამერიკის ხმის ცნობით, სომალელი მეკობრეების ტყვეობაში მყოფ 15 ქართველ მეზღვაურს თებერვლის ბოლომდე გაათავისუფლებენ. რადიოს ინფორმაციით,  საქართველოს მთავრობასა და გემის მფლობელ  ბერძნულ კომპანია  ”ფრიო ვენტურეს” შორის მიმდინარე კონფიდენეციალურ მოლაპარაკებებზე შეთანხმება მიღწეულია.

არაოფიციალური ცნობით, სომალელი მეკობრეები ქართველ მეზღვაურებში გამოსასყიდის სახით 1 მილიონ  დოლარს ითხოვდნენ. ”ფრიო ვენტურე” მზად იყო მხოლოდ 150 ათასი დოლარი გადაეხადა.  ამერიკის ხმისთვის ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მთავრობა დათანხმდა ქართველი ტყვეების გამოსყიდვაში მონაწილეობა მიიღოს და  750 ათასი დოლარი გადაიხადოს. ოფიციალური კომენტარი ამ საკითხზე არც ”ფრიო ვენტურეში” და არც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ კეთდება. ინფორმაცია კონფიდენციალური დარჩება, ვიდრე მეზღვაურები არ გათავისუფლდებიან.

მალტის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი, რომელიც ეგვიპტის ნავსადგურ ალექსანდრიიდან ინდოეთისკენ მიცურავდა, სომალელმა მეკობრეებმა ადენის ყურეში გასული წლის 8 სექტემბერს დაატყვევეს. 15 ქართველი და სამი თურქი მეზღვაური უკვე 155 დღეა ტყვეობაში არიან. ქართველ მეზღვაურებს შორის ყველაზე ახალგაზრდა კაპიტნის მესამე თანაშემწე დავით დევაძეა, რომელსაც 22 იანვარს 25 წელი შეუსრულდა, ხოლო ყველაზე უხუცესი, გემის კაპიტანი მემედ ზაქარაძე 5 თებერვალს 63 წლის გახდა. გემზე 60 წელს გადაცილებული კიდევ სამი მეზღვაურია. რადიო ამერიკის ხმა იუწყება, რომ ”თუ რამე გაუთვალისწინებელი არ მოხდა”  15 ქართველი სამშობლოში თებერვლის ბოლოს დაბრუნდება.

ჯერჯერობით გაურკვეველია, რა ბედის ელის ტუნისურ ტანკერ „ჰანიბალ ორზე“ მყოფ ერთ ქართველ მეზღვაურს,  ბათუმელ ოლეგ ნოდიას. ის ტყვეობაში გასული წლის 11 ნოემბრიდან იმყოფება. გემის ეკიპაჟში ნოდიას გარდა,  23 ტუნისელი, ოთხი ფილიპინელი, თითო რუსი, ხორვატი და მაროკოელი მეზღვაურები არიან.   თავიდან გემის გამოსყიდვაზე მოლაპარაკება წარმატებულად მიმდინარეობდა, თუმცა იანვარში, ტუნისში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ, მოლაპარაკებები საერთოდ შეწყდა. სომალელი მეკობრეები ტანკერ „ჰანიბალ ორს“ მის ეკიპაჟთან ერთად, სხვა გემებზე თავდასხმისთვის იყენებენ. სომალის ნაპირებიდან ასეული მილის მოშორებით, ინდოეთის ოკეანეში, მეკობრეებმა „ჰანიბალ ორით“ უკვე ათამდე თავდასხმა განახორციელეს, მათ შორის ერთი წარმატებული - იანვრის ბოლოს ”ჰანიბალ ორმა“ ალჟირული გემი „ბილანი“ დაატყვევა.

გუშინ სომალელმა მეკობრეებმა კიდევ ერთი ქართველი მეზღვაური დაატყვევეს. არაბეთის ზღვაში დაკავებულ საბარძნეთის დროშის ქვეშ მცურავ ტანკერზე ქართველის გარდა ჩვიდმეტი ფილიპინელი და შვიდი ბერძენი მეზღვაური იმყოფება. 

კომენტარები