დემონსტრაციების მეცხრე დღე - ქაიროს ცენტრი ცეცხლის ალშია გახვეული

 ანტისამთავრობო დემონსტრაციების მეცხრე დღეს ქაიროს ცენტრში, ტაჰრირის მოედანზე პრეზიდენტ ჰოსნი მუბარაქის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის შეტაკებები მოხდა. სისხლიანი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მუბარაქის ათასობით მხარდამჭერი ეგვიპტის დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე მივიდა და ბარიკადების მოწყობა დაიწყო. ტელეკომპანია სი-ენ-ენ-ის ცნობით, მუბარაქის მომხრეების ნაწილი ცხენებზე და აქლემებზე იყო ამხედრებული.

დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს მოლოტოვის კოქტეილებს, ქვებს და მეტალის ნაჭრებს ესროდნენ. უცხოური მედიის ცნობით, არიან დაშავებულები და დაღუპულები, თუმცა მათი ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტები. ტელეკომპანია სი-ენ-ენ-ის ცნობით, ქაიროს ცენტრალური ნაწილი ცეცხლის ალშია გახვეული. 

პრეზიდენტ მუბარაქის ოპონენტები აცხადებენ, რომ მუბარაქის მომხრეების რიგებში სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმული ეგვიპტის პოლიციის წარმომადგენლებიც არიან. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მუჰამედ ელ-ბარადეიმ ეგვიპტის არმიას დაპირისპირებაში ჩარევისა და სისხლისღვრის შეჩერებისკენ მოუწოდა. თუმცა, სააგენტო როიტერი იუწყება, რომ შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები დაპირისპირებას შორიდან უყურებდნენ და მხოლოდ ვერბალური მოწოდებებით შემოიფარგლებოდნენ. 

კომენტარები