პოლიტიკური სკანდალი რუსული ფულის არომატით

2011  წელი, ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში რუსული ფინანსების განაწილებასთან დაკავშირებული პოლიტიკური სკანდალით დაიწყო. საოკუპაციო რეჟიმის მიერ აფხაზეთის ოპოზიციური პარტიის ლიდერის 48-საათიანი დაკავება აფხაზეთის შიდაპოლიტიკური ძალებისთვის მნიშვნელოვანი შეტყობინება გახლდათ. სახალხო პარტიის ლიდერი იაკუბ ლაკობა, საოკუპაციო რეჟიმის პროკურატურამ, რუსეთის კონტროლის პალატის ხელმძღვანელის სერგეი სტეპაშინის წინააღმდეგ ცილისწამებაში დაადანაშაულა. დაკავებულის განთავისუფლების მიუხედავად, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრულია და აფხაზ ოპოზიციონერს 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

იაკუბ ლაკობა აფხაზური პოლიტიკური სპექტრის ერთ-ერთი ყველაზე ძველი, კოლორიტული, თუმცა მარგინალად ქცეული წარმომადგენელია. იგი ყოფილი კანონიერი ქურდის ძმა და 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი მონაწილეა. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე კი, რომელიც 2005 წლის იანვარში გაიმართა (მას შემდეგ, რაც რუსეთმა ორი მთავარი კანდიდატი – სერგეი ბაღაფში და რაულ ხაჯინბა მოარიგა), ლაკობამ 5 პროცენტამდე ხმები მიიღო. მისი სახალხო პარტია აფხაზეთის სეპარატისტული მოძრაობის სათავეებთან იდგა. მიხედავად ამისა, ამჟამად სახალხო პარტია ოკუპირებული აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში განსაკუთრებულ როლს ვეღარ თამაშობს. პარტიამ 2008 წელს კიდევ ერთ შიდაოპოზიციურ პოლიტიკურ ძალასთან – ერა (აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტია) – დადო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება. ლაკობას 2009 წელს საოკუპაციო რეჟიმის პრეზიდენტის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა არ წარუდგენია. იაკუბ ლაკობა სერგეი ბაღაფშის კლასელია. იგი პარტიის საიტზე მუდმივად აქვეყნებს კრიტიკულ წერილებს და ზოგიერთი ქართველი ანალიტიკოსი, მას აფხაზ ჟირინოვსკის უწოდებს. მორიგი სტატიის გამო მისი დაპატიმრება, გაუგებარიც იქნებოდა, რომ არა კონტექსტი, რომლის ფონზეც ლაკობა დააკავეს: რუსული ფულის გაფლანგვის შესახებ მსჯელობა ოკუპირებულ აფხაზეთში ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა აქტუალური. 2011 წელს ეს ხმები რუსეთის კონტროლის პალატის დასკვნამაც დაადასტურა. ფინანსური აუდიტის შედეგები 20 იანვარს გამოქვეყნდა. მასში ნათქვამია, რომ 2009-2010 წლებში სეპარატისტული აფხაზეთისთვის რუსეთის მიერ გაწეული 7.295 მლრდ რუბლის (დაახლოებით 244 მლნ აშშ დოლარი) ფინანსური დახმარების ფარგლებში, 346,8 მლნ რუბლის (დაახლოებით 11.5 მლნ აშშ დოლარი) ოდენობით დარღვევა გამოვლინდა.

ამ დარღვევების შესახებ განცხადება რაულ ხაჯინბას ეროვნული ერთიანობის კავშირის თანათავმჯდომარემ, საოკუპაციო პარლამენტის დეპუტატმა რიტა ლოლუამ ჯერ კიდევ 2010 წლის დეკემბერში გააკეთა. ამ ფონზე აფხაზური ოპოზიცია საგანგებოდ ელოდებოდა რუსეთის კონტროლის პალატის თავმჯდომარის, სერგეი სტეპაშინის სოხუმში ვიზიტს. ამისგან, ის საკუთარი პოზიციების გაძლიერებას ელოდა, თუმცა საწინააღმდეგო შედეგი მიიღო.

 სტეპაშინი სოხუმში კონტროლის პალატის დასკვნის გამოქვეყნებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა. მან არსებულ დარღვევებზე განაცხადა, თუმცა სერგეი ბაღაფშის ხელისუფლების კრიტიკის ნაცვლად ადგილობრივ ოპოზიციას დაესხა თავს. მან ოპოზიციის განცხადებებს უსაფუძვლო უწოდა და განსაკუთრებით აღნიშნა ის, რომ ოპოზიცია სამთავრობო აგარაკების რუსეთისადმი გადაცემას ეწინააღმდეგებოდა: “ვისურვებდი, რომ უსაფუძვლო რაღაც-რაღაცების გამოქექვის ნაცვლად ოპოზიცია კონკრეტულ, საქმიან რეკომენდაციებს იძლეოდეს... სხვა მეგობრები მოვლენ მეზობელი ქვეყნიდან და ისინი შექმნიან ოპოზიციას, რომელიც ტკბილად არ მოგეჩვენებათ”, – აფხაზური წყაროების ინფორმაციით, ასე გამოეხმაურა რუსეთის კონტროლის პალატის თავმჯდომარე აფხაზურ ოპოზიციას.

სტეპაშინის განცხადებები მოულოდნელი აღმოჩნდა აფხაზური ოპოზიციისთვის. აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმის ლიდერმა რაულ ხაჯინბამ, სტეპაშინის სიტყვები აფხაზური ოპოზიციის შესახებ შეაფასა, როგორც “შანტაჟი მუქარის ელემენტებით”.

უფრო მკაცრი იყო სახალხო პარტიის ლიდერი იაკუბ ლაკობა, რომელსაც ამ ეტაპზე არცთუ დიდი პოლიტიკური ამბიციები აქვს და შესაბამისად – რუსეთის კეთილგანწყობის მოპოვებასაც ნაკლებად ცდილობს. მან პარტიის საიტზე რუსეთის კონტროლის პალატის ხელმძღვანელს “პოლიტიკური ინტრიგანი” და “შანტაჟისტი” უწოდა. ლაკობამ კითხვები სტეპაშინის „უანგარობასთან’’ დაკავშირებითაც დასვა. საინტერესოა, რომ სტეპაშინის მეუღლე რუსული ბანკის, ვითიბის, ვიცე-პრეზიდენტია. ბანკი აფხაზეთში დაწყებულ რკინიგზის რეაბილიტაციის პროცესს აფინანსებს. სხვათა შორის, 12 მილიონის დადასტურებულად გაფლანგვის მიუხედავად, კონტროლის პალატის დასკვნის გამოქვეყნებიდან 4 დღეში, ცნობილი გახდა აფხაზეთისთვის რკინიგზის აღსადგენად დამატებით 2 მილიარდი რუბლის (დაახლოებით 67 მილიონი აშშ დოლარის) გამოყოფის შესახებ. 

აფხაზი ბლოგერები წერენ, რომ თუ აფხაზი ოპოზიცია თავისი კრიტიკული გამოხტომებით დიდი რუსული ბიზნესის ინტერესებში შეიჭრა, ლაკობას დაკავება მოულოდნელი აღარ არის. ეს გარკვეული ტენდენციის მაჩვენებელიცაა. მოვლენები ცხადყოფს, რომ ამ ეტაპზე ბაღაფშის საოკუპაციო რეჟიმმა რუსეთის კეთილგანწყობის შენარჩუნება შეძლო. ურთიერთობების დაძაბვისა და ბაღაფშის ჩანაცვლებისკენ მიმართული ოპოზიციური მცდელობა კი, შესაძლოა, ამ უკანასკნელთა დაპატიმრებითაც დასრულდეს

კომენტარები