გრძელვადიანი პაემანი მსჯავრდებულებს დღე-ღამეში 60 ლარი დაუჯდებათ

პატიმრობის შესახებ კოდექსში ცვლილებები შედის. სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრმა,  ხათუნა კალმახელიძემ  დღეს პარლამენტის  ადამიანის უფლებათა დაცვის და იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო  კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე წარმოადგინა  კანონპროექტი პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილებების შესახებ, რომელიც გრძელვადიანი პაემნების შემოღებას ითვალისწინებს.

წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, გრძელვადიანი პაემანი 24 საათიანი იქნება და 60 ლარი ეღირება. ღია ტიპის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულებს გრძელვადიანი პაემნებით სარგებლობა წელიწადში ორჯერ, ხოლო წახალისების მიზნით სამჯერ,  არასრულწლოვანებს კი წელიწადში სამჯერ და, წახალისების მიზნით ოთხჯერ შეეძლებათ. 24 საათიანი პაემნით სარგებლობის უფლება ექნებათ უვადოდ თავისუფლებააღკვეთილ პატიმრებსაც. თუმცა იმ პატიმრებს, რომლებიც საკარანტინო რეჟიმში იმყოფებიან,  გრძელვადიანი პაემნის უფლება არ მიეცემათ.  გრძელვადიანი პაემნით ვერ ისარგებელებენ  დახურული ტიპის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულებიც, გარდა უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პატიმრებისა.

სასჯელაღსრულების მინისტრის განცხადებით, გრძელვადიანი პაემნებისთვის აშენდება  3-ვარსკვლავიანი ტიპის სასტუმროები, სადაც პატიმრებს ექნებათ სამჯერადი კვება, ხოლო მცირეწლოვანი ბავშვებისთვის მოეწყობა სათამაშო მოედნები. კალმახელიძის თქმით, თითოეულ შენობას საკუთარი ეზოც ექნება. სამინისტროს ცნობით, ასეთი სასტუმროების მშენებლობა უკვე დასრულდა  არასრულწლოვანთა მე-11 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რუსთავის მე-6 საპყრობილეში და რუსთავის მე-16 დაწესებულებაში, ხოლო ასეთი ტიპის სასტუმროების მშენებლობა ყველა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში 2012 წლისთვის დასრულდება. 

ოპოზიციის წარმომადგენლებმა სამინისტროს ინიციატივა გააკრიტიკეს. დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ განაცხადა, რომ გრძელვადიანი პაემნისთვის დაწესებული გადასახადი - 60 ლარი ”ძალიან ძვირია.”  "გასაგებია, რომ გრძელვიადიანი პაემნების მომსახურება ძვირი ჯდება, თუმცა იქნება დაგვეშვა გამონაკლისი და იმ ოჯახებისთვის, რომლებიც სოციალურად გაჭირვებულები არიან, მხოლოდ ცოლ-ქმრის პაემანი უფასო ყოფილიყო,"აღნიშნა ბაღათურიამ.

ხათუნა კალმახელიძის თქმით,   გრძელვადიანი პაემნები არ არის აუცილებლობა. ჟურნალისტებთან საუბრისას მინისტრმა აღნიშნა, რომ მსგავსი პაემნები ევროპულ სასჯელაღსულების დაწესებულებებშიც კი ფუფუნებად ითვლება და საკმაოდ ძვირადღირებულია. ”თუ ჩვენ ხანგრძლივ პაემნებს უფასოს გავხდით, ამ პროექტის ამოქმედების საშუალება კიდევ 10 წელიწადს არ გვექნება,” განაცხადა მან.

კომენტარები