ბორჯღალოსნები შაბათს დაიწყებენ

 საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს შაბათს, 5 თებერვალს ევროპის ერთა თასის 2011 წლის გათამაშების პირველი მატჩი ელის თბილისში, სადაც მისი მეტოქე უკრაინის ნაკრები იქნება. ზუსტად ერთი კვირის შემდეგ კი, 12 თებერვალს, ბორჯღალოსნები ესპანელებს დაუხვდებიან.

მომავალი ორი შეხვედრისათვის, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, შოტლანდიელმა რიჩი დიქსონმა 24 მორაგბე გამოიძახა. მათ შორის 2 დებიუტანტია. შერკინების მეორეხაზელი ვახტანგ მაისურაძე და 15 ნომერი ბექა ურჯიკაშვილი.

უახლოესი ორი მატჩისთვის გამოძახებულ 24-კაციან შემადგენლობაში რამდენიმე ისეთი მოთამაშე არ არის, რომელიც უკვე წლებია, ძირითადი შემადგენლობის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა - მამუკა გორგოძე, გოდერძი შველიძე, აქვსენტი გიორგაძე, დავით ქუბრიაშვილი და მალხაზ ურჯუკაშვილი.

თბილისში გასამართი ორივე შეხვედრა ვაკეში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება. ორივე თამაში 15 საათზე დაიწყება და ბილეთის ფასი 2 ლარი იქნება.

წლევანდელი ერთა თასი განსხვავებული ქულათა დარიცხვის სისტემით ჩატარდება. გამარჯვებული გუნდი 4 ქულას მიიღებს, იმ შემთხვევაში, თუ ის 4 და მეტ ლელოსაც დადებს, დამატებით კიდევ 1 პრემიალურ ქულასაც დაიწერს. წაგებულ ნაკრებებსაც შეეძლებათ ქულების მოპოვება - 4 და მეტი ლელოს დადებისთვის 1 პრემიალური ქულა, ხოლო 7 და ნაკლები ქულით წაგებისთვის - კიდევ 1 პრემიალური ქულა.

მომავალი ორი მატჩისათვის გამოძახებული მოთამაშეების სია ასეთია:

შერკინება - დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი, საფრანგეთი, 31 კეპი, 15 ქულა), ანტონ ფეიქრიშვილი (კასტრი, საფრანგეთი, 6), ირაკლი ნატრიაშვილი (სტიაუა, რუმინეთი, 29, 10), ჯაბა ბრეგვაძე (ვისოლი-ყოჩები, საქართველო, 8), ვასილ კაკოვინი (ბრივი საფრანგეთი, 8), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი, საფრანგეთი, 24, 25), ლევან დათუნაშვილი (ფიჟაკი, საფრანგეთი, 37, 10), ვახტანგ მაისურაძე (სენ ნაზერი, საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი (მასი, საფრანგეთი, 15, 5), გრიგოლ ლაბაძე (მარსეი ვიტროლი, საფრანგეთი, 62, 55), გიორგი ჩხაიძე (მონპელიე, საფრანგეთი, 43, 25), ბესარიონ უდესიანი (მაკონი, საფრანგეთი, 41, 70), ზვიად მაისურაძე (ლოკომოტივი, საქართველო, 26, 30).

 

უკანა ხაზი - ბიძინა სამხარაძე (სტიაუა, რუმინეთი, 51, 20), ირაკლი აბუსერიძე (ოსერი, საფრანგეთი, 68, 30), ლაშა მალაღურაძე (ბეზიე, საფრანგეთი, 27, 87), მერაბ კვირიკაშვილი (ფიჟაკი, საფრანგეთი, 47, 218), ლექსო გუგავა (ლელო, საქართველო, 15, 10), დავით კაჭარავა (ნიცა, საფრანგეთი, 38, 35), ირაკლი გიორგაძე (შამბერი, საფრანგეთი, 40, 16), თედო ზიბზიბაძე (პერიგო, საფრანგეთი, 52, 65), ირაკლი მაჩხანელი (მაკონი, საფრანგეთი, 43, 80), ბესიკ ხამაშურიძე (აია, საქართველო, 54, 60), ბექა ურჯუკაშვილი (ფიჟაკი, საფრანგეთი).

კომენტარები