საქართველოს მოქალაქეები ეგვიპტიდან დაბრუნებას ითხოვენ

 ეგვიპტის საკურორტო ქალაქებში, შარმ-ელ-შეიხსა და ჰურგადაში  მყოფი ქართველი ტურისტები ტურების შეწყვეტას და სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ. ინფორმაცია ამის შესახებ დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა. საგარეო უწყების პრეს სამსახურის უფროსმა, ია მახარაშვილმა ”ტაბულას” განუცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დასაბრუნებლად დახმარების აღმოჩენის მიზნით ეგვიპტეში საქართველოს საელჩოს მიმართავენ. საგარეო უწყების პრეს სამსახურმა დაადასტურა, რომ ქართველი ტურისტები მარადიორებს უფრთხიან და ამიტომ სურთ დასვენების შეწყვეტა. ეგვიპტეში საქართველოს საელჩოდან მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის გამოცხადებას არ გეგმავს.

”რაიმე საგანგებო ვითარება საქართველოს მოქალაქეთა დაბრუნების კუთხით, ჩვენი საელჩოს მონაცემებით, ამ ეტაპზე არ არის.  ეგვიპტე-სტამბული-თბილისის მიმართულებით ავიარეისებს ახორციელებს თურქეთის ავიახაზები. მათი რეისები გადატვირთულია და ბილეთების შოვნა ჭირს. ავაირეისებს შალმ-ელ-შეიხიდან ახორციელებს აირზენაც,” განაცხადა მახარაშვილმა. მან დასძინა, რომ  ეს რეისები სრულიად საკმარისია საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში დასაბრუნებლად. ”ისეთი ვითარება, რომ საქართველოს მოქალაქეებს დაბრუნება სურთ და ვერ ბრუნდებიან, ამ დროისთვის არ არის,” აღნიშნა მახარაშვილმა. მისი თქმით, ეგვიპტეში მყოფი 25 სტუდენტიდან სამშობლოში 23 დაბრუნდა, ორმა კი დაბრუნება არ ისურვა.

ავიაკომპანია აირზენას საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ნინო გიორგობიანის განცხადებით, აირზენა პირდაპირ რეისებს შარლ-ელ-შეიხიდან თბილისის მიმართულებით კვირაში ერთხელ ასრულებს. მისი თქმით, თუ საჭირო გახდება კომპანია მზად არის ეგვიპტის მიმართულებით დამატებით რეისიც განახორციელოს. ”თუ ამის საჭიროება შეიქმნება და სახელმწიფო ან ტურ-ოპერატორები მოგვმართავენ, ჩვენ დამატებით რეისებს განვახორციელებთ. მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერჯერობით ამის საჭიროება არ არის. უფრო მეტიც ორშაბათს, ეგვიპტეში, მიუხედავად იმ ინფორმაციისა, რაც ამ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე  ვრცელდება, საქართველოდ 14 ადამიანი გაფრინდა დასასვენებლად,” განაცხადა გიორგობიანმა ”ტაბულასთან”  საუბარში.  

კომენტარები