ტყიბულის მაღაროში მეშახტეები გაიფიცნენ - მოპოვებითი სამუშაოები შეწყვეტილია

 ტყიბულში მაღაროელები გაიფიცნენ. საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, გაფიცვა დღეს დილის 6 საათზე დაიწყო. მაღაროელები ხელფასების გაზრდას და მაღაროში უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას მოითხოვენ. პირველი გაფიცვა ტყიბულის მინდელის სახელობის მაღაროს მეშახტეებმა 27 იანვარს გამართეს. სხვა მოთხოვნებთან ერთად, ისინი მაღაროში 22 იანვარს მომხდარი აფეთქების შემდეგ დაკავებული ორი პიროვნების გათავისუფლებასაც მოითხოვდნენ.

კომპანია ”საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში” აცხადებენ, რომ მაღაროელები მოთხოვნებზე ხელმძღვანელობის პასუხს არ დაელოდნენ და გაფიცვა ისე დაიწყეს. კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა, ზაზა გორდეზიანმა აღნიშნა, რომ მაღროელების ”სამართლიანი მოთხოვნები” დაკმაყოფილდება, თუმცა დასძინა, რომ ხელფასის სამჯერ გაზრდა, რომელსაც მაღაროელები მოითხოვენ, ”უმეცრებაა”.  ”ულტიმატუმს ვერ ავიტანთ,” აღნიშნა გორდეზიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას ”თუ არ იმუშავებენ, მაღაროში ძალით ვერავის ჩავიყვანთ.” მან მაღაროელების გაფიცვის ორგანიზებაში საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირები დაადანაშაულა. ”მაღაროელებს ტვინს პროფკავშირი, კერძოდ კი, ირაკლი პეტრიაშვილი ურევს ტვინს,” განაცხადა გორდეზიანმა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ, 22 იანვარს მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა მაღაროს მესაკუთრე კომპანიას დააკისრა. პროფკავშირების ხელმძღვანელმა, ირაკლი პეტრიაშვილმა 24 იანვარს განაცხადა, რომ 5-კაციანი ჯგუფი მაღაროში სწორედ ხელმძღვანელობის ზეწოლის შემდეგ ჩავიდა. პროფკავშირების ბრალდებებს საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი კატეგორიულად უარყოფს.

26 იანვარს საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, ტყიბულის მაღაროში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებელი პირები,  მინდელის სახელობის მაღაროს სამუშაო უბნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ედემ  სტურუა და ვენტილაციის სამსახურის უფროსის მოადგილე, გიორგი დევდარიანი დააკავეს.  ისინი სამთო ასაფეთქებელი სამუშაოების მიმდინარეობისას უსაფრთხოების წესების დარღვევაში არიან ეჭვმიტანილი. დანაშაული 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მინდელის სახელობის მაღაროს თანამშრომლები კი აცხადებენ, რომ დაკავებულები დამნაშავე არ არიან. მათი თქმით, მომხდარში ბრალი თავად მაღაროელებს მიუძღვით, ”რომლებმაც შახტაში აფეთქება განახორციელეს და უსაფრთხოების წესები არ დაიცვეს.” 

კომენტარები