პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აშშ-ში და ათასწლეულის გამოწვევის ახალი პროექტები

აშშ-ში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკელ სენატორებს შეხვდა და სენატის ახალი რეზოლუციის პროექტი განიხილა, რომელიც რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციის დაგმობას ითვალისწინებს.

ნიკა გილაურის განცხადებით, მან შეხვედრები როგორც რესპუბლიკელ, ასევე დემოკრატ სენატორებთან გამართა – მათ შორის ჯონ მაკკეინთან, მარკო რუბიოსთან და პატრიკ ლიჰისთან. “ჩვენი სურვილია, ამ რეზოლუციას მთელმა სენატმა დაუჭიროს მხარი”, – განაცხადა გილაურმა და აღნიშნა, რომ სენატორები, რომელსაც იგი ესაუბრა, დოკუმენტს მხარს უჭერენ.

რეზოლუციის პროექტი სახელწოდებით „საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აღიარებულ  საზღვრებში შექმნილი სიტუაციის შესახებ” სენატორებმა ჯინ შეჰინმა და ლინდსი გრემმა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში 9 დეკემბერს წარადგინეს.

რეზოლუციის პროექტის მიხედვით, „აშშ-ის პოლიტიკა გულისხმობს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას” და „აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიებს, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებს”.

როგორც სენატორებთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, “ეს რეზოლუცია მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ოკუპაციის ფაქტის აღიარებისთვის”. გილაურის თქმით, სენატორებთან შეხვედრისას ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხები განიხილეს.

ვაშინგტონში ყოფნისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელ დირექტორს დენიელ იოჰანესს შეხვდა. შეხვედრაზე კორპორაციის მიერ საქართველოსთვის ახალი დახმარების გამოყოფაზე და მისი გამოყენების მიმართულებებზე იმსჯელეს.

როგორც გილაურმა შეხვედრის შემდეგ განაცხადა, გრანტის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა მთავრობა ვარაუდობს, რომ მისი მოცულობა 150 მილიონიდან 250 მილიონ დოლარამდე იქნება. პრემიერის თქმით, თბილისი აპირებს ათასწლეულის გამოწვევას რამდენიმე პროექტი წარუდგინოს, კერძოდ, საქართველოში ამერიკული უნივერსიტეტის დაფუძნების, ჯანდაცვის ახალი დაწესებულების – ამერიკული საავადმყოფოს მშენებლობისა და გოდერძის უღელტეხილის (სამცხე-ჯავახეთი-ბათუმის) ავტომაგისტრალის მშენებლობის პროექტები.   

გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ საქართველოს შესაძლებლობა ეძლევა ახალი ფინანსური დახმარების მისაღებად ფონდს განაცხადი წარუდგინოს, ათასწლეულის გამოწვევის დირექტორთა საბჭომ 5 იანვარს მიიღო.

გასული წლის ბოლოს დასრულდა ბოლო პროექტი, რომელიც საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის დახმარებით განხორციელდა – მწყობრში შევიდა თბილისისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონის დამაკავშირებელი ახალი ავტომაგისტრალი. სულ ათასწლეულის გამოწვევის დახმარებით საქართველოში განხორციელებული პროექტების ღირებულებამ 395 მილიონი დოლარი შეადგინა. სამცხე-ჯავახეთის მაგისტრალის გარდა, ფონდის დახმარებით ჩრდილოეთ-სამხრეთის გაზსადენის რეაბილიტაციის, ასევე აგრარული და ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. 

კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი საქართველოს გასული წლის ოქტომბერში ეწვია. მან განაცხადა, რომ საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის პროექტების რეალიზაციით კმაყოფილია.  საქართველოსთვის ახალი დახმარების გამოყოფის საკითხი დენიელ იოჰანესთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა აშშ-ში ვიზიტის დროს, 14 იანვარს განიხილა.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა შეხვედრა აშშ-ის ფინანსთა მინისტრთან ტიმოთი გეითნერთან გამართა, ასევე პროგრეს-ცენტრში გამართულ მრგვალ მაგიდას დაესწრო.

კომენტარები