ნაშა Russia

FIBA ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე დიდი კუშის მოხსნას აპირებს. კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის ბოსებმა მონაწილეების რაოდენობა გაზარდეს და ლიტვაშიც ორჯერ მეტი მონაწილე და ბევრჯერ მეტი გულშემატკივარი ჩავა. საკალათბურთო სპექტაკლებიც უფრო ხშირი იქნება. ამ საინტერესო ამბებში საქართველოს ნაკრებიც მოხვდა. ვილნიუსის კოხტა, ეროვნულ თეატრში ჩვენების მოწინააღმდეგეები გაგვაცნეს.

სლოვენია, რუსეთი, ბელგია, ბულგარეთი, უკრაინა. თავისთავად, საქართველოც. ამ ექვსი მონაწილით D ჯგუფი შეიკრა.

უცბად გადახედეთ დანარჩენ ჯგუფებს.

A ჯგუფი –   ესპანეთი, თურქეთი, ლიტვა, დიდი ბრიტანეთი, პოლონეთი, კვალიფიკანტი.

B ჯგუფი –   სერბეთი, საფრანგეთი, ისრაელი, იტალია, გერმანია, ლატვია.

C ჯგუფი –     საბერძნეთი, ხორვატია, მონტენეგრო, მაკედონია, ბოსნია, კვალიფიკანტი.

მშვენიერ ჯგუფში მოვხვდით. სლოვენიასთან მაგარ ბიჭებს ვნახავთ. გორან დრაგიჩი ევროპელ ფლეიმეიქერებში ყველაზე სექსუალურად ატარებს ბურთს და „ფინიქსში” სტივ ნეში უნდა შეცვალოს. ერაზემ ლორბეკი ევროპაში პირველი მძიმე ფორვარდია და მომენტებში ცენტრობს. რაშო ნესტეროვიჩს ნაკრებში კაპიტნობა და საერთოდ, ევროპა მოენატრა, „ოლიმპიაკოსში” 4 მილიონად წავიდა და ლიტვისთვის ემზადება. სლოვენიის ნაკრების მთელი რუსტერის გაშიფვრა გადავდოთ. სლოვენია ჯგუფის ფავორიტია და თუ ფინალამდე ლიტვას აიცილებს, ფინალში გავა.

ბელგიასთან უვადო კონტრაქტი გვაქვს და სადაც ვთამაშობთ, მაღალი ენცო შიფოებიც იქ არიან. ბელგიისთვის ორჯერ უნდა მოგვეგო და ლიტვაში მოსახვედრად გასამართი ტურნირი ბელგიის გამო ვერ მოვიგეთ. ზაზა ფაჩულიას სუმოისტები და მოხუცი მილიონერები იყვანდნენ და ბელგიამ მაინც მოგვიგო. ბელგიას ვერ დაეხმარა მბენგა და მაინც მოგვიგო. ლიტვაშიც ბელგია დაგვხვდება.

ბულგარეთი ყველაზე მარტივად გასაშიფრი ოპონენტია, ანუ გასაშიფრიც არაფერია და ეს ისედაც ვიცოდით. ბულგარეთი ეგრევე იკითხება – ბურთი გადმოაქვს ფილიპ ვიდენოვს, ბურთს ისვრის ფილიპ ვიდენოვი, ბურთს კარგავს ფილიპ ვიდენოვი, ტელეოპერატორები დაღლამდე აჩვენებენ ფილიპ ვიდენოვის უკმაყოფილო ფიზიონომიას. შემდეგ, ტელეოპერატორები იღლებიან, ვიდენოვიც იღლება, ორჯერ ეფექტურად იფურთხება და 5-6 წუთით უკვე მთლიანად ნაკრები იწყებს კალათბურთის თამაშს. მალე მოედანზე ვიდენოვი ბრუნდება და ისევ One Man საკალათბურთო ეროტიკა იწყება.

უკრაინასთან ყველა დონეზე ვძმაკაცობთ. კალათბურთშიც უნდა ვიძმაკაცოთ. კირილ ფესენკო იუტაში ჯერი სლოუნისგან ბევრს ისმენს და ცოტას ითვისებს. ოლექსი პეჩეროვი არმანიში თავიდან კევინ გარნეტი ეგონათ და მიმდინარე ევროლიგაზე ცსკა-ს გარღვევის შემდეგ, პეჩეროვი უფრო ხშირად იყო ჰედლაინებში, ვიდრე რონალდინიო და იბრაჰიმოვიჩის ახალი მეგობარი გოგონა. უკრაიანას არ ჰყავს მთავარი მწვრთნელი და უკრაინას ჰყავს ალექსანდრ ვოლკოვი. 1988 წლის ოლიმპიური ჩემპიონი ძმაკაცობს საბონისთან, თავის ქვეყანაში კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტია და უკრაინის ნაკრების VS-ებს ვერ უყურებს. სუსტი გული აქვს.

რუსეთიც ჩვენთან არის. სულ ჩვენთან არის. ყველგან ჩვენთან არის. დაღლამდე ჩვენთან არის და ჩვენც დაგვღალა. რუსებმა ოთხი წლის წინ ესპანეთში, ევროპის ჩემპიონატზე ჩაიყვანეს ნაკრები, რომელმაც მოუგო ყველას, ფინალში პო გასოლის ესპანეთიც გააგორა და ევროპის ჩემპიონი გახდა. მაშინ ანდრეი კირილენკო FIBA-მ სეზონის საუკეთესოდ დაასახელა, ჯეი. არ. ჰოლდენმა კობი ბრაიანტივით იცელქა და ვიქტორ ხრიაპამ სამწამიანიდან ბალასტი, ნაგავი და გასოლი გაიტანა. იმ ნაკრებს დევიდ ბლატი აკონტროლებდა და დევიდ ბლატი დღესაც რუსების მთავარი მწვრთნელია.

ჩვენი ჯგუფი კლაიპედაში ჩავა. შემდეგ, ტურნირი ვილნიუსის სიმენს არენაზე გადადის, სადაც გასავარდნი ეტაპი დაიწყება. მთავარი ამბების მასპინძელი კაუნასი იქნება. თავისი საბონისით, ლოთი იოვაიშათი და არანორმალური, ძირითადად “ჟალგირისის” და უფრო ლიტვის ნაკრების ფანებით.

ვილნიუსში ტურისტებად არ უნდა ჩავიდეთ. მეორე ჯგუფურ ეტაპზე, სადაც ორი ექვსგუნდიანი ვაზნა იქნება დასაცლელი, საქართველოს ნაკრები უფრო გავა, ვიდრე – პირიქით. ორჯერ რომც წავაგოთ (და ორჯერ წავაგებთ), თითქმის თანაბარი კვარტეტიდან შემდეგ ეტაპზე ყველა შემთხვევაში უნდა შევისეირნოთ.

გაგვიმართლა წილისყრის დროს და გაგვიმართლა გრაფიკის შედგენის მხრივ. ტურნირს 31 აგვისტოს ბელგიით ვხსნით. კარგია. ანუ, კარგი იქნება, თუ მოვიგებთ და შემდეგი ორი VS-ის წინ უკვე შედარებით მშვიდად ვართ. მეორე დღეს ვხვდებით რუსეთს და მოგება ძალიან გაგვიჭირდება. თუმცა ბოლომდე ვიომებთ. ეს ჩვენი ვალი და სასწაულის წინაპირობაა. ერთ დღეს ვისვენებთ. 3 სექტემბერს სლოვენიასთან უნდა გავერთოთ, სლოვენიაც გაერთობა და სამი ტურის შემდეგ, სავარაუდოდ, გვაქვს 1 მოგება და 2 წაგება. პირველ ჯგუფურ ეტაპს უკრაინათი და ბულგარეთით ვხურავთ. არაჩვეულებრივი გრაფიკია. სამი მოგებით ვილნიუსში გადავდივართ.

ყველაფერი ისე მოვხატეთ, როგორც გვინდოდა და ბრიუს უილისის ჰეფიენდური ამბებიც ლამაზად შეგვიფუთეს, ცისფერ პარკში ჩაგვიდეს და დამშვიდობების წინ, გამყიდველმა გოგონამ ისეთი ღიმილით გაგვისტუმრა, წასვლის სურვილი გაგვიქრა.

შემადგენლობით საქართველო სლოვენიაზე ბევრად სუსტია და ბელგიას, უკრაინას და ბულგარეთს ამაში ფორას ვაძლევთ.

რუსეთი... თურქეთში, მსოფლიოს ბოლო ჩემპიონატზე, რუსეთი თურქეთს რომ შეხვდა, ერთმა თურქმა მეგობარმა გაბადრული სახით თქვა, რუსეთთან მოგება, რუს გოგონასთან სექსზე სასიამოვნო იქნებაო. შემდეგ გაიხსენა, მოსკოვში რუსი “ნაშების” მასპინძლობა და კიდევ ბევრი საინტერესო ამბავი. სადღაც, 1 საათში ჰედო თურქოღლუს ძმაკაცებმა რუსეთს მოუგეს, ჩემს მეგობარს თვალები დაეწმინდა და ამოისუნთქა.

თვალების დაწმენდის პერსპექტივა რუსეთთან მაინც მცირეა. კირილენკოს, ჰოლდენის (ან კელი მაკარტის), ხრიაპას გარეშე დევიდ ბლატის საინტერესო გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის რვა საუკეთესოშიც სხვისი ნებართვის გარეშე გავიდა. მანამდე გადაუარა საბერძნეთს, სხვებსაც იოლად მოუგო და ბოლოში, კევინ დიურანის ამერიკასთან იომა. მესამე მეოთხედში რამდენიმე წამით იგებდა, მაგრამ ბოლოში 10 ქულა წააგო. რუსეთში გამოჩნდა კიდევ ერთი პოტენციური კირილენკო, ანუ მეგავარსკვლავი. ანდრეი ვორონცევიჩი. რუსეთთან „ცოდვების ქალაქის” სცენები დიდი დოზით იქნება.

საქართველოს ნაკრებში კაპიტანი ზაზა ფაჩულიაა და ბოლო ციკლში, კალათბურთით უფრო ვიქტორ სანიკიძე კაპიტნობდა. ვიკას “კანადიან სოლარშიც” მშვენიერი სეზონი აქვს და კარგი იქნება, თუ ის და კიდევ ერთი იტალიელი, მანუჩარ მარკოიშვილი სეზონს ტრავმების გარეშე დაასრულებენ.

დიდი გომელსკის პატარა შვილმა, წილისყრის პირდაპირი რეპორტაჟის დროს საკუთარ თავს უთხრა, საქართველოსთან ვერმოგება, საქართველოსთან წაგებაზე გაცილებით რთული იქნებაო. შემდეგ, ბოდიში მოიხადა. შემდეგ, საქართველოს ნაკრების ძირითად ცენტრად გიო შერმადინი დაასახელა. ბოლოში ბოლომდე აიჭრა და ტიმოფეი მოზგოვი მალე NBA-ს 5 საუკეთესო ცენტრში შევაო...

გომელსკივით შეიძლება ევროპის ჩეპიონატის ფავორიტებიც აიჭრან. დაუშვან შეცდომები, ვერ გათვალონ უმნიშვნელო ნიუანსები. უბრალოდ, არა მგონია, რომ საქართველო ჯგუფიდან ვინმეს დაუფიქრებლობის გამო გავიდეს. მოსაგები უნდა მოვიგოთ და ვილნიუსშიც მშვიდად, ლამაზად შევალთ.

კომენტარები