ალ-ქაიდამ ეგვიპტელებს ”წმინდა ომის” დაწყებისკენ მოუწოდა

ისლამისტური დაჯგუფება ალ-ქაიდას ერაყის ფრთამ ეგვიპტის მოსახლეობას ”წმინდა ომის” დაწყებისკენ მოუწოდა. ალ-ქაიდას მიმართვა ერთ-ერთ ისლამისტურ საიტზე გამოქვეყნდა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეგვიპტის მოსახლეობამ ”ვაშინგტონის და თელ-ავივის მარიონეტის”, პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის წინააღმდეგ ”ჯიჰადის მარში” უნდა დაიწყოს და ისეთი ხელისუფლება მოიყვანოს, რომელიც ”ყურანის  წესებს დაიცავს.”

ეგვიპტეში კი 25 იანვარს დაწყებული მასობრივი ანტისამთავრობო დემონსტრაციები გრძელდება. დღეს ქაიროს ცენტრში, ტაჰრირის მოედანზე კიდევ ერთი ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის მოწყობა იგეგმება. დემონსტრანტების მოთხოვნა უცვლელია - 82 წლის პრეზიდენტის დაუყოვნებლივ გადადგომა. ჰოსნი მუბარაქმა ოპონენტებთან დიალოგის დაწყების შესახებ მზადყოფნა გამოთქვა, თუმცა გადადგომაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის პოსტიდან მისი წასვლა ეგვიპტეში ქაოსს გამოიწვევს.

Human Rights Watch-ის მონაცემებით, ეგვიპტეში საპროტესტო აქციების დროს შეტაკებებს 297 ადამიანი ემსხვერპლა. ოფიციალური გათვლებით, დემონსტრაციების შედეგად ეგვიპტის ეკონომიკა დღეში   310 მილიონ დოლარს კარგავს. 

კომენტარები