განათლების რეფორმა: გაორებული საზოგადოებრივი აზრი

კვლევითმა ორგანიზაცია ACT-მ ტაბულას დაკვეთით საზოგადოებაში განათლების სისტემის მიმართ დამოკიდებულება გამოიკვლია. მათ გასული წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში ქვეყნის დიდ ქალაქებში 16 წელს ზემოთ 1200 რესპონდენტი გამოკითხეს. კვლევის მიზანი იყო, შეეფასებინა: განათლების სფეროში გატარებული რეფორმები, სწავლების ხარისხი უნივერსიტეტებსა და სკოლებში, საჯარო სკოლებში ალტერნატიული სახელმძღვანელოების არსებობის აუცილებლობა. მათ უნდა დაესახელებინათ საჯარო სკოლებში სახელმძღვანელოების შერჩევასა და  ბიუჯეტის დამტკიცებაზე პასუხისმგებელი დაწესებულებები. გამოკითხულებს ასევე ჰკითხეს, თუ ვის წინაშე უნდა იყოს სკოლა ანგარიშვალდებული და რა უფრო მნიშვნელოვანია: სკოლის დამთავრების შემდგომ ნასწავლი ფორმულებისა და ტექსტების ცოდნა, თუ მათი პრაქტიკულად გამოყენება.

კვლევა  წინააღმდეგობრივ დამოკიდებულებებს ასახავს. ერთი მხრივ, მოსახლეობა განათლების ცენტრალიზებულ სისტემას უჭერს მხარს – მათთვის სასურველი დაწესებულება, რომელიც საჯარო სკოლებში სასწავლო სახელმძღვანელოებს შეარჩევს და დაამტკიცებს სკოლის ბიუჯეტს, განათლების სამინისტროა. გარდა ამისა, გამოკითხულთა  უმრავლესობა მიიჩნევს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ერთ მოცემულ საგანში მხოლოდ ერთი სახელმძღვანელოთი უნდა სწავლობდნენ. უმრავლესობა თვლის, რომ საჯარო სკოლები ანგარიშვალდებულები სამინისტროს წინაშე უნდა იყვნენ.

მეორე მხრივ, გამოკითხულები დეცენტრალიზაციის რეფორმის შედეგებსაც იწონებენ. დიდი ნაწილი სკოლებში სამეურვეო საბჭოების დანერგვას წარმატებულად მიიჩნევს. თავის მხრივ კი, ეს საბჭოები სკოლების დამოუკიდებლად სამართავად შეიქმნა. გამოკითხულთა დიდმა ნაწილმა წარმატებულად შეაფასა საბჭოს მიერ დირექტორების არჩევაც. გარდა ამისა, უმრავლესობამ ხაზი გაუსვა იმას, რომ მოსწავლისთვის უფრო მნიშვნელოვანი მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებაა, ვიდრე ბევრი ტექსტის, ფორმულისა და ფაქტის ცოდნა. ეს კი ცენტრალიზებულ სისტემაში  ნაკლებად მიიღწევა.

სტრატეგიისა და განვითარების ცენტრის ექსპერტ ზურაბ ჯაფარიძის თქმით, კვლევით ნაჩვენები განწყობა, რომ მოქალაქეებს განათლების ცენტრალიზებული სისტემა მოსწონთ, მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს მოქალაქეების ფსიქოლოგიაში ჯერ კიდევ მყარად არის გამჯდარი საბჭოთა სოციალისტური წარმოდგენები განათლების სისტემის და, ზოგადად, მთავრობის როლის შესახებ.

განათლების ექსპერტი სიმონ ჯანაშია კი ამბობს, რომ ისინი ვერ აკავშირებენ განათლების პოლიტიკის შედეგებს საკუთარ მიზნებთან. მას მაგალითად მოჰყავს ის, რომ გამოკითხულთათვის ფაქტობრივ ცოდნაზე მნიშვნელოვანი მისი პრაქტიკაში გამოყენების უნარები აღმოჩნდა და, ამავე დროს, ყველაფერზე პასუხისმგებლობას ცენტრალურ ხელისუფლებას აკისრებენ.

კვლევაში განათლების სფეროში გასული წლის ორი ყველაზე ხმაურიანი მოვლენა –  სკოლებში მანდატურების შესვლა და ინგლისურენოვანი პედაგოგების ჩამოყვანაცაა შეფასებული.  უკანასკნელი რეფორმა გამოკითხულთა 34%-მა წარმატებულად, ხოლო 37%-მა წარუმატებლად მიიჩნია დანარჩენი ან ნეიტრალურადაა განწყობილი, ან არ ისურვა პასუხის გაცემა. საერთო ჯამში, მანდატურების სისტემის ამუშავება უფრო წარმატებულად (43%) შეფასდა, ვიდრე წარუმატებლად (23%). ის მეტი მხარდაჭერით რეგიონებში სარგებლობს – იქ, სადაც სისტემა მხოლოდ ნაწილობრივ ამუშავდა. დედაქალაქში თუ მხარდაჭერის მაჩვენებელი 37%-ია, რეგიონებში ის 58%-ს აღწევს. 

მხარდაჭერით სარგებლობს მასწავლებელთა სერტიფიცირების პროგრამაც. მას განათლების სისტემაში სხვადასხვა წელს გატარებული რეფორმების შესაფასებელ ხუთბალიან შკალაზე ყველაზე დადებითი შეფასება აქვს მიღებული. ამ შკალაზე მას სკოლების კომპიუტერიზაციის პროგრამა და ერთიანი ეროვნული გამოცდები მოჰყვება. აქ ყველაზე ნაკლებად წარმატებულ რეფორმად ინგლისურენოვანი პედაგოგების ჩამოყვანას ასახელებენ.

ზოგადად, განათლების რეფორმის პირველ ეტაპს, რომელიც სისტემის დეცენტრალიზაციისა და ლიბერალიზაციისკენ იყო მიმართული, გამოკითხულთა 17% პოზიტიურად, ხოლო 39% ნეგატიურად აფასებს. სისტემის ცენტრალიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯები კი – რეფორმის მეორე ეტაპზე, ბოლო 2 წლის განმავლობაში მიმდინარე პროცესები – 37%-სთვის აღმოჩნდა მოსაწონი 26%-ის წინააღმდეგ. შესაბამისად, გამოკითხულთა 44 პროცენტი თვლის, რომ რეფორმის მეორე ეტაპზე სკოლებში განათლების ხარისხი გაუმჯობესდა, პირველ ეტაპზე კი ანალოგიური მაჩვენებელი 19%-ია. ხოლო უნივერსიტეტების შემთხვევაში პროცენტები პირველ და მეორე ეტაპზე ასე ნაწილდება – 20% და 39%.

სიმონ ჯანაშიას თქმით, ეს გვიჩვენებს იმ ტენდენციას, თუ როგორ არის შემცირებული განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების მხარდაჭერა. მას მაგალითად მოჰყავს 2007 წელს BCG-ს მიერ ჩატარებული კვლევა, სადაც მაშინდელ რეფორმებს 65%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა. მისი თქმით, ხელისუფლების აგიტაციამ, რომ ის არ ვარგოდა, რაც 2004-07 წლებში მუშაობდა, იმოქმედა საზოგადოების განწყობაზე და ახლა ამ რეფორმებს დაბალი შეფასება აქვს. თუმცა, მაღალი მხარდაჭერა არც მიმდინარე ცვლილებებს აქვს. გარდა ამისა, ის ამბობს, რომ კიდევ ერთი წინააღმდეგობა განათლების ხარისხის შეფასებასთან დაკავშირებით იკვეთება – თუ წინა წლებში რეფორმა არასწორად მიმდინარეობდა, მაშინ საიდან მოვიდა განათლების ხარისხის გაუმჯობესება?! მისი აზრით, ადამიანები, უბრალოდ ემოციურ დონეზე მსჯელობენ, რაც მხოლოდ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით მიღებულ ინფორმაციასა და პირად გამოცდილებას ეფუძნება.

აღსანიშნავია, რომ განათლების სისტემის თითქმის ყველა რეფორმა, რეგიონებში დედაქალაქზე უფრო მეტი მხარდაჭერით სარგებლობს.  

კომენტარები