ავტოდაიჯესტი

ოქროს ფიატ ჩინკვეჩენტო  ჩინელმა ბიზნესმენმა შეიძინა 

იტალიურმა სატუნინგო კომპანიამ – ფენიჩე მილანო – დაამზადა ფიატ ჩინკვეჩენტოს ექსკლუზიური ვერსია, რომელშიც ჩინელმა ინკოგნიტო ბიზნესმენმა 550 ათასი ევრო გადაიხადა. საქმე ისაა, რომ ავტომობილს, რომელსაც სახელად ლა დოლჩე ვიტა გოლდ ენდ დაიმონდსი უწოდეს, ძარის ოქროთი მოპირკეთებული დეტალები აქვს და სალონშიც ბევრი რამ ოქროსფრად ბრწყინავს.

ავტომობილის ძარა თეთრადაა შეღებილი, საღებავში კი 999 სინჯის ოქროს მტვერი შეურიეს. გარდა ამისა, ოქროთია მოვარაყებული ბორბლები, კარის სახელურები, ზღურბლები და სხვა ელემენტები. სალონი სპილოს ძვლის ფერის ტყავით, ალკანტრით და ღია ფერის ხითაა გაწყობილი.

მოოქროვილი ავტომობილი ფიატ 500 კონვერტაიბლ აბარტზეა ბაზირებული. არავის დაუზუსტებია, რატომ, მაგრამ ყველა მოოქროვილი დეტალი, 24 კარატი ოქროთია დაფარული. ძარის ერთადერთი ნაწილი, რომელსაც არც ოქროშერეული საღებავი შეეხო და არც მოოქროვილია, არის შავი რბილი სახურავი.

რადიკალურადაა შეცვლილი ინტერიერი. იატაკის ხალიჩა ხის საფენითაა დაფარული. ხისაა საჭის რგოლიც, რომელსაც ზოგიერთი დეტალი მოოქროვილი ლითონისა აქვს. ხისგან დამზადდა ხელსაწყო-მაჩვენებლების პანელიც. სამართავ მოწყობილობას მოოქროვილი არშია აქვს, პანელის ცენტრში კი Apple-ის მოზრდილი iPad-ია მოთავსებული, რომელიც ადვილად იხსნება. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ ისიც ოქროთი მოარშიებულ ჩარჩოშია ჩასმული, მაგრამ როცა ფოსოდან ამოიღებთ, კიდევ უფრო გაკვირვებული დარჩებით – კომპიუტერს ზურგის მხარეს, ზედა ნაწილში, ბრილიანტის თვლებისგან შემდგარი ზოლი აქვს, Apple-ის ემბლემა – მოკბეჩილი ვაშლიც, ბრილიანტებითაა გაწყობილი. ბრილიანტებთან დაკავშირებული სამუშაოები, ინგლისელმა დიზაინერმა სტიუარტ ჰიუზმა შეასრულა.

გაუმჯობესდა ავტომობილის აღჭურვილობაც. ძრავზე ახალი ტურბინა დააყენეს, შეიცვალა გამოსაბოლქვი სისტემა და ძრავის სამართავი კომპიუტერული პროგრამა. ყოველივეს შედეგად, 1.4-ლიტრიანი აგრეგატის სიმძლავრე 140-დან 200 ცხენის ძალამდე გაიზარდა. გარდა ამისა, ოქროში ჩასმული ჩინკვეჩენტო ბრემბოს მუხრუჭებით და სპორტული საკიდარით აღჭურვეს.

 

 შკოდა მინი ავტომობილის წარმოებას წლეულსვე დაიწყებს

როგორც ჩანს, პირველი კომპანია, რომელიც ფოლკსვაგენის კონცეპტუალურ მინი მოდელ Up-ის ბაზაზე სერიულ ავტომობილს გამოუშვებს, გერმანულ ჯგუფში შემავალი ჩეხური კომპანია შკოდაა. მისმა ხელმძღვანელობამ ახლახან დაადასტურა ჩეხურ პრესაში გავრცელებული ცნობა იმის შესახებ, რომ ფრანკფურტის ავტო შოუზე, ახალი ავტომობილის მსოფლიო პრემიერა გაიმართება.

 დღეისათვის, ახალი ავტომობილის სამუშაო კოდური სახელწოდებაა ნიუ სმოლ ფემილი (NSF), ანუ ახალი პატარა ოჯახი. მის შესახებ შკოდა დაწვრილებით ინფორმაციას ფრანკფურტამდე ცოტა ხნით ადრე გაავრცელებს, დღეს კი ჩეხურმა კომპანიამ უარყო ადრე გავრცელებული ცნობა, თითქოს, პატარა ავტომობილს, რომელსაც ალბათ ჯოისტერს დაარქმევენ, კალუგაში (რუსეთი) გამოუშვებს.

 
შკოდას განცხადებით, ჯოისტერი იქნება საქალაქო სუბკომპაქტური ავტომობილი, რომელიც საშუალო მყიდველუნარიან კლიენტურაზეა გათვლილი. პატარა ავტომობილი მცირელიტრაჟიანი ძრავების გამას და თანამედროვე ტრანსმისიას მიიღებს და უსაფრთხოების აქტიური და პასიური სისტემებით აღიჭურვება. მისი სახით, სუბკომპაქტური კლასის ევროპელ ლიდერებს სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდება.
 
მართალია, ზომებით და აღჭურვილობით, ახალი ავტომობილი ახლოს იქნება პოპულარულ ჰეჩბეკ ფაბიასთან, მაგრამ მას კონკურენციას მაინც არ გაუწევს. პირველ რიგში, მათს მეტოქეობას, გაბარიტებსა და ფასთა შორის სხვაობა გამორიცხავს. შკოდაში დარწმუნებულები არიან, რომ ახალი ავტომობილი კომპანიის სამოდელო გამას ორგანულად შეერწყმება და, რაც მთავარია, გაყიდვების ზრდას შეუწყობს ხელს.
 
ახალ ავტომობილს შკოდას ბრატისლავას (სლოვაკეთი) ქარხანა გამოუშვებს და იქ წარმოებული ავტომობილები ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე გაიყიდება. მოგვიანებით, იმავე ავტომობილის წარმოებას, საკუთარი ლოგოთი და შეცვლილი გარეგნობით, ფოლკსვაგენი და სეატიც დაიწყებენ. ბოლოს კი, მისსავე ლუქს ვერსიას, სახელით A2, აუდიც გამოუშვებს. 
 
 
 ფოლკსვაგენი ულტრაეკონომიურ ავტომობილს გამოუშვებს

ერთლიტრიანი ავტომობილი, ანუ L1 ქარ – ამ სახელითაა ცნობილი კონცეპტუალური მოდელი, რომელიც ფოლკსვაგენმა ფრანკფურტის ავტოგამოფენაზე ორი წლის წინ წარადგინა. მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ამ ავტომობილს ოდესმე კონვეიერზე დადგომა ეღირსებოდა, მაგრამ არ გასულა ორი წელი და ვოლფსბურგელებმა მისი წინასერიული ვერსია მოამზადეს, რომელსაც პირველები ყატარის საავტომობილო შოუს დამთვალიერებლები მალე იხილავენ.
 
ჯერჯერობით, ყატარისთვის მომზადებული ავტომობილის შესახებ, ბევრი არაფერია ცნობილი. თუმცა ინტერნეტით გავრცელებულ ინფორმაციას თუ ვენდობით, ის ფრანკფურტში ნაჩვენები L1-ის გაუმჯობესებული (სავარაუდოდ, ჰიბრიდული) ვერსიაა. იმ ავტომობილს მართლაც განსაცვიფრებელი მახასიათებლები ჰქონდა. მისი მთავარი თვისება კი სახელწოდებაშია ასახული – L1 ერთ ლიტრს აღნიშნავს.
ჯერ ერთი, ის თითქმის ლიტრიანი (0.8 ლიტრი) TDI დიზელის ძრავითაა აღჭურვილი და 100 კილომეტრზე თითქმის 1 ლიტრ (უფრო ზუსტად კი 1.38 ლიტრ) საწვავს მოიხმარს. ძრავი სულ რაღაც 27 ცხენის ძალას (4 ათასი ბრ/წთ-ზე) და 100 ნიუტონმეტრს (1 900 ბრ/წთ-ზე) იძლევა. ამასთან, ამ აგრეგატის სპორტული მოდიფიკაციის სიმძლავრე 39 ცხენის ძალას აღწევს.
 
ავტომობილი, რომელიც სულ რაღაც 380 კილოგრამს იწონის, ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის აკრეფას 14.3 წამს ანდომებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 160 კმ/სთ-ია. ერთი კილომეტრის გავლისას, „ლიტრიანი” ატმოსფეროში მხოლოდ 39 გრამ ნახშირორჟანგს გამოჰყოფს.
ცნობილია, რომ „ლიტრიანის” ყატარული ვერსია ჰიბრიდული სისტემითაა აღჭურვილი – დიზელის ძრავის გარდა, მას ელექტროძრავიც ემსახურება. ბუნებრივია, ეს გარემოება ავტომობილის აბსოლუტურად ყველა მახასიათებელს შეცვლის. გარდა ამისა, გერმანული კომპანია აცხადებს, რომ ძარის დასამზადებლად კარბონის ბოჭკოს კომპოზიტს იყენებს, რისი წყალობითაც, ავტომობილის წონა საგრძნობლად შემცირდა.
 

კომენტარები