მუბარაქის გამოსვლა დემონსტრანტებმა ფეხსაცმელების ქნევით გააპროტესტეს

რვადღიანი უპრეცედენტო ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების შემდეგ, ეგვიპტის პრეზიდენტმა, ჰოსნი მუბარაქმა მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის პოსტზე მეექვსე ვადით კენჭს არ იყრის. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტის მოსახლეობის მთავარი მოთხოვნა მუბარაქის დაუყოვნებლივ გადადგომაა, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ის ქვეყნის მეთაურად დარჩება და ამ დროს „ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის“ გამოიყენებს. 82 წლის პრეზიდენტმა, რომელიც ეგვიპტეს თითქმის 30 წელია მართავს, განაცხადა, რომ ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს. „მე მხოლოდ ეგვიპტის მიწაზე მოვკვდები,” აღნიშნა მუბარაქმა სატელევიზიო მიმართვაში.

ეგვიპტის პრეზიდენტმა მოსახლეობას მოუწოდა არჩევანი არა ანარქიის, არამედ სტაბილურობის სასარგებლოდ გააკეთონ. „ჩემი უპირველესი მოვალეობა ახლა ჩემს სამშობლოში სტაბილურობისა და უსაფრთხოების აღდგენა და ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის უზრუნველყოფაა,“ აღნიშნა მან. მუბარაქმა აღნიშნა, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებების შემცირების მიზნით კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას აპირებს.

ქაიროს ცენტრში, ტაჰრირის მოედანზე შეკრებილმა რამდენიმე ათასმა დემონსტრანტმა პრეზიდენტის მიმართვა ხმამაღალი შეძახილებით გააპროტესტა. ტელეკომპანია სი-ენ-ენ-ი იუწყება, რომ მუბარაქის განცხადებით აღშფოთებულმა მანიფესტანტებმა ფეხსაცმელები გაიხადეს და ჰაერში აიქნიეს - ფეხსაცმლის სროლა არაბულ ქვეყნებში უდიდეს შეურაცხყოფად ითვლება. „ხალხი პრეზიდენტის გასამართლებას მოითხოვს!“  - სკანდირებდნენ დემონსტრანტები. ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატმა, მოჰამედ ელ-ბარადეიმ მუბარაქის განცხადებებს „სიცრუე“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს მოსახლეობას კიდევ უფრო გააღიზიანებს. „ის ადამიანი ვინც მუბარაქს ასეთი განცხადების გაკეთების რჩევა მისცა, ძალიან შეცდა,“ განაცხადა ელ-ბარადეიმ.

ოპოზიციის წარმომადგენლები და აქტივისტები აცხადებენ, რომ საპროტესო აქციები ჰოსნი მუბარაქის გადადგომამდე გაგრძელდება. რვადღიან არეულობებს ეგვიპტეში სამასამდე ადამიანი ემსხვერპლა. 

კომენტარები