მორაგბეებმა შევარდენზე ივარჯიშეს

 საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ერთა თასის უახლოესი ორი მატჩისათვის მზადება დაიწყო. რიჩი დიქსონის შეგირდები სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში დაბინავდნენ, სავარჯიშოდ კი ძირითადად შევარდენის სტადიონის ხელოვნურსაფარიან მოედანს იყენებენ.

მწვრთნელის განკარგულებაში 24 მორაგბეა, რომელთა შორის დებიუტანტები და შედარებით გამოუცდელი მოთამაშეებიც არიან. გუნდში ამჯერად ზოგიერთი ლიდერიც არ ჩამოვიდა. შოტლანდიელმა სპეციალისტმა და მისმა სამწვრთნელო გუნდმა იმ შემადგენლობას მოუყარა თავი, რომელთა გამოცდასაც აპირებს. ამის შესახებ კომენტარი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გია ნიჟარაძემაც გააკეთა: „მწვრთნელებს მოთამაშეების არჩევისას სრული თავისუფლება აქვთ მიცემული. რიჩიმ და მისმა გუნდმა ის შემადგენლობა შეკრიბეს, რომელიც საჭიროდ ჩათვალეს. უახლოეს ორ შეხვედრაში ჩვენი მიზანია გუნდი მაქსიმალურად კარგად შეთამაშდეს და ამასთან ერთად გამარჯვებებსაც მივაღწიოთ. რაც მთავარია, ახალგაზრდებსაც მიეცემათ თავის გამოჩენის შანსი. ნაკრებში ამჯერად ორი დებიუტანტია - ვახტანგ მაისურაძე და ბექა ურჯიკაშვილი. როგორც ამბობენ, ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებიათ“.

შევარდენის სტადიონზე მისულმა ჟურნალისტებმა ვნახეთ, რომ მთავარი აქცენტი დაცვით ვარჯიშებზე, ასევე რაქსა და მოლში თამაშზე იყო გადატანილი. მთელ ამ პროცესში ყველაზე აქტიური საქართველოს ნაკრების დაცვის მწვრთნელი ჯონ მაგლტონი იყო.

ამ ვარჯიშების შემდეგ ნაკრები ორ ნაწილად გაიყო. ერთი გუნდი უტევდა, მეორე კი დაცვას ამუშავებდა. რის შემდეგაც სტატიკური მდგომარეობებიდან - შერკინებიდან და დერეფნებიდან კომბინაციების დამუშავებაზე გადავიდნენ.

უკრაინასთან შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს თედო ზიბზიბაძე, რომელსაც ექიმებმა დასვენება ურჩიეს. ის გუნდს უკვე ესპანეთთან თამაშში დაუბრუნდება. საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენად დასახელებული დავით ზირაქიშვილი კი ამჯერად მხოლოდ უკრაინასთან გვეყოლება, რის შემდეგაც საფრანგეთში გაემგზავრება.

ხვალ ნაკრებს დასვენების დღე ექნება და არცერთი ვარჯიში არ ჩატარდება. პარასკევს კი უკვე მიხელ მესხის სახელობის სტადიონზე  ე.წ. კაპიტნის ვარჯიში გაიმართება და ნაკრებიც საუკრაინოდ საბოლოო სახეს მიიღებს.

თამაში მიხეილ მესხის სახელობის ლოკომოტივის სტადიონზე, შაბათს, 15 საათზე დაიწყება.

კომენტარები